ვერა ქობალიას ბლოგი სერიიდან “საუბრები ქალებთან”
ჯენიფერი სახეზე ფართო ღიმილით შემოვიდა. მაღალი და გამხდარი – ის მხრებგაშლილი და თავაწეული დადის. ჰონგ კონგში ცხოვრობს და იმისთვის, რომ ფიზიკურადაც აქტიური იყოს, ლაშქრობებშიც დადის. საუბრისას გავიფიქრე: აქ არის ქალი, რომელიც მისაბაძია.
დაიბადა ჰონგ კონდში და ახალგაზრდობა ჰოლანდიაში გაატარა. ჰონგ კონგში 90 – იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა და კარიერა კორპორატიული ბანკირობით დაიწყო, მუშაობდა არაერთ მნიშვნელოვან ევროპულ ბანკში. ამჟამად DT კაპიტალს (დიდი საინვესტიციო კომპანია) ხელმძღვანელობს და მრავალი მმართველი საბჭოს წევრია, მათ შორის კონკურენციის კომისიისა და ჰონგ კონგის მთავარი სავაჭრო პალატის. ის არის ქალთა აღმასრულებელი კლუბის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ჰონგ კონგის მთავარი სავაჭრო პალატის ევროპის კომიტეტში. მას არაერთი ნომინაცია აქვს მოგებული წლების განმავლობაში გაწეული მუშაობისთვის, მათ შორისაა „ჩინეთის 100 გამორჩეული მეწარმე ქალი“.
ჰონგ კონგში დაბრუნებამდე, თითქმის 20 წელი გაატარეთ ევროპაში. ხედავთ განსხვავებებს ევროპელ და ჰონგ კონგელ ქალებს შორის? რაში მდგომარეობს ეს განსხვავებები?
ჰოლანდიაში, ჰონგ კონგისგან განსხვავებით, ნაკლები აქცენტი კეთდება გენდერზე. მახსოვს, როცა ჰონგ კონგში დავბრუნდი, ბევრისთვის „ქალაბიჭა“ ვიყავი, შენიშვნას ვიღებდი. ეს იყო 20 წლის წინ და ახლა მდგომარეობა შეიცვალა, თუმცა, საკმარისად სწრაფად არა. ჰონგ კონგში ჩემი ასაკის ქალები, 40 – 50 წლის, ჯერაც საკმაოდ ტრადიციულები არიან. არსებობს ერთგვარი ტაბუ წარმატებული ქალი ხელმძღვანელებისთვის აღიარონ, რომ წარმატებულები არიან ქალობის გამო. ამბობენ, რომ „ეს არ არის გენდერული საკითხი“. „წარმატებული ვარ, რადგან მაქვს ამის უნარი“.
ჰონგ კონგში ჯერაც მრავალი ოჯახური ბიზნესია და ამ ოჯახების უმრავლესობას ბიჭი შვილი უნდა ბიზნესის გასაგრძელებლად. კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობებს ვაჟები იკავებენ, მაშინ როცა ქალიშვილებს ფინანსურ და ადმინისტრაციულ ე.წ. შავ საქმეს ავალებენ.
უცანურია, კონტინენტური ჩინეთი უფრო წინწასულია ამ მიმართულებით. შესაძლოა ეს „ერთი ბავშვის პოლიტიკის“ დამსახურებაა. ნაკლები გენდერული ხასიათის პრობლემა გაქვს, რადგან მხოლოდ ერთი შვილი გყავს. ოჯახის მთელი რესურსი ერთ ბავშვში იდება, იმის მიუხედავად გოგოა თუ ბიჭი. ჩემს კომპანიაშიც ხშირად მქონია განცდა, რომ თუ კონტინენტურ ჩინეთში განათლებამიღებულ ქალს ავიყვანდი, ის უფრო აგრესიული თანამშრომელი იქნებოდა ვიდრე ჰონგ კონგელი ჩინელი ქალი.
ქალის მიერ ქალის მხარდაჭერის კულტურა არსებობს ჰონგ კონგში? წარმატებული ქალები მხარს უჭერენ და ახალისებენ სხვა ქალებს?
