თანასწორობის პოლიტიკა

ყვითელი ჟილეტები და მე – პამელა ანდერსონი

მიხარია, რომ მედიამ შენიშნა ჩემი პოსტი Twitter-ზე, რომელიც საფრანგეთში, ჩემს რჩეულ ქვეყანაში, არსებულ სიტუაციას შეეხებოდა. საფრანგეთში ბოლო რამდენიმე კვირაა, მასობრივი პროტესტები მიმდინარეობს.

Twitter-ზე ზოგიერთებმა დამადანაშაულეს, რომ მე მხარს ვუჭერდი ამბოხს და ძალადობას და პრობლემის არსი კი არ მესმოდა. ეს ძალიან მიკერძოებული განცხადებაა. რატომ? ვნახოთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი ახლა?

ალში გახვეული ქალაქით მოხიბვლის ნაცვლად იმის კითხვა მინდოდა, თუ საიდან მოდის ეს პროტესტი?

„ყვითელი ჟილეტები“ („Gilets Jaune”, რაც საგზაო უსაფრთხოების ჟილეტების გამო ეწოდათ) არსებული ესტაბლიშმენტის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი სახალხო მოძრაობაა. ეს ამბოხი საფრანგეთში წლების განმავლობაში მწიფდებოდა. ეს არის ჩვეულებრივი ხალხის ამბოხი არსებული პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ, რომელიც (როგორც ბევრ სხვა დასავლურ სახელმწიფოში) თანამშრომლობს ელიტასთან და სძულს საკუთარი მოქალაქეები.

პროტესტი მაშინ დაიწყო, როცა პრეზიდენტმა მაკრონმა ნახშირორჟანგის და ჰაერის დაბინძურების გადასახადების გაზრდის შესახებ განაცხადა. მომდევნო ზრდა იანვარში მოხდება. მოელიან, რომ ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში მეტი ფული მოიყრის თავს, ხოლო ხალხი წახალისდება, რომ დიზელზე მომუშავე ავტომობილების ალტერნატივა ეძიონ. მაკრონს სურს, 2040 წლისთვის დიზელის ავტომობილები სრულად აიკრძალოს.

მაგრამ ფრანგული სახელმწიფო დიდი ხნის მანძილზე წაახალისებდა ხალხს, რომ დიზელზე მომუშავე ავტომობილები ეყიდათ. მაგალითად, 2016 წელს, საფრანგეთში მსუბუქი ავტომობილების 62% დიზელზე მუშაობდა, ისევე როგორც ფურგონებისა და პატარა სატვირთოების 95%. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს ახალი პოლიტიკა ბევრ ადამიანს თავს მოტყუებულად აგრძნობინებს.

პრეზიდენტი მაკრონისა და მისი მინისტრებისთვის ახალი ავტომობილების ყიდვა ალბათ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს ძალიან რთულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე ფინანსური პრობლემები აქვს. ბევრი ღარიბი ვეღარ შეძლებს სამსახურამდე მისვლას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი გამართულ საჯარო ტრანსპორტზეც არ აქვს წვდომა. ბევრი მოხუცი ვეღარ შეძლებს მაღაზიაში ან ექიმთან წასვლას.

ბევრი მედია-საშუალება „ყვითელ ჟილეტებს“ კრიმინალებად განიხილავს, რომლებიც ყველაფერს ანადგურებენ.

მე გამანადგურებელ ძალებს მეორე მხარეს ვხედავ.

რა შეიძლება ითქვას ძალადობაზე?

მე მტკიცე პაციფისტი ვარ და ძალადობა მძულს. მაგრამ ისიც ვიცი, რომ როდესაც პროტესტს ძალადობა მოყვება, ეს ხშირად სახელმწიფოს კრახი და პასუხისმგებლობაა. ეს იმ სახელმწიფოს ბრალია, რომელიც ხალხის ხმას არ ისმენს. ასეთივე პოზიცია აქვს მრავალ ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის Amnesty International-ს.

გარდა ამისა, „ძალადობრივი ამბოხის“ კრიტიკოსები ყურადღების მიღმა ტოვებენ იმას, რომ არსებული კაპიტალისტური საზოგადოებაც ძალადობრივია. ძალადობა თანამედროვე საზოგადოების ნაწილია და ის მრავალი ფორმით გვხვდება.

მაგალითად, ფილიპ ბურგუა ოთხი ტიპის ძალადობაზე საუბრობს.

პოლიტიკური ძალადობა სახელმწიფო ძალაუფლების ან იდეოლოგიის სახელით ხორციელდება.

