ჟურნალ Vanity Fair-თან ინტერვიუში, 28 წლის ადელმა აღიარა, რომ ვაჟი ანჯელოს დაბადების შემდეგ, მშობიარობის შემდგომმა დეპრესიამ დატანჯა. დეპრესიამ ადელი იმდენად შეაშინა, რომ მეორე შვილის გაჩენაზე უარი თქვა.
მუსიკოსი ამბობს, რომ მიუხედავად მისი მდგომარეობის სიმძიმისა, მან ანტიდეპრესანტების მიღებაზე უარი თქვა. უფრო მეტიც: მან უარი განაცხადა სპეციალისტის დახმარებაზე ან თუნდაც მსგავსი პრობლემის მქონე სხვა ქალებთან ურთიერთობაზე. „საშინლად ჩავიკეტე, – გვიამბობს ადელი, – ჩემმა ბოიფრენდმა (საიმონ კონეკი (Simon Konecki), ანჯელოს მამა, რედ. შენიშვნა) სხვა ქალებთან ან ბავშვებთან გასაუბრება მირჩია, მაგრამ მე ვუპასუხე: „ჯანდაბამდე გზა გქონია! დედიკოების ჯგუფში წანწალს არ ვაპირებ!“.
თუმცა, მომღერალი აღიარებს, რომ თანდათანობით საკუთარ ბავშვიან მეგობრებთან ურთიერთობა იწყო, რადგან მათ მისი მეტად ესმოდათ. ბოლოს და ბოლოს, მან დეპრესიიდან გამოსვლა გადაწყვიტა: „გადავწყვიტე, ყოველ კვირას საკუთარი თავისთვის ნახევარი დღე დამეთმო, რათა ის მეკეთებინა, რაც მინდოდა, ბავშვის გარეშე. მეგობარმა მითხრა: „ამას სერიოზულად აკეთებ? სინდისი არ გქენჯნის?“. მე ვუპასუხე, რომ სინდისი მაწუხებს, მაგრამ არა იმდენად, რომ ეს არ გავაკეთო. საუკეთესო დედად მაშინ იქცევი, როდესაც საკუთარ თავს ყურადღებას აქცევ“.
Vanity Fair-თან ინტერვიუში მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ მხოლოდ ცალმხრივი წარმოდგენა ჰქონდა. „მეგონა, რომ ეს ყველაფერი იმაში აისახებოდა, რომ არ მომინდებოდა ჩემს ბავშვთან ყოფნა, მისი დასახიჩრების, მისთვის სათანადო მოვლის მოკლების შემეშინდებოდა. მაგრამ მე უბრალოდ შეშლილი ვარ ჩემს შვილზე. უბრალოდ, მეჩვენებოდა, რომ ამ ახალ როლს არ შევესაბამებოდი, რომ ბავშვის გაჩენა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უარესი გადაწყვეტილება იყო. დეპრესია მართლაც სხვადასხვა ფორმებით გამოიხატება“.
ადელი მარტო არ არის. ბრიტანეთის ფსიქიატრთა სამეფო კოლეჯის თანახმად, ამა თუ იმ ფორმით გამოხატული მშობიარობის შემდგომი დეპრესიით ქალების 10-დან 15%-მდე იტანჯება.
ფსიქოლოგთა ამერიკული ასოციაციის მონაცემებით, ყოველი მეშვიდე ნამშობიარები ქალი ამ დაავადების მსხვერპლია.
ყველა სპეციალისტი თანხმდება, რომ თუმცა ხანდახან არსებობს ნიშნები, რომლის მეშვეობითაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია შეგვიძლია ვივარაუდოთ (მაგალითად, უკვე არსებული ფსიქიკური დაავადებები), მაგრამ უმრავლეს შემთხვევებში იგი მოულოდნელად ხდება. ამაში ვინმეს, მით უმეტეს საკუთარი თავის დადანაშაულება არ ღირს. „ეს თქვენი შეცდომის ბრალი არაა!“, – ერთხმად გვარწმუნებენ ფსიქოლოგები და ფსიქიატრები.
