სექსუალური შევიწროება / სიახლეები

საფრანგეთში შესაძლოა სექსუალური შევიწროება დასჯადი გახდეს

საფრანგეთში ქალების მიმართ საზოგადოებრივ ადგილებში სექსუალური შევიწროება შესაძლოა დასჯადი გახდეს. საზოგადოებრივ ადგილებში ქალის მიმართ დასტვენის ან მისთვის ტელეფონის ნომრის დაჟინებული მოთხოვნის კანონით დასჯის ინიციატივით გენდერულ საკითხებში სახელმწიფო მდივანი მარლენ შიაპა (Marlène Schiappa) გამოვიდა.

“ქუჩაში მიმავალი ქალი საზოგადოებრივი საკუთრება არაა. ახლა, როდესაც ქუჩაში ქალს უსტვენენ, შეურაცხყოფენ ან ედევნებიან, ეს არ კვალიფიცირდება შევიწროებად ან თავდასხმად, რადგან ამის დამტკიცება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის გამო, აზრი არ აქვს მოძალადის წინააღმდეგ ჩივილს. ამიტომაც, აუცილებელია, ადევნებას კანონში შესაბამისი განსაზღვრება მოვუძებნოთ. ამისათვის ჯერ სიტყვიერი გაფრთხილება უნდა არსებობდეს, განმეორების შემთხვევაში კი – ჯარიმა”, – აცხადებს იგი.

კანონპროექტი დამუშავების საწყის სტადიაზეა. ქალთა უფლებადამცველები უკვე დიდი ხანია, რაც მთავრობას საზოგადოებრივ სივრცეებში სექსუალური შევიწროების აღკვეთის მიზნით შესაბამისი რეგულაციების შემოღებას სთხოვენ.

გამოკითხვების თანახმად, ქუჩაში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევიწროების მსხვერპლი საფრანგეთში მცხოვრები ყველა ქალი გამხდარა. გამოკითხულთა ნახევარი აცხადებს, რომ იძულებული იყო, მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, ჩაცმის სტილი შეეცვალა.

2015 წელს, საფრანგეთის მთავრობამ ქუჩაში სექსუალური შევიწროება განსაზღვრა, როგორც “შეურაცხმყოფელი დასტვენა, გარეგნობის შემფასებლური კომენტარები, აგრესიული და დამამცირებელი ქცევა, დაჟინებული მზერა, გადაკიდებული კითხვები სექსუალური ცხოვრების შესახებ და აგრესიული მიპატიჟებები”.

იმავე წელს, ფრანგ საზოგადოებას სარეკლამო კამპანიამ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სექსუალური შევიწროება უკანონო იყო და მთავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოძალადეების მიმართ მკაცრი ზომების გატარებას აპირებდა.