ქალზე ძალადობა

ავღანელმა გოგონამ საკუთარი ჩაგვრა დაასამარა

ქაბულის ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტმა ფაჰიმა მოჰამადიმ (Fahima Mohammadi) მეგობრებს მოწვევები დაუგზავნა… საკუთარ დაკრძალვაზე. ფაჰიმამ თავად აარჩია წარწერა საფლავის ქვაზე, განსაზღვრა გარდაცვალების თარიღი და საფლავისკენ მიმავალ გზაზე სურათები განალაგა. სამგლოვიარო ღია ბარათებში მხოლოდ ერთი ფრაზა ეწერა: „ფაჰიმა მოჰამადი, ეიდმოჰამად მოჰამადის ქალიშვილი, 20 წლის ასაკში აცნობიერებს რა დისკრიმინაციის ყველა საშინელებას, მარადიულობაში გადადის და საკუთარ სიცოცხლეს ქალბატონ დანიშგიარს უძღვნის“. ფაჰიმა მოჰამადიმ ახალ გვარად დანიშგიარი (Danishgar) შემთხვევით როდი დაასახელა; ავღანეთში მისი ტარება ქალსაც შეუძლია და კაცსაც.

1045723123

ქაბულის სასაფლაოზე, მეგობრების გარემოცვაში, ავღანური ტრადიციების სრული დაცვით, ფაჰიმამ სიმბოლურად ქალის გენდერული ჩაგვრა დამარხა. „მე მდედრობითი სქესის ფაჰიმა დავკრძალე, ის ფაჰიმა, რომელიც ქალად აღიზარდა და ჩამოყალიბდა. მასთან ერთად, დავმარხე ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ცუდ გამოცდილებას უკავშირდებდა“, – განაცხადა ფაჰიმა დანიშგიარმა.

საინტერესოა, რა დამარხა ფაჰიმამ საკუთარ ძველ სახელთან ერთად? მან მიწას წარსული ცხოვრების შემახსენებელი უამრავი მოგონება, დღიურები და ფულადი დანაზოგი მიაბარა. მისი თქმით, ეს საფლავი სქესის ნიშნით დისკრიმინირებული ყველა მისი თანამემამულე გოგონასა და ქალის მემორიალიცაა.

„თითოეული ადამიანი უნდა ფასდებოდეს არა სქესობრივი მიკუთვნების ნიშნით, არამედ პიროვნული განვითარებით, – ამბობს ფაჰიმა, – ჩემი ქალობით ყოველთვის ვამაყობდი, მაგრამ ვერ ვეგუებოდი, რომ ავღანეთში ადამიანების პირველ, პრივილეგირებულ, და მეორე, მის ჩრდილში მყოფ სქესად დაყოფაა მიღებული. ამის გამო სერიოზულად დავზარალებულვარ. როგორ ავიტანო ის, რომ ადამიანად ყოფნა მინდა, მაგრამ ყველგან სიძულვილს ვაწყდები ჩემი სქესის გამო? რა თქმა უნდა, ჩემი სქესი არასოდეს შეიცვლება, უბრალოდ, ვმარხავ იმ მოგონებებს, როდესაც ქალობის გამო ჩაგრული და უარყოფილი ვიყავი“.