ბლოგები / სექსუალობა

სქესობრივი განათლება ანუ რისი სწავლება რყვნის თურმე ბავშვებს?

ავტორი: ნია ხაჭაპურიძე

თემა: ქალის რეპროდუქციული სისტემა

ანატომია, ანუ მოქმედი პირები

დავიწყოთ საშოთი, იმიტომ რომ ყველა ყველაფერს საშოს ეძახის მგონი

#საშო

ანუ ინგლისურად ვაგინა არის ხვრელი, გვირაბი, დერეფანი.

საშო ჰქვია მხოლოდ ხვრელს, რომელიც აქეთა გზაზე პენისს ატარებს და იქითა გზაზე – ბავშვს და სულაც ყველაფერს, რაც საშვილოსნოდან მოდის.

თუ არ არის ხვრელი – არ ჰქვია იმ ადგილს საშო და ვაგინა

იქვე #აპკი არის – თხელი ქსოვილი, რომელიც მოთავსებულია ზუსტად საშოს შესასვლელში (და არა სადმე ღრმად და დიდი მონდომების გარეშე მიუვწდომელ სიმაღლეზე. ზოგს რომ აქვს და ზოგს – არა, ეგ ცალკე თემაა).

საშოს გარეთ რაც არის, ანუ ხვრელის გარეთ რაც არის, ყველაფერს ერთად ჰქვია #ვულვა ანუ ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ერთობლიობა.

თუ იქაურობა გექავებათ და ზუსტად რა გექავებათ, ხელს ვერ დაადებთ – შეგიძლიათ თქვათ, რომ ვულვა გექავებათ. ანუ სულაც ყველაფერი.

ვულვაში შედის დიდი და მცირე სასირცხო #ბაგეები, რომელთა ყველანაირი ფორმა-ზომა-ფერი არსებობს და კანონით აკრძალულია მათი გარეგნობით დაკომპლექსება.

ვულვის ნაწილია ასევე მრავალფეროვანი #კლიტორი, რომელიც არის მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებებით სავსე ორგანო და ევალება მექანიკური სტიმულაციისას ისეთი სიამოვნების გამოწვევა, რომ სულ დაგავიწყდეთ თავის დაცვა, კონდომი, რისკი, აბორტი, ბავშვი და ყველაფერი და ტვინი გადაგეკეტოთ, რომ იქნება როგორმე დრო იხელთოს ბუნებამ და დაგაორსულოთ.

კლიტორსა და საშოს შორის მოთავსებულია – #შარდსადენის ანუ #ურეთრის გარეთა ხვრელი – რომლიდანაც შარდის ბუშტში დაგროვილი შარდი გარეთ გამოდის. თავად შარდსადენი არის სულ რამდენიმე სანტიმეტრის სიგრძისა ქალებში + განიერი (მამაკაცებში ბევრად გრძელი და წვრილია, რადგან ასოს მიჰყვება მთელ სიგრძეზე).

ამ სიგანის და სიმოკლის გამოა, რომ ბაქტერიები ადვილად ძვრებიან შიგ და შედეგად ქალებში ქვედა საშარდე გზების ინფექციები – გაურთულებელი #ურეთრიტი (შარდსადენის ანთება) და #ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება) – დიდ ამბად არ ითვლება. რამე დამატებით კვლევასაც კი არ საჭიროებს მიზეზის დასადგენად (განსხვავებით კაცებისგან, რომელთაც წესით ადვილად არ უნდა ემართებოდეთ ეგ ანთებები სიგრძის გამო).

ზოგადად, სქესობრივად აქტიურ ქალებში (განსაკუთრებით კი ახალდაწყებული სქესობრივი ცხოვრებისას) არაფერი მოულოდნელი და ტრაგიკული არაა იმაში, რომ ადგილობრივად აირდაირიოს სიტუაცია და ურეთრიტი და ცოტა ზევით ცისტიტი განვითარდეს. რა თქმა უნდა, საჭიროა მკურნალობა, რომ არ გართულდეს, კიდევ უფრო ზემოთ არ ავიდეს თირკმელებამდე და ქრონიკულში არ გადავიდეს, მაგრამ არაფერი გაუგონარი და ტრაგიკული არააა. ასევე, საკმაოდ ადვილად გადადის საშოს ინფექცია წინ, შარდსადენზე (მეტისმეტი სიახლოვის გამო).

