ბლოგები / ეკონომიკაshe

ქალთა უფლება საკუთრებაზე და მისი მოპოვების რეალური შესაძლებლობა

ესმა გუმბერიძის ბლოგი

საკუთრების უფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირეული უფლებაა. მასზე, როგორც სამიდან ერთ–ერთ ბუნებით უფლებაზე, მიუთითებდა ჯერ კიდევ ჯონ ლოკი, მე–17 საუკუნის ინგლისელი მოაზროვნე. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლით, რომელიც განთავსებულია მე–2 თავში: „ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“. ეს ნიშნავს, რომ საკუთრებას საქართველოს კონსტიტუციაც ადამიანის ერთ–ერთ ძირითად უფლებად აღიარებს. საქართველოს კონსტიტუციის ამავე თავში განთავსებული მე–14 მუხლი კი ადგენს ადამიანთა კანონის წინაშე თანასწორობას, განურჩევლად მათი სქესისა. ანუ კონსტიტუციის 21–ე მუხლი მე–14 მუხლთან ერთობლიობაში ამკვიდრებს საკუთრების უფლებას ქალებისთვისაც, მამაკაცების თანასწორად. კონსტიტუციით დადგენილ ნორმა–პრინციპთა რეალური აღსრულებისთვის შექმნილი ერთ–ერთი კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ასევე არ იცნობს ქალთა და მამაკაცთა შორის სამართლებრივ განსხვავებებს საკუთრების უფლების განხორციელების, მათ მიერ საკუთრების შეძენის, მართვისა თუ განკარგვა–გასხვისების თვალსაზრისით.

აღნიშნული კოდექსის სახელშეკრულებო (მათ შორის ქონების ნასყიდობის მარეგულირებელი), საოჯახო და მემკვიდრეობითი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები გენდერულად ნეიტრალურია. ამ კოდექსის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი ქონებრივი უფლებებითა და მოვალეობებით. კოდექსში გამოყენებულ ტერმინებში (მეუღლე, მემკვიდრე, მამკვიდრებელი, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობებთან დაკავშირებული ცნებები) გენდერულად ნეიტრალურია, ანუ საკუთარ თავში არც ერთ კონკრეტულ გენდერს არ მოიცავს და არც არაპირდაპირ მიანიშნებს.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს ქალებისთვის საკუთრების უფლების მამაკაცებთან თანაბრად განხორციელების საშუალებას, გაეროს 1979 წლის ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის 15.2 მუხლის დანაწესთან შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, ხელშემკვრელი მხარეები (მათ შორის საქართველოც, რომელმაც კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1994 წელს, რის შემდეგაც კონვენციის დანაწესების შესრულება მისთვის სავალდებულო გახდა), იღებენ ვალდებულებას, სამოქალაქო ურთიერთობებში ქალებს მიანიჭონ მამაკაცთა თანაბარი ქმედუნარიანობა და უზრუნველყონ მისი მამაკაცებთან თანაბარ პირობებში ქალთა მიერ გამოყენება, კერძოდ კი, უნდა უზრუნველყონ ქალთა მიერ ხელშეკრულებების დადებისა და ქონების მართვა–განკარგვის თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით. „საკუთრების უფლებაში“ იგულისხმება მისი როგორც ფართო (საკუთრების ქონის ზოგადი/პირობითი უფლება, რომლის განხორციელებაც კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი) ისე – ვიწრო გაგება (კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლების ფაქტის არსებობის შემთხვევაში ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა).

ქონებაზე საკუთრების უფლება ქალებისთვის მათ წინააღმდეგ ძალადობის რისკის შემცირებას უწყობს ხელს, ვინაიდან ქონებაზე საკუთრების შემთხვევაში, ისინი უფრო ნაკლებად არიან დამოკიდებულნი პოტენციურ მოძალადეებზე და, მაშასადამე, არ არიან იძულებულნი, ითმინონ ძალადობა ქონებრივი მიზეზების გამო. მათ შეუძლიათ მოძალადისგან გათავისუფლება, ანდა მის წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება (პოლიციაში მიმართვა და მისთ). ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტისადმი 2014 წლის ივნისში საქართველოს 13 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 2 ქალთა ქსელის მიერ წარდგენილი ერთობლივი ჩრდილოვანი ანგარიშის თანახმად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ერიდება გაცხადებას, მოძალადის სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის შიშით, მით უმეტეს, თუ მოძალადე ოჯახის მარჩენალია. ამრიგად, ქალთა მიერ ქონების ფლობა/საკუთრება ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და ამცირებს მათ წინააღმდეგ ეკონომიკური თუ სხვა ტიპის ძალადობის განხორციელების შესაძლებლობის რისკს.

ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კომიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღნიშნული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ მე–4–მე–5 პერიოდული ანგარიშის საპასუხოდ, 2014 წლის ივნისში 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაეროს შესაბამისი კომიტეტისათვის შემუშავებული ალტერნატიული ანგარიშის მიხედვით, სოფლად მცხოვრები ქალების უმრავლესობა არ ფლობს სტრატეგიულ ქონებას (სამწუხაროდ, ამ ანგარიშში არ არის მოცემული სტატისტიკური მონაცემები, სოფლად არსებული რეგისტრირებული ქონების ღირებულების რა პროცენტულ წილს შეადგენს სოფლად მცხოვრებ ქალთა საკუთრებაში არსებული სტრატეგიული/უძრავი ქონება, რაც ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც, აღნიშნულ პრობლემას სათანადო ყურადღება არ ექცევა და ანგარიშში ის მხოლოდ გაკვრითაა ნახსენები). ისინი მამისეულ ან მეუღლის სახლში ცხოვრობენ და მესაკუთრეებად არ განიხილებიან. ისინი არ განასხვავებენ ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა „ოჯახის შემოსავალი“ და „ქალის შემოსავალი“, „ოჯახის ქონება“ და „ქალის ქონება“. სოფლად მცხოვრებ ქალებს, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ეკონომიკური საკითხებისა თუ სოციალური ხასიათის სხვა ინფორმაციებსა და სერვისებზე. ამავე მოხსენებაში, პრობლემის აღმოსაფხვრელად, მოცემულია შემდეგი რეკომენდაცია: „გაიზარდოს სოფლად მცხოვრებ ქალთა ცნობიერება საკუთრებისა და მიწის ფლობის საკითხებში მათი უფლებების შესახებ“.

ქალთათვის საკუთრების უფლების უზრუნველყოფის მნიშვნელობის მიუხედავად, აღნიშნულ საკითხზე მოცემულ ჩრდილოვან ანგარიშში საუბარია მხოლოდ გაკვრით, კერძოდ კი, ქალთა ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა პირებზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ ნახსენებია მხოლოდ 3–ჯერ. კერძოდ, ქალთა მოწყვლადობა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით ნახსენებია მე–11 მუხლის განხილვისას გაცემულ მე–5 რეკომენდაციაში, ანგარიშის 26 და 95 პარაგრაფში. ანგარიშში ასევე არ არის მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ქალთა მიერ სტრატეგიულ ქონებაზე საკუთრებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ საკითხთა მნიშვნელობიდან გამომდინარე, ისინი საჭიროებს დამატებით და უფრო სიღრმისეულ კვლევას, რამაც, შესაძლოა, მოიცვას საქართველოს უძრავ ნივთთა რეესტრიდან ინფორმაციის გამოთხოვა იმის თაობაზე, თუ საქართველოში მცხოვრები ქალების და კაცების რამდენი პროცენტი ფლობს უძრავ ქონებას; საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების საერთო ღირებულების რამდენ პროცენტს შეადგენს ქალთა საკუთრებაში არსებული ქონება. მნიშვნელოვანია სხვა სახელმწიფოთა პრაქტიკის შესწავლა და გაზიარებაც, ქალთა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით საზოგადოებისა და ქალების ცნობიერების ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებათა თაობაზე.

არადა, აღნიშნული პრობლემა დღემდე აქტუალურია და სახელმწიფო პროგრამების დონეზეც ვხვდებით დისკრიმინაციულ პოლიტიკებს. მაგალითად, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას, თუკი ოჯახში არის სრულწლოვანი ვაჟი, მასზე 2 საცხოვრებელი გაიცემა, თუმცა, თუკი ოჯახის ერთ–ერთი წევრი არის სრულწლოვანი გაუთხოვარი ქალი, ოჯახზე 1 ბინა გაიცემა. არაფორმალურ საუბრებში სახელმწიფო მოხელეები ამას პირდაპირ ხსნიან იმით, რომ გოგონა/ქალი გათხოვდება და ამ გზით მოიპოვებს საცხოვრებელს, კაცს კი ცოლის მოყვანა მოუწევს სადმე. სახელმწიფოც არ უწყობს ხელს ამ პრაქტიკებით ახალგაზრდა ქალის მიერ საკუთრების შეძენას. არადა, უძრავი ქონების არარსებობა, ხშირ შემთხვევაში, განაპირობებს ქალის დარჩენას მოძალადე ოჯახის წევრთან. მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დედას მოუწია თავის მოძალადე ალკოჰოლდამოკიდებულ მეუღლესთან დაბრუნება მისი ძმის მოთხოვნითა და იმის გამო, რომ ოჯახი სწორედ მას ადანაშაულებდა ქმრის მიტოვებაში, მას კი, თავისი ძმის/მშობლების სახლისა და მეუღლის სახლის გარდა, საცხოვრებელი არ გააჩნდა.