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია. ამ სიტუაციაში აღმოჩენილი ნებისმიერი ქალი შესაძლოა იტანჯებოდეს ერთ-ერთი, ორი, რამდენიმე ან ყველა აქ ჩამოთვლილი სიმპტომისგან:
- დეპრესია, ცუდი განწყობა, უმიზეზო ცრემლები;
- გაღიზიანებადობა, ქმარზე (პარტნიორზე, ბოიფრენდზე), ახალშობილზე ან ზოგადად ბავშვებზე გაბრაზება;
- დაღლილობის ან სრული გამოფიტვის მუდმივი შეგრძნება;
- უძილობა: ჩაძინების შეუძლეობლობა მაშინაც კი, როდესაც ბავშვს ტკბილად სძინავს;
- ან სრული უმადობა, ან შიმშილის ძლიერი გრძნობა, შედეგად კი საკუთარი თავის დადანაშაულება, რომ „ღორივით ჭამ“.
- სიამოვნების გრძნობის სრული არარსებობა, ბავშვთან გატარებულ დროსაც კი;
- სექსის მიმართ ინტერესის სრული დაკარგვა;
- ნეგატიური აზრები და თავდაჯერების დაკარგვა;
- მუდმივი განგაში იმაზე, რომ ბავშვი ან ავადაა, ან წონას ვერ იმატებს, ან ზედმეტად მეტს ტირის, ან ზედმეტად მშვიდია, – შესაძლოა, აღარც სუნთქავს; რომ მძიმედ ვართ ავად, რომ დეპრესიისგან ვერასოდეს გავთავისუფლდებით;
- გვგონია, რომ სხვა ადამიანებს, მათ შორის ოჯახის წევრებს, თავი უნდა ავარიდოთ;
- მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უიმედოა, და ცხოვრება არ ღირს;
- თვითმკვლელობაზე ვფიქრობთ.
ყოველივე ზემოთ თქმული სწორედ დეპრესიის სიმპტომებია. იშვიათ შემთხვევებში, ახალბედა დედებს შესაძლოა სერიოზული ფსიქიკური დაავადება დაუდგინდეთ, რომელსაც „მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი“ ჰქვია. მისი სიმპტომები ჰალუცინაციები და მანიაკალური მდგომარეობაა.
მართალია, მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი ძალზე იშვიათია (1000 მშობიარედან 1), იგი შესაძლოა რამდენიმე საათში განვითარდეს და პოტენციურად ქალის სიკვდილით დასრულდეს. აქედან გამომდინარე, იგი დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. საბედნიეროდ, დროული მკურნალობის პირობებში, პაციენტთა უმრავლესობა სრულად ჯანსაღდება.
დანამდვილებით ვერც ერთი ექიმი ვერ იტყვის, მკურნალობის რა მეთოდია მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს ყველაზე ქმედითი. ყოველი კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული. ნებისმიერ შემთხვევაში, მაგალითად ბრიტანეთში ან აშშ-ში, მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მცირედი სიმპტომების დროსაც კი, ქალს მკურნალ ექიმთან ამისამართებენ.
მკურნალობის მეთოდებს შორის იყენებენ ე.წ. „საუბრით თერაპიას“, რომელშიც კოგნიტურ-ქცევითი თერაპია და ინტერპერსონალური ფსიქოთერაპია შედის, და მედიკამენტოზურ მკურნალობას – ყველასათვის ცნობილ ანტიდეპრესანტებს. მართალია, ზოგიერთ ქალს მათი მიღება არ სურს და ეშინია, რომ რძის სახით ისინი ბავშვის ორგანიზმში მოხვდება, მაგრამ ყველანაირი ამგვარი გადაწყვეტილება კვლავ ინდივიდუალურად მიიღება (სჯობს ხელოვნური კვება და მშვიდი დედა და ბავშვი, ვიდრე ბუნებრივი კვება და ნერვიული დედა და ბავშვი).
ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმები ორივე მეთოდის კომბინაციას იყენებენ, რადგან ტაბლეტები ქალებს საუბრით თერაპიის მიმართ უფრო აღქმადებს გახდის.