უფრო და უფრო ხშირად, მაგრამ განვითარება არ არის საკმარისად სწრაფი. პატარა ნახტომებს ვხედავ აქაიქ. ქარი ლამმა, ჩვენმა პირველმა ქალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, საფუძველი ჩაუყარა ამ საკითხზე დებატს. ის ახალისებს ქალთა პოზიციებს საზოგადოებაში, არამხოლოდ ბიზნესში არამედ სხვა ტიპის ორგანიზაციებში, მათ შორის არასამთავრობოებშიც. როცა ლამი აირჩიეს, მან ბოდიში მოუხადა ქალებს, რადგან მისი საარჩევნო დანაპირები – კაბინეტსი გარკვეული პროცენტი ქალთა შემადგენლობისა, ვერ შესრულდა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ დავინახეთ, რომ მეტი ქალი დაინიშნა სამთავრობო კომისიებში. ვფიქრობ, ზოგჯერ ის აიძულებს ადმინისტრაციას მეტი ქალი მოსინჯონ სხვადასხვა ორგანიზაციაში. ეს გარკვეული სტიმულია და ყველა ჩვენგანს ამხნევებს, რომ მეტის გაკეთება შევძლოთ.
ფიქრობთ, რომ გენდერული კვოტები საჭიროა? როგორ შეიძლება მეტი ქალი გვყავდეს მმართველ საბჭოებში? ერთია გყავდნენ ქალები საშუალო რგოლის მენეჯმენტში და მეორეა ქალები მმართველ საბჭოებში.
მე ძალიან მწამს დასაქმების ბაზარზე მყოფი ჰონგ კონგელი ქალების შესაძლებლობების. ევროპელებთან შედარებით ჩვენ ძალიან პრივილეგირებულები ვართ, რადგან გვყავს სახლში დამხმარეები ფილიპინებიდან, ინდონეზიიდან და ტაილანდიდან. ევროპაში ჩემს დას სრულ განაკვეთიანი სამსახური აქვს და აუცილებლად 5 საათზე უნდა დატოვოს ოფისი, რათა ბავშვი საბავშვო ბაღიდან გამოიყვანოს 6 საათზე. თუ დაიგვიანებს, დაჯარიმდება. ჰონგ კონგის ოჯახების უმრავლესობას ეს პრობლემა არ აქვს.
ცვლილება კაცებისგანაც უნდა მოდიოდეს. წლის დასაწყისში გავმართეთ ღონისძიება #heforshe (კაცი ქალისთვის) და გაკვირვებულები დავრჩით იმით, რომ 600 – ზე მეტი ადამიანიდან ნახევარს კაცები შეადგენდნენ. თუ მართლა გვინდა ცვლილებები, მხოლოდ ქალების ძალისხმევით არ გამოვა. კაცების მხარდაჭერაც გვჭირდება. გარდა ამისა, აზიაში გვჭირდება რბილი მიდგომა. კამპანია #metoo – ზე საუბრისას, მე და ჩემი მეგობრები აღვნიშნავთ, რომ ზოგიერთ საკითხში ისინი ძალიან შორს წავიდნენ. აღნიშნული ჰონგ კონგისთვის არ გამოდგება. მეტის მიღწევა შეიძლება რბილი მიდგომით. ჩვენი კაცი ოპონენტების განათლებით, ჩვენებით, რომ „ჩვენ თქვენი ჩანაცვლება კი არ გვინდა, არამედ გვჯერა, რომ ეს ყველასთვის სიკეთის მომტანი იქნება“.
და ქალების სამეთვალყურეო საბჭოებში შესვლას „ზემოდან ქვემოთ“ მიდგომა სჭირდება. მგონი, ჰონგ კონგში მე ერთერთი ვარ იმ მცირერიცხოვან ქალთა შორის, რომლებიც კვოტებს დადებითად აფასებენ. ძალიან ბევრი წარმატებული ქალი გეტყვის: „არა, არ მჯერა კვოტების“. ისინი ამაყები არიან, რომ ამდენი შეძლეს და ცდილობენ არ გაუსვან ხაზი იმას, რომ ქალები არიან. როგორც წესი, ინტერვიუებში ამბობენ: „ეს თანამდებობა იმიტომ მოვიპოვე, რომ კარგი ვარ და არა იმიტომ, რომ ქალი ვარ“.