დასკვნა: ქალებში სასქესო და საშარდე სისტემები ფიზიკურად გამოყოფილია (ორი სხვადასხვა მილი და ხვრელია), მაგრამ იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან, რომ ერთგან ბაქტერიების აბუნტებამ შეიძლება მეორეშიც გამოიწვიოს პრობლემები.

რაც შეეხებათ მამაკაცებს, სასქესო და საშარდე ფუნქციებს ერთი მილი ემსახურება – სპერმა და შარდი ერთი და იმავე მილიდან, შარდსადენიდან გამოდის გარეთ.

ნუ საშოს უკანა მხარეს რო მოთავსებულია უკანა ტანი ანუ #ანუსი ანუ ანალური ხვრელი ანუ სწორი ნაწლავის გარეთა ხვრელი, ეგ ვიცით. და ამ ადგილას რომ ბუდობს ყოველგვარი უხსენებელი ბაქტერია, ამიტომ ქალებში/გოგოებში/ბავშვგოგოებში არ შეიძლება უკნიდან-წინ გამოწმენდა და ცუდი ბაქტერიების წინ გადმოტანა, ვიცით. ასევე, ანალური სექსის დროს ნუ დაუშვებთ იმას, რომ სწორ ნაწლავში მოხვედრილი პენისი კარგად დაბანა-გასუფთავების გარეშე მოხვდეს საშოში ან ვულვის (აბა ვულვა რა არის?) მიდამოში.

საშოს და მთელ დანარჩენ აყოლებას რო სასარგებლო ბაქტერიები იცავენ თავისი შექმნილი მჟავა გარემოთი და კატეგორიულად გვეკრძალება მაგ ბაქტერიების განადგურება და შეწუხება, ეგ ცალკე აღარაა სათქმელი ისედაც ყველამ ვიცით.

ახლა შევყვეთ ხვრელს, ანუ საშოს შიგნით

საშო არის უბრალოდ გამტარი მილი, გზატკეცილი, კუნთოვანი კედლებით, რომლებსაც იმხელაზე გახსნაც შეუძლიათ, რომ ბავშვი გამოატარონ, და ისეთი ძლიერი სპაზმიც რო პენისი არ შეუშვან (მაგალითად ვაგინიზმის დროს).

#საშვილოსნოს #ყელი

საშო გადაბმულია საშვილოსნოზე და მათ შორის, საზღვარზე მდებარეობს საშვილოსნოს ყელი ანუ ცერვიქსი.

შიგნით დატანებულია პატარა ხვრელი (რომელიც მრგვალია არანამშობიარევ ქალებში და ოვალური ხდება ნამშობიარევებში – აი სადღაც პირის ფორმას იღებს – და ამით შეუძლია ექიმს, მიხვდეს, ბავშვი გაგიჩენიათ თუ არა).

აქამდე რაც ჩამოვთვალეთ, ყველგან ყველა ნაწილში, არის ჯირკვლები, რომლებიც სულ წარმოქმნიან სითხეს და ევალებათ დატენიანება, დასველება საჭიროებისას, საშოს გამორეცხვა (დიახ, თავად ირეცხება საშო, ზემოდან ქვემოთ მომდინარე სითხით და სხვის დახმარებას არ საჭიროებს) და ასე შემდეგ.

საშვილოსნოს ყელსაც აქვს თავისი ჯირკვლები, რომლებიც ოვულაციისას ისეთ გარემოს ქმნიან, რომ სპერმატოზოიდებს სულ ფეხქვეშ გაეგონ და მოიწვიონ.

ორსულობის დროს კი ისეთ სქელ ლორწოს გამოყოფენ, რომელიც საცობივით ჯდება ამ პატარა ხვრელში და ცდილობს, საშვილოსნოში არაფერი შეუშვას.

საშვილოსნოს ყელი სხვადასხვანაირი უჯრედებითაა აგებული გარეთა ნაწილში და შიგნითა ნაწილში (საშვილოსნოს ღრუს მხარეს).

