ბლოგები

უუფლებო დედა – უუფლებო შვილი, უუფლებო ქალი – უუფლებო ბავშვი

ესმა გუმბერიძის ბლოგი

ჩემს ერთ ნაცნობს, რომელთან ერთადაც აქტიურად ვმუშაობ სხვადასხვა საკითხებზე, ასეთი რამ შეემთხვა. იმ სკოლის მასწავლებელმა, სადაც მისი ბავშვი დადის, მას სთხოვა, გასაუბრებოდა ერთ–ერთი ბავშვის დედას, რადგანაც იმ ბავშვს აუტიზმი აქვს, აქვს გარკვეული დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროებები, და შესაბამისად, საჭიროებს ინდივიდუალურ (მასზე მორგებულ) სასწავლო გეგმას, რეაბილიტაციას, შეიძლება, სპეციალურ მასწავლებელსაც – მაშასადამე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსს.

ცალკე საკითხავია, მასწავლებელმა, სკოლაში დასაქმებულმაპროფესიონალმა, რატომ არ მოინდომა, თავად გასაუბრებოდა დედასა და სკოლის ხელმძღვანელობას. არადა,დასახელებული ბავშვი მისი მოსწავლეა. ბავშვის  საჭიროებებზე საუბარი სწორედ მისი ინტერესის დაცვა იქნებოდა მასწავლებლის მხრიდან, მითუმეტეს, რომ მისი სპეციალური საჭიროებების გამო,ბავშვთან ეს მასწავლებელი სრულფასოვნად ვერ მუშაობს და სასურველ შედეგს ვერ აღწევს შესაბამისი მხარდაჭერის (სპეც. მასწავლებელთან თანამშრომლობის, კონკრეტულად იმ ბავშვზე მორგებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის/პროგრამის არსებობისა და შშმ ბავშვთან ურთიერთობის კუთხით გადამზადების) გარეშე.თუმცა, ეს ალბათ უკვე სხვა ბლოგის, სხვა განხილვის საგანი შეიძლება, იყოს.

ჩემმა ნაცნობმა მოუხსნა მასწავლებელს პოტენციურად უხერხულ და არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩავარდნის საფრთხე და გაესაუბრა ახალგაზრდა დედას. ბავშვს აუტიზმი მართლაც აქვს. დედას ორი შვილი ჰყავს. 15 წლის რომ იყო, მაშინ გაათხოვეს მშობლებმა თავიანთი გადაწყვეტილებით, გოგონას მხრიდან რაიმე ინიციატივის გარეშე, რის გამოც მან სკოლაც კი ვერ დაამთავრა. თავის დროზე, ბავშვების ბაღში წასვლაზე რომ მიდგა საქმე, ქმარმა უთხრა, აუტიზმის მქონე ბავშვი ბაღში არ მიეყვანა. ცოლმაც დაუჯერა. შემდეგ ქმარმა მიატოვა, დაშორდა, განქორწინდნენ (სავარაუდოდ, იმ 1 შვილის შეზღუდული შესაძლებლობის გამო); აუტიზმის არმქონე შვილი ქმარმა თან წაიყვანა, აუტიზმის მქონე – ცოლს, ბავშვის დედას, დაუტოვა. დედა–შვილი ახლა დედის მშობლებთან ცხოვრობენ. ჩემი ნაცნობის თქმით, მას დამოუკიდებლობისკენ ყოველგვარი გზა მოჭრილი აქვს.

აუტიზმის მქონე ბავშვის ახალგაზრდა დედა უკეთ რომ დაეკვალიანებინა, ჩემი ნაცნობი აუტიზმის მქონე მშობელთა დახურულ ფეისბუკ ჯგუფში დაემატა; გამოიკითხა, იმ კონკრეტულ დასახლებაში 7–8 წლის ბავშვს რა პროგრამებში შეუძლია ჩართვა სკოლაში და სკოლის გარეთ; როგორ რეაბილიტაციაში, ფსიქოლოგთან ვიზიტებში, დღის ცენტრის მომსახურებაში; საგანმანათლებლო სისტემაში როგორ მოიპოვოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი. ყოველივე ეს შემდეგ ბავშვის დედას უთხრა. ისიც უთხრა, რომ თუ ბავშვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსსაც გაუკეთებს, რომელიც არ ჰქონდა, ყოველთვიურ შემწეობას, ე.წ. „პენსიასაც“ მიიღებს ბავშვი. ახალგაზრდა დედა სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივ ფილიალში მისვლაზეც დაიყოლია და თვითონაც გაყვა, ადგილზევე პირველწყაროდან რომ გაერკვიათ ყველაფერი ერთად. თუმცა ქალმა დამატებით 15 წუთით რიგში დალოდებაზე უარი თქვა, სახლში მელოდებიანო. ბავშვისთვის წიგნის/რვეულის საყიდლად ვერ მიდიოდა თავისი დასახლებიდან, სახლიდან ამდენი ხნით ვერ წავალო. ჩემი ნაცნობის ვარაუდით, სახლიდან მკაცრად დადგენილზე დიდი ხნითა და მოშორებულ მანძილზე გასვლის შემთხვევაში ოჯახში პრობლემები ექმნება.

ჩემი ნაცნობი არ დანებდა. ბავშვის დედის გარეშე მაინც გაარკვია, თუ როგორ უნდა გაეკეთებინა დედას ბავშვისთვის შშმ პირის სტატუსი და შემდეგ დღეს, ყველაფერი აუხსნა. ქალმა კი უპასუხა, რომ სანამ გადაწყვეტდა, ბავშვი კიდევ დღის ცენტრში ეტარებინა, შშმ პირის სტატუსი გაეკეთებინა და განათლების ინკლუზიურ პროგრამაში ჩაესვა, ჯერ თავის მამას, ბავშვის ბაბუას, უნდა ჰკითხოს აზრი, რომლის სახლშიც ცხოვრობს ქმართან განქორწინების შემდეგ. ბაბუამ შვილიშვილის ინკლუზიური სწავლების პროგრამაში ჩასმაზე, მისთვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებაზე, მის სხვა, სკოლის გარეთ არსებულ სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვაზე უარი თქვა: არ ღირსო, ასე უთხრა თავის ქალიშვილს. ისიც დაემორჩილა. ბავშვს დღემდე არ აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და ვერ იღებს მისთვის საჭირო მომსახურებას სკოლაში და მის გარეთ, რაც მის განვითარებას შეუწყობდა ხელს.

ჩვენს ქვეყანაში დღემდე ხშირად ამბობენ, რომ ქალის მთავარი მოვალეობა, მისი ფუნქცია, როლი, ცხოვრების აზრი, უნდა იყოს არა საზოგადოებრივი საქმიანობა, არა საჯარო აქტივიზმი, არა საკუთარი უფლებების დაცვა, არამედ – შვილებზე ზრუნვა, მათი ღირსეული აღზრდა და გაზრდა. თუმცა, ამ ბლოგში, მოთხრობილიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უუფლებო, სხვებზე დამოკიდებული, განათლების არმქონე ქალი ვერც სხვას, თუნდაც საკუთარ შვილს, ვერ განავითარებს, ვერ გააძლიერებს, წინ ვერ წაწევს, ვერ გამოესარჩლება, ვერ დაიცავს მის უფლებებს.

იმ ქალის მიმართ წლების განმავლობაში განგრძობადი სისტემური ჩაგვრა მძიმედ ისახება მის შვილზეც. ამ ქალს ბავშვობიდანვე ხმა ჩამოერთვა არამხოლოდ საკუთარ თავთან, არამედ შვილებთან მიმართებაშიც. 15 წლის ასაკში ხომ გაათხოვეს სურვილის გარეშე, ხომ არ მიეცა სკოლის დამთავრების საშუალება, ხომ აქვს, უკვე სრულწლოვანების მიუხედავად, შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება. მაგრამ ყველაფერი ეს მის შვილსაც ერგო მემკვიდრეობით, მის შვილსაც გადაედო, შვილსაც ეზღუდება განათლების, განვითარებისა და სხვა უფლებები იმის გამო, რომ მის დედას არ ძალუძს, წინ აღუდგეს მამას, რომლის სახლშიც ცხოვრობს, რომელიც მას არჩენს და რომლის იქითაც, სავარაუდოდ, წასასვლელი არსად აქვს.