ექიმები გვაფრთხილებენ, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია დაავადებაა და მისგან გათავისუფლების მხოლოდ სურვილი საკმარისი არაა. მეორე მხრივ, მხოლოდ სპეციალისტებსა და ფარმაკოლოგიურ წარმოებაზე დაყრდნობაც არ ივარგებს. არსებობს რამდენიმე საყოველთაოდ მიღებული მეთოდი, რომელიც ქალებს დეპრესიასთან გამკლავებაში დაეხმარება. ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Mind, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს ეხმარება, აღნიშნავს, რომ დეპრესიული ავადმყოფები ხშირად აშკარა ფაქტორებს ივიწყებენ. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მქონე ქალებს შემდეგ რჩევებს სთავაზობს:
- ნუ უგულებელყოფთ პირად ჰიგიენას, ხშირ-ხშირად მიიღეთ შხაპი და სახლში ნახევრად გახდილები ნუ ივლით, მაშინაც კი, როდესაც სტუმრებს არ ელით ან სადმე არ მიდიხართ;
- აწარმოეთ დღიური, რომელშიც განწყობილების ცვალებადობას აღრიცხავთ, ნახეთ, რა მოვლენები, საქმეები ან საუბრები გიფუჭებთ ხასიათს.
- საკუთარი თავის მიმართ ნუ იქნებით საშინლად მომთხოვნი: თუ დაგეგმილის გაკეთება ვერ მოასწარით, არა უშავს. დროდადრო საკუთარი თავი ისე გაანებივრეთ, როგორც საუკეთესო დაქალი.
- დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ორგანიზაციას, რომელიც მსგავს მდგომარეობაში მყოფ ქალებს ეხმარება. იქ მომუშავე პერსონალმა იცის, როგორ დაგეხმაროთ.
ქალების უმრავლესობისთვის, ბავშვის გაჩენა ძალზე სერიოზული ფიზიკური, სოციალური და ემოციური რყევაა. დედობა მძიმე სამუშაოა, რომელმაც არც დასვენების დღეები იცის და არც – შვებულება. ხშირ შემთხვევაში, ახალშობილთან ერთად ცხოვრება სულაც არ ჰგავს სარეკლამო ფოტოებზე ასახულ იდილიას.
ახალგაზრდა მშობლებისთვის განკუთვნილმა ავსტრალიურმა ვებგვერდმა Belly-belly დედობასთან დაკავშირებული მითების სიაც კი შეადგინა, რომლებთან შეუსაბამობამაც ქალი შესაძლოა დეპრესიამდე მიიყვანოს:
- დედობა ყოველთვის სიხარულის მომტანია;
- ჩემთვის და ჩემი ჩვილისთვის მუდმივად ჯანსაღი ცხოვრების წესს დავიცავ;
- ჩემი ცხოვრება არ შეიცვლება;
- ბავშვის დაბადება ჩემს ოჯახურ ცხოვრებას გააუმჯობესებს;
- ინსტინქტურად მივხვდები, როგორ მოვუარო ბავშვს;
- ცხოვრებით ყოველთვის კმაყოფილი ვიქნები, სიტუაციას მუდმივად გავაკონტროლებ;
- რადგან ამ ყველაფერს ვერ ვუმკლავდები. ე.ი. რაღაც დამემართა;
- ყველა დედას ბავშვი გაჩენის წუთიდან უყვარს;
- კარგი დედები შვილების მიმართ ნეგატიურ ემოციებს არ განიცდიან;
- ყველა სხვა ქალი ამ ვითარებას შესანიშნავად უმკლავდება.
ამ სრულიად არარეალური მითების რწმენას იქამდე მივყავართ, რომ ბევრი ქალი ფიქრობს, რომ მის ამ მდგომარეობაში დამნაშავე მხოლოდ თვითონაა, რცხვენიათ, რომ დედის როლს ვერ უმკლავდებიან და საკუთარ თავს ვერ პატიობენ, რომ „საკუთარ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ ხანას“ ვერ შეიგრძნობენ.
არადა, სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა:
- მშობიარობის შემდგომი დეპრესია დაავადებაა, რომელში დამნაშავეც თქვენ არ ხართ (ეს იგივეა, რომ გრიპით დავირუსებაში დავიდანაშაულოთ თავი);
- ნებისმიერი დაავადების მკურნალობა შესაძლებელი და საჭიროა – თამამად მიმართეთ ექიმს;
- თქვენ სუპერქალი არ ხართ, უბრალო ადამიანი ხართ, და სრული უფლება გაქვთ, თავს ცუდად გრძნობდეთ.
ადელმა თავისი დეპრესია წარმატებით დაძლია და მის შესახებ მსოფლიოს უამბო. შესაძლოა, ამის შედეგად მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენილმა სხვა ქალებმაც ადვილად გადალახონ დუმილის ბარიერი და საკუთარი პრობლემები თამამად გადაჭრან.