ფლეშმობი #яНеБоюсьСказать კვლავ გრძელდება. უკრაინელი და რუსი ქალები მათზე ძალადობის ისტორიებს სოციალურ ქსელებში გვიამბობენ.
ფლეშმობის ორგანიზატორების აზრით, ძალადობაგამოვლილ ქალებს მხარდაჭერა ესაჭიროებათ, მსგავსი აქციები კი მათ შიშის გრძნობის დაძლევაში დაეხმარებათ, რომელსაც თავდასხმის მსხვერპლნი ხშირად განიცდიან.
ამჯერად, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს 29 წლის მომღერალი ვიქტორია დაინეკო.
„ეს ამბავი თავს მონტენეგროში გადამხდა, 2010 წლის იანვარში. იქ მარტო ვისვენებდი, ნაქირავებ აპარტამენტებში.
ერთხელაც, როდესაც ჩვეულებრივ სამოსში ვიყავი გამოწყობილი (ტყავის კურტაკი, ქუდი, ჯინსები, კოსმეტიკის გარეშე), გზად ბარში შევიარე, სადაც მსუბუქი კოქტეილი შევუკვეთე. ამის პარალელურად, სკაიპით ნაცნობს ვწერდი. ოფიციანტმა შეკვეთილი კოქტეილის გარდა კიდევ სხვა კოქტეილიც მომიტანა და დასძინა, რომ ეს ბარმენის საჩუქარი იყო. შეცდომა დავუშვი და ეს „ბარმენის საჩუქარი“ მოვსვი.
როდესაც საპირფარეშოში გავედი, ჩემ ირგვლივ ყველაფერმა ტრიალი იწყო. მაგიდას მივუჯექი და ნივთების ალაგება დავიწყე. ამ დროს გვერდით „გულუხვი“ ბარმენი მომიჯდა – როგორც ჩანს, თვალყურს ადევნებდა ჩემს მდგომარეობას. მკითხა, სად ცხოვრობო. ვუპასუხე, რომ ოტელში, თუმცა დასახელება არ დამიკონკრეტებია. ჩამაცივდა, მაგრამ ოტელის დასახელება ჯიუტად დავუმალე. „კეთილი, ჩემი ცვლა 20 წუთში მთავრდება, აქ დამელოდე“, – მითხრა და გამეცალა.
არ ვიცი, როგორ მოვახერხე ამ ისტორიის სკაიპში ჩემი ნაცნობისთვის მოყოლა. კარგად მესმოდა, რომ მხოლოდ 20 წუთი მქონდა ჩემი კონტროლიდან გამოსული სხეულის ოტელში „მისატანად“. შემდეგ რა მოხდა, სრულიად არ მახსოვს. საბედნიეროდ, სკაიპ თანამოსაუბრისთვის ჩემი მობილურის ადგილობრივი ნომრის გადაცემა მომისწრია. ისიც მახსოვს, როგორ დამირეკა. შემდგომ დილას მხოლოდ ის მახსოვდა, როგორ ვუპასუხე მის ზარს და გასასვლელისკენ გავემართე. როგორ გავაღე ოთახის კარი, გავიხადე და დავწექი – ჩემი მეხსიერებიდან სრულიად ამოიშალა. მხოლოდ თავბრუსხვევას და გულისრევის საშინელ შეგრძნებას განვიცდიდი. ასევე კატასტროფულად ცუდად ვიყავი მომდევნო სამი დღის განმავლობაში, მაგრამ რადგან მარტო ვიყავი, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი ან სად მეჩივლა. გულწრფელად მეშინოდა.
ერთადერთი ის მიხაროდა, რომ უვნებელი გადავრჩი და ბარმენმა ვერაფერი დამიშავა. უბრალოდ ყველას მინდა შეგახსენოთ, რომ უფასო ყველი მხოლოდ ხაფანგშია“, – წერს მომღერალი.