დისკრიმინაცია

ქალები ხელფასის მომატებას კაცებზე არანაკლები სიხშირით მოითხოვენ, თუმცა ნაკლები წარმატებით

გავრცელებული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ქალებს სამუშაო ანაზღაურება კაცებზე ნაკლები იმიტომ აქვთ, რომ მათნაირი მომთხოვნები არ არიან, სიმართლეს არ შეესაბამება.

ბრიტანელი სოციოლოგების მიერ ახლახან ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ ხელფასის მომატებას ქალებიც კაცებისნაირად დაჟინებით მოითხოვენ, თუმცა გაცილებით ხშირად იღებენ ამაზე უარს, ვიდრე კაცები.

ვარვიკისა და ვისკონსინის უნივერსიტეტების ერთობლივ კვლევაში მასალად 4600 დასაქმებული ქალისა და კაცის შემთხვევაა განხილული.

კვლევის ფარგლებში, ერთმანეთს ცალ-ცალკე შეადარეს როგორც სრულ, ასევე არასრულ განაკვეთზე მომუშავე კაცებისა და ქალების ხელფასები. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ არასრული დატვირთვით მომუშავე პერსონალი ხელფასის მომატებას შედარებით იშვიათად მოითხოვს.

კვლევის თანახმად, კაცების შემთხვევაში ხელფასის მომატების ალბათობა 25% პროცენტით მაღალი იყო, ვიდრე ქალების შემთხვევაში.

კვლევის ავტორები ასევე იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სრულიად მცდარია გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს ქალები კაცებთან შედარებით ნაკლები ენთუზიაზმით მოითხოვენ ხელფასის მომატებას, რადგან საკუთარი უფროსის განაწყენება არ სურთ, ან ქალის სტერეოტიპული როლი ამის მორალურ უფლებაში ზღუდავთ.

კვლევის შედეგების ანალიზისას, სოციოლოგებმა გაითვალისწინეს კონკრეტული ორგანიზაციების მასშტაბი, დარგის სპეციფიკა, მომუშავეთა კვალიფიკაცია და ბავშვების ყოლის პირობა.

ანალიზს საფუძვლად ავსტრალიაში 2013-2014 წლებში ჩატარებული შრომითი ურთიერთობების კვლევა დაედო. ავსტრალია მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სისტემატურად აღირიცხება მონაცემები იმის შესახებ, მოითხოვენ თუ არა დასაქმებული ადამიანები ხელფასის მომატებას, აგრეთვე მათი მოთხოვნების შედეგები. ვარვიკის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი ენდრიუ ოსვალდი (Andrew Oswald) აცხადებს, რომ კვლევის შედეგებით გაოცებულია.

„გავრცელებული თეორიაა, რომ ხელფასის მომატებას ქალები კაცებზე იშვიათად მოითხოვენ. ქალებს ხშირად გულწრფელად სწამთ, რომ ამის არანაირი მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს. კვლევის შედეგების გაცნობისას, იძულებული ვარ, ვაღიარო ქალების მიმართ არსებული სუფთა დისკრიმინაციის გარვეული ელემენტის არსებობა. შესაძლოა, ავსტრალია რაღაც განსაკუთრებული ქვეყანა იყოს, მაგრამ თანამედროვე ეკონომიკის თვალსაზრისით, იგი დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ისგან დიდად არ განსხვავდება“, – ამბობს პროფესორი. მისი ვარაუდით, ხელფასის მომატების მოსურნე და ამაზე უარის მიმღები კაცები ამ ფაქტს მალავენ, ხოლო ქალები ამას ერთმანეთში ხშირად განიხილავენ.