სტამბოლის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა.
ჯერ კიდევ 2014 წლის მარტში, ევროკავშირის ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგად, კავშირმა საფარმა და ორგანიზაციამ GCRT (წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი), საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავეს, რომლის სახითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის კოდექსის სქესობრივი დანაშაულების თავში შესატანი ცვლილებები შესთავაზეს. ინიციატივის ერთი ნაწილი, რომელიც გადაკიდებას ეხებოდა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავში მოხვდა.
2015 წლის აპრილში, უკანონო თვალთვალთან და ადევნებასთან დაკავშირებით, საფარმა საგანგებო კანონპროექტი შეიმუშავა და იუსტიციის სამინისტროს გადასცა. საფარის მიერ მომზადებულ კანონპროექტში გამოყენებული ტერმინი – “გადაკიდება” (სტოკინგი) იუსტიციის სამინისტრომ “უკანონო თვალთვალითა” და “ადევნებით” შეცვალა.
სწორედ ამ დეფინიციით შემოდის უკვე ამჟამად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ერთი პირის მიერ მეორეზე გადაკიდება – არაკანონიერი თვალთვალი, განმეორებითი შევიწროება, დევნა, მუქარა, პირადი სატელეფონო და ელექტრონული საშუალებებით კომუნიკაციის დამყარება ან ნებისმიერი სხვა ქმედება, რაც მსხვერპლში იწვევს ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესს, საფუძვლიან შიშს, რომ მისი, მისი საკუთრების ან მისი ახლობლის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ძალადობა, რაც აიძულებს მსხვერპლს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების სტილი.