გარეთები ცოტა ისეთი, ველური უჯრედებია და ტრავმას და მექანიკურ გაღიზიანებას მიჩვეულები არიან (პენისის წყალობით).

შიგნითები უფრო ნაზი ხალხია და ბამბაში გაზრდილი.

ხანდახან, ზუსტად არც ვიცით რატომ, ჰორმონების გამო მაგალითად, ეს შიგნითა უჯრედები გარეთ გამოდიან და გარეთ იწყებენ ცხოვრებას.

ამ მდგომარეობს ეწოდება საშვილოსნოს ყელის #ეროზია ანუ ექტროპიონი.

და ახასიათებს, მაგალითად, სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს, რადგანაც შიგნითა ფაფუკი უჯრედები ზიანდებიან მიუჩვეველზე

საშვილოსნოს ყელის ამ ხვრელში რომ შევძვრეთ და გავაგრძელოთ, დაგვხვდება თავად მსხალივით #საშვილოსნო

მოვალეობა – პატარა ბალღების ინკუბატორობა და 9 თვის თავზე უძლიერესი შეკუმშვების დაწყება და ბავშვის სულ წიხლით გამოგდება გარეთ.

ხასიათი – ცოტა ისტერიული (ამასობაში სიტყვა ისტერია/ისტერიკა საიდან მომდინარეობს იცით? ბერძნულად საშვილოსნო არის ჰისტერა. ადრე მიაჩნდათ რო ისტერია საშვილოსნოდან მომდინარეობდა ქალებში. კაცების დარქმეულია რა თქმა უნდა, გმადლობთ).

თვეში ერთხელ ღრმად სწამს, რომ აი ახლა მაინც, აი აუცილებლად აუცილებლად, დაორსულდება და ბავშვის გამოზრდა მოუწევს.

ამისთვის გიჟივით ემზადება მთელი ციკლის მანძილზე და ათასნაირად აფორმებს და აფუმფულებს თავის შიგნითა გარსს (ანუ ენდომეტრიუმს), რომ მზად იყოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ჩასანერგად, თუ რამეა.

მერე იგებს რო უუი, ბოდიში, კამერა გადაბრუნდა და ამ თვეში არ დავორსულდით…

რაოოოოოოოოო?! – დაიკივლებს, ვარდება სრულ ისტერიკაში და ნაწილ-ნაწილ, ფანჯრიდან ყრის ყველაფერს, რაც აქამდე გაუმზადებია.

და პერიოდულად ისტერიულ სპაზმებს იძლევა, რო ოთხად მოგკეცოთ.

ამ ისტერიკას #მენსტრუაციას ანუ ინგლისურად პერიოდს ვუწოდებთ.

და ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ უბრალოდ წყალივით სისხლი კი არ გამოდის ამ დროს გარეთ, პატარ-პატარა ნაფლეთები მოჰყვება – დიახთ, საშვილოსნოს შიდა გარსის ნაწილები

მთელი ციკლი რომ ამზადა და ალამაზა და ახლა გაბრაზებულზე ნაკუწ-ნაკუწ გარეთ ყრის.

თუმცა, ისტერიულთან ერთად ასევე არის უკიდეგანო ოპტიმისტი და მორჩება თუ არა მენსტრუაცია, მეორე დღესვე ისევ ისე მტკიცედ სჯერა, რომ აამ თვეში აააუცილებლად, აუცილებლად დაორსულდება.

ისევ დგება კარგ ხასიათზე და და ისევ ღიღინ-ღიღინით იწყებს ენდომეტრიუმის გაფორმებას და მომზადებას საკვერცხუჯრედოდ

საშვილოსნოს კიდევ ზევით რომ ავყვეთ, აქეთ-იქით აქვს ორი ხვრელი, რომლებითაც იწყება #საშვილოსნოს ანუ #ფალოპის #მილები

მარჯვენა და მარცხენა და ამ მილებს ბოლომდე რო გავუყვეთ და ვიაროთ მოვხვდებით, სად? საკვერცხეში?

არა,

ბრაგვანს გავადენთ შიგ მუცლის ღრუში

პირდაპირ მუცლის ღრუში იხსნებიან. საკვერცხეებიც იქვეა, მაგრამ ზედ დაწებებულები არ არიან.

