ფილიპინებზე, კომპანიებს საკუთარი თანამშრომელი ქალებისთვის სამსახურში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების იძულება აეკრძალათ. ამასთან დაკავშირებით, გუშინ ადგილობრივმა პროფკავშირებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ფილიპინები მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ამიერიდან ქალის უფლებები ამ კუთხითაც დაცული იქნება.
პროფკავშირების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს წესი მას შემდეგ შემოიღეს, რაც პროფკავშირებში ოთხი ქალის საჩივარი შევიდა. პროფკავშირებმა ეს საქმე ხელისუფლებას გადასცა, რის შემდეგაც, შრომის დეპარტამენტმა სექტემბრის დასაწყისში სამთავრობო დადგენილება გამოსცა, ხოლო პროფკავშირებმა კი განაცხადა, რომ იგი ოფიციალურად ძალაში 29 სექტემბრიდან შევა.
ფილიპინების პროფკავშირების კონგრესის წარმომადგენელი ალან ტანიუსაი (Alan Tanjusay), რომელიც დასახელებული ცვლილებების ინიციატორი იყო, აცხადებს, რომ ეს ძალისხმევა ქალებს სექსისტური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხო თუ არაუსაფრთხო პირობების მონობისგან ათავისუფლებს, ამის შედეგად კი ბიზნესს უფრო პროდუქტიულს გახდის.
მისივე თქმით, ფილიპინები მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქალებისთვის ზოგიერთ სამსახურში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების ვალდებულებას ეროვნული მასშტაბის აკრძალვა დაადო. ამა წლის აპრილში, მსგავსი ბრძანება გამოიცა კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში. მან ასევე აღნიშნა, რომ „მაღალი ქუსლების ტარების პოლიტიკა“ ფილიპინებზე ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა სარესტორნო ბიზნესი, ავიაგადაზიდვები და სასტუმროები.
წყარო: telegraph.co.uk