გუშინ, მწერალთა სახლში, პროექტ “ფემინისტური დიალოგის” ფარგლებში, “საფარმა” შემაჯამებელი საღამო გამართა.
მკვლევარმა აია ბერაიამ იმ ტენდენციების ანალიზი წარმოგვიდგინა, რომელიც იმავე პროექტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე “თაობათშორისი დიალოგი ფემინისტურ წარმატებასა და წარუმატებლობაზე”, გამოიკვეთა. საქართველოში ფემინისტური მოძრაობის მიღწევებისა თუ მარცხების გასაანალიზებლად, მკვლევარმა ანალიტიკურ სტატიაში “ფემინისტური მოძრაობა საქართველოში: თაობები, იდეოლოგიები და ბრძოლა ავტონომიისთვის”, სხვადასხვა თაობის ფემინისტების მიერ წამოჭრილ პრობლემებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, შეიქმნა და გამოიცა კრებული “ფემინისტური დიალოგი”, რომელიც თავად ფემინისტებს შორის კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი თორმეტი მონაწილის “ფემინისტური დღიურებისგან” შედგება. გუშინდელ საღამოზე, აუდიტორიას თავიანთი დღიურებიდან ამონარიდები წაუკითხეს ფემინისტმა აქტივისტებმა ფატიმა რომანოვამ, ალა პარუნოვამ, ნუკრი ტაბიძემ. ასევე, “დღიურების” ავტორებს ჯილდოები გადაეცათ.
საღამოს დასკვნით ნაწილს თავისუფალი ფორმატი ჰქონდა: დარბაზში მყოფ აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცა, სამ მრგვალ მაგიდასთან გადანაწილებულიყო და საქართველოში ფემინისტური მოძრაობის უფროსი თაობის წარმომადგენლებთან – ნანა ბერეკაშვილთან, ჩარიტა ჯაშთან და მარინა თაბუკაშვილთან ერთად ესაუბრა ფემინიზმთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
პროექტი განხორციელდა “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით.