1 ოქტომბრიდან, საფრანგეთში ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც, კომპანიები ვალდებულნი არიან, ფოტოშოპით დამუშავებულ თითოეულ სარეკლამო პროდუქტზე ამის აღმნიშვნელი სპეციალური ნიშანი დაიტანონ.
ამით, ქვეყანა თანამედროვე მოდის მიერ თავსმოხვეული ხელოვნური სტანდარტების წინააღმდეგ ილაშქრებს.
სამოდელო ინდუსტრიაში გავრცელებული სასტიკი წესების გამო, პირდაპირ დეფილეებზე გულშეწუხებული მოდელების რიცხვი შთამბეჭდავ ნიშნულს აღწევს. ზოგიერთი ასეთი შემთხვევა საბედისწეროდაც დასრულებულა. 2006 წელს, 22 წლის მოდელმა ლუისელ რამოსმა (Luisel Ramos) გრძნობა ჩვენების შემდეგ დაკარგა. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ლუისელი ანორექსიით გამოწვეული გულის შეტევით გარდაიცვალა: მისი წონა 44 კგ იყო, სიმაღლე კი – 175 სმ. ერთი წლის შემდეგ, იგივე ბედი ეწია მის 18 წლის დას ელიანას (Eliana Ramos), რომელიც ინფარქტით გარდაიცვალა. მიზეზი იგივე – ანორექსია.
“იდეალური” მზეთუნახავები გლამურული ჟურნალებიდან გოგონებს მუდმივად აიძულებენ, წონის დაკლებაზე იფიქრონ, რაც ხშირად სავალალო შედეგებით სრულდება. სარეკლამო ფოტოპროდუქციაში წარმოდგენილი მოდელები, ფოტოშოპის წყალობით, თითქმის არარეალურ არსებებად წარმოგვიდგებიან, მათი მიმბაძველი გოგონები კი ხშირად ხდებიან გამოფიტვისა და დეპრესიის მსხვერპლნი.
„როცა ახალგაზრდები სხეულის არარეალისტურ გამოსახულებებს ხედავენ, მათ არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდებათ, საბოლოო ჯამში კი ითვისებენ ჩვევებს, რაც მათ ჯანმრთელობას დარტყმას აყენებს“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი მარისოლ ტურენი (Marisol Touraine).
მთელი საფრანგეთის მასშტაბით, ანორექსიით ათობით ათასი ადამიანი იტანჯება. ფრანგი მწერალი გაბრიელ დეიდიე (Gabrielle Deydier) ამბობს, რომ სკოლაში სამსახური იმის გამო დაკარგა, რომ მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ ზედმეტი წონის გამო შენიშვნა მისცა. როდესაც ახალი სამსახურის ძებნა დაიწყო, დამსაქმებელმა იგი შოკში ჩააგდო: გაბრიელს მიახალეს „საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტება“, რომ ჭარბწონიან ადამიანებს ინტელექტის კოეფიციენტი დაბალი აქვთ.
კანონის დამრღვევს ჯარიმის სახით 75 500 ევროს ან რეკლამის ღირებულების 30%-ის გადახდა მოუწევს.
ამის პარალელურად, უმსხვილესმა ფოტოსააგენტომ Getty-მ ფოტოების რეტუშირება აკრძალა.
წყარო: bbc.com