ამ მილების მთავარი ფუნქციაა კვერცხუჯრედის გამოტარება საკვერცხიდან და კიდევ – სპერმის გატარება.

დიახ, სპერმატოზოიდები ადიან საშვილოსნოს მილებამდე და უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ იქვე ანაყოფიერებენ კვერცხუჯრედს, სადღაც მილის შუაში, და არა საშვილოსნოში.

ეს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ანუ ზიგოტა, მერე წამოვა ნელ-ნელა, თან იყოფა, თან მოსეირნობს ამ მილში.

ჩამოვა საშვილოსნოში და განაყოფიერებიდან 5-10 დღეში ჩაინერგება და აქედან იწყება ორსულობა (თუ არ ჩაინერგა, გამოირეცხება გარეთ მენსტრუაციის დროს და ეს აბორტად არ ითვლება, სრულიდ ჯანმრთელ ქალშიც შეიძლება, მოხდეს).

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მილი იყოს კარგი გამტარი: ჯერ სპერმამ გაიაროს და მერე – განაყოფიერებულმა კვერცხუჯრედმა გამოიაროს უპრობლემოდ და გზაში არ გაიჭედოს, თორემ იქვე ჩაინერგება და საშვილოსნოსგარე ორსულობა განვითარდება, რაც დროზე მიუხედაობის შემთხვევაში მთავრდება იმით, რომ მილშივე იზრდება იზრდება ჩანასახი და ბოლოს ხეთქავს ამ მილს და მერე რა თქმა უნდა, საშიშია ძალიან

#საშვილოსნოსგარე ორსულობა რა თქმა უნდა, 100% შემთხვევაში უნდა შეწყდეს, მილში ნაყოფი ვერ გაიზრდება და ვერც სხვაგან გადაიტან და ჩასვამ.

ამიტოა მნიშვნელოვანი, რომ ინფექციები და ანთებები თავის ნებაზე არ მივუშვათ და მილებამდე არ ავიდნენ.

განსაკუთრებით #ქლამიდიას ახასიათებს მილების ანთება და მერე შიგ ნაწიბურების, ტიხრების გაჩენა.

ხოლო მილების მერე, როგორც ვთქვით, ზედ მიწებებულად არა, მაგრამ იქვეა #საკვერცხეები რომლებსაც ევალებათ კვერცხუჯრედის წარმოქმნა (უფრო სწორად, ბავშვი რომ იბადება, გოგო, ყველა კვერცხუჯრედი უკვე აქვს, რაც ოდესმე ექნება. მერე უბრალოდ მომწიფებაღა ხდება).

მოკლედ, საკვერცხეში მიმდინარეობს კვერცხუჯრედის მომწიფება –

სპეციალურად შეფუთულის – ფოლიკულაში ჩასმულის – რომ არ შესცივდეს.

და მერე, თვეში ერთხელ, ციკლის შუა პერიოდში ამ კვერცხუჯრედის ფოლიკულიდან გამოძრომა და საშვილოსნოს მილში ჩახტომა, რომ სპერმატოზოიდთან პაემანზე წავიდეს.

ამ მოვლენას, ანუ კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას ეწოდება #ოვულაცია და ხდება ციკლის შუა ნაწილში, მენსტრუაციის დაწყებიდან მე-10-15 დღეს, ან შემდეგ მენსტრუაციამდე 2 კვირით ადრე.

წესით, თვეში ერთი კვერცხუჯრედი მწიფდება და ერთი გამოთავისუფლდება, მაგრამ რამდენიმეც შეიძლება (არაერთნაირ ტყუპებს ხომ იცნობთ ყველა? – ჰოდა ეგენი არიან ერთდროულად მომწიფებული, გამოთავისუფლებული და განაყოფიერებული კვერცხუჯრედების შედეგები).

საკვერცხეებს ასევე ევალებათ ჰორმონების გამოყოფა, რომლებზეცაა დამოკიდებული მთელი ამ ციკლის დღეების, ოვულაციის, მენსტრუაციის და ყველაფრის დირიჟორობა და ვადები.