სტრუქტურული ძალადობა აღნიშნავს საზოგადოების პოლიტიკურ და ეკონომიკურ წესრიგს, რომელშიც უთანასწორობისა და ექსპლუატაციის მდგომარეობები ინსტიტუციონალიზებულია, რაც განვითარებად სამყაროში „იაფი შრომისა“ და ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციასაც მოიცავს.

სიმბოლური ძალადობა ხორციელდება, როდესაც ჩაგრული და ძალაუფლებას მოკლებული საკუთარი დამცირებისა და უთანასწორო მდგომარეობის ინტერნალიზებას ახდენს.

დაბოლოს, ყოველდღიური ძალადობა „ცხოვრებისეული“ ძალადობაა, მაგალითად კრიმინალი ან ოჯახში ძალადობა. ამ ტიპის ძალადობა ხშირად მჭიდროდ არის დაკავშირებული სტრუქტურულ ძალადობასთან (მაგალითად, კრიმინალი უკავშირდება სიღარიბეს) ან სიმბოლურ ძალადობასთან (ოჯახში ძალადობა კავშირშია გენდერულ უთანასწორობასთან).

როგორ შეიძლება ამ მეამბოხეების ძალადობა და დამწვარი ძვირადღირებული ავტომობილები ფრანგული და გლობალური ელიტების სტრუქტურულ ძალადობას შევადაროთ?

როდესაც აქციის ზოგიერთი მონაწილე მანქანებს და მაღაზიებს წვავს, ისინი სიმბოლურად ესხმიან თავს კერძო საკუთრებას, რაც კაპიტალიზმის საფუძველს შეადგენს. როდესაც ისინი პოლიციის ოფიცრებს ესხმიან თავს, ისინი სიმბოლურად უარყოფენ და იწვევენ რეპრესიულ სახელმწიფო ძალებს – ძალებს, რომლებიც პირველ რიგში კაპიტალს იცავენ.

ვინც დამწვარი ავტომობილებისა და ბანკების ჩატეხილი ფანჯრების გამო მორალს კითხულობს, შეცდომას უშვებს, რადგან ეს ახლანდელი სტატუს კვოს ფარგლებში უნდა განვიხილოთ. ეს არის სტატუს კვო, სადაც ძალაუფლების უთანასწორო გადანაწილების შენარჩუნება ხდება. სტატუს კვო, სადაც მხოლოდ მცირედნი მდიდრდებიან, უმრავლესობა კი ღარიბდება.

რა შეიძლება ითქვას კლიმატის ცვლილებაზე?

ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ „ყვითელი ჟილეტები“ იმ პოლიტიკებს ებრძვიან, რომლის მიზანიც ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებაა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ სამომხმარებლო ემისიების თითქმის 50%-ზე მსოფლიოს უმდიდრესი 10%-ია პასუხისმგებელი.

გარდა ამისა, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გაცხადებული ბრძოლა ხშირად ძალიან სარფიანი საქმეა და უბრალოდ საბაბია მომგებიანი პროექტების შესანიღბად, რომელთა განხორციელება სიძვირის გამო სხვაგვარად ვერ მოხერხდებოდა. ამ პროექტებს ხშირად გაუმჭვირვალედ ირჩევენ.

მე არ მჯერა, რომ „ყვითელი ჟილეტები“ მავნებლურ პოლიტიკებს უჭერენ მხარს, რომლებიც კლიმატის ცვლილებას უწყობს ხელს. ისინი იმ პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკის წინააღმდეგ არიან, რომელმაც მდიდრებისთვის ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე ღარიბებისთვის.

რა მოხდება შემდეგ?

არსებითი შეკითხვა ის არის, შესაძლებელია თუ არა მიმდინარე პროტესტებისთვის კონსტრუქციული ფორმის მიცემა. რა გველის მომავალში და შეძლებენ თუ არა პროგრესული ძალები საფრანგეთში, და მთელ მსოფლიოში, თანასწორი და ეგალიტარული საზოგადოებების მშენებლობის გზა იპოვონ?

„ყვითელი ჟილეტები“ ახალი სოციალური სამართლიანობის წესრიგს ითხოვენ, ითხოვენ უფლებას, რომ ღირსეულად იცხოვრონ ღირსეული ხელფასებით და სამართლიანი საგადასახადო სისტემით. ერთადერთი გამოსავალი ამ სისტემის შექმნაა. სისტემის, რომელიც შესაძლებელს გახდის სათემო ცხოვრების პატივისცემას – ხალხისა და ერის სასარგებლოდ სიმდიდრის გადანაწილებას. რადგან ხალხი ჯერაც გამორიცხულია სიმდიდრის განაწილებიდან და რჩება ღატაკად.

(თარგმნა აია ბერაიამ)