დღეს, 27 მარტს, კავშირი „საფარის“, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ორგანიზებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა, სადაც წარმოდგნილ იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის პირველადი შედეგები (2016-2017 წწ), რომელიც შეეხებოდა ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებს. ეს ანგარიში წარმოადგენს ერთიანი კვლევის ნაწილს, რომელიც ხორციელდება რამდენიმე ორგანიზაციის მიერ და რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგი.
“საფარის” მომხსენებელმა თაკო გოლიჯაშვლმა ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხების მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა, რომელიც აჩვენებს, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობები, არ არის საკმარისი დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. ხშირ შემთხვევაში, რთულია საქმიანობის შესრულების შეფასება, რადგან ინდიკატორების უმეტესობა შედეგების ინდიკატორებია, რომელიც ძირითადად საქმიანობის დასრულებაზეა ფოკუსირებული და ნაკლებად აფასებს საქმიანობის გავლენას სამიზნე ჯგუფებზე. რაც შეეხება უწყებების მიერ გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, შეიძლება ითქვას, რომ უმეტესად, აქტივობებს აქვს დასრულებულის/შესრულებულის სტატუსი, თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მხოლოდ წარმოდგენილი აქტივობების შესრულება არ არის საკმარისი სამოქმედო გეგმის მიზნების განსახორციელებლად და ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად. გამოიკვეთა, რომ მეტი მუშაობაა საჭირო საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად, მათ შორის კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან. ამასთან, მონიტორინგმა აჩვენა რომ ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად უნდა შემუშავდეს ყოვლისმომცველი და ტრანსფორმაციული მიდგომა გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების ზრდის საკითხისადმი. მნიშვნელოვანია ეფექტური ნაბიჯების გადადგმა ქალთა მიმართ ძალადობისა და შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აღმოფხვრის, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.
ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგი მხარდაჭერილია USAID-ის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა “კანონის უზენაესობა საქართველოში” (PROLoG) და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ (OSGF) მიერ. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა მონიტორინგის ერთიანი მეთოდოლოგია, მომავალში მსგავსი სამოქმედო გეგმების მონიტორინგისთვის.