რამდენიმე წლის წინ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი იმით, რომ ჰონგ კონგმა არ დანერგა გენდერული კვოტები. მე ერთერთი ვარ ჰონგ კონგის გავლენიანი ფინანსური კომპანიების მმართველი საბჭოების წევრ ძალიან ცოტა ქალს შორის. კორპორატიულ მმართველ საბჭოებში 30% გვქონდა გათვალისწინებული. დღეს 14% ვართ, ეს მიზნის ნახევარიც არ არის. თუმცა წინ მივდივართ. ლაურა ჩანი წელს ჰონგ კონგის საფონდო ბირჟის პირველი ქალი ხელმძღვანელი გახდა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ მეტი ქალის ნახვა სურს ჰონგ კონგის გავლენიანი კომპანიების მმართველ საბჭოებში. მჯერა, რომ 4 -5 წელში 30% – იან კვოტას მოვოპოვებთ.
ჰონგ კონგელ ქალებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ ზემოდან და ამ მომენტისთვის, მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ, მმართველი თანამდებობების უმრავლესობა კაცებს უკავიათ.
ეს კითხვა ჩემ სხვა რესპონდენტებსაც დავუსვი და თქვენი პასუხიც მაინტერესებს: ფიქრობთ, რომ ქალებს ყველაფრის ერთად ქონა შეუძლიათ? წარატებული კარიერა, ოჯახი, დრო საკუთარი თავის მოსავლელად
პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ წარმატებას მარტო ვერ მიაღწევ.
გარდა ამისა, ფულის გამომუშავება, კარგი თანამდებობა, ეს ყველაფერი არაჩვეულებრივია, მაგრამ უნდა მოგწონდეს რასაც აკეთებ. ხოლო თუ მოგწონს რასაც აკეთებ, შეამჩნევ, რომ ყველა იმ სფეროდან იღებ ენერგიას, რომელშიც ჩართული ხარ. ჩვენ ძალიან იღბლიანები ვართ ციფრულ ერაში ცხოვრებით, რადგან ფიზიკური ყოფნა არ გვჭირდება ყველგან საქმის გასაკეთებლად. ბავშვზეც შეგიძლია იზრუნო, როცა რაღაცაზე მუშაობ. აღარ გვაქვს 9 – დან 5 – მდე მუშაობის კულტურა და მეტი და მეტი კომპანია თანხმდება მოქნილ სამუშაო საათებს.
რამდენიმე ახლად უნივერსიტეტდამთავრებული გვყავს კომპანიაში. მათ 9 -დან 5 -მდე კონტრაქტები აქვთ, მაგრამ ვხედავ, რომ თუ ვაძლევთ საშუალებას იყვნენ უფრო მოქნილები, საღამოს 10 საათზე და შაბათ-კვირასაც კი მზად არიან გიპასუხონ. ისინი ასევე მეტად მოწოდებულნი არიან საკუთარ თავზე აიღონ ის პროექტები, რომელშიც ჩართულები არიან.
რამ გიბიძგათ ზრდისკენ? ახლა რა არის თქვენი ინსპირაცია?
ჩემი დნმ ცოტა მეამბოხეა. ხუთშვილიან ოჯახში ყველაზე უფროსი ვარ. 5 ბავშვიდან პირველი 4 გოგოა. ნათლად მახსოვს დედაჩემი მეოთხე გოგოს გაჩენის შემდეგ. დედამ ორი თვე გაატარა საავადმყოფოში. ეს ხდებოდა ჰოლანდიაში. ექიმმა ურჩია მეტი შვილი აღარ გაეჩინა. დაფიქრდა და უპასუხა: „გავაგრძელებ, სანამ ბიჭს არ გავაჩენ“. გავოგნდი. მაშინ 11 წლის ვიყავი. რატომ ექცევიან ჩემი მშობლები გოგოებს ასე? არ ვართ საკმარისად კარგები, სიცოცხლის ფასადაც რომ უღირს ბიჭის გაჩენა? მაშინ ვიფიქრე, რომ კაცზე მეტის მიღწევა მინდოდა. ამ სიტუაციამ შთამაგონა. მშობლებისთვის მინდოდა მეჩვენებინა, რომ ბიჭზე უარესი არ ვარ. ვფიქრობ, ეს იყო მოტივატორი. შესაძლოა არასწორი მიზეზით, მაგრამ ამან იმუშავა. ახლა ორი გოგონა მყავს, 17 და 11 წლის და ხშირად ვეუბნები, რომ მიყვარს იმისთვის, რაც არიან. ზოგჯერ ბებია ეკითხება მათ: „არ გენანებათ, ძმა რომ არ გყავდეთ?“ და ისნი პასუხობენ: „არა“.