ოჯახში ძალადობა

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტის მხრიდან ოჯახში ძალადობაზე კვლავ საუბრობს

ხუთი არასრულწლოვანი საერთო შვილის მეურვეობაზე დავის პარალელურად, ანჯელინა ჯოლი კვლავ ბრედ პიტთან ურთიერთობის დროს ოჯახში ძალადობის არსებობაზე საუბრობს. იგი ამის შესახებ პირველად არ ლაპარაკობს. მისი თქმით, დიდი ხნის მანძილზე დარდობდა ბავშვების უსაფრთხოებაზე, თუმცა, მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი მონათხრობი პიტის ადრინდელ მხილებას ძალადობაში, ანჯელინამ The Guardian-ის ჟურნალისტს თავი დაუქნია.

“მე უამრავი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი ბავშვების მამას დავცილებოდი. რაღაც თვალსაზრისით, ეს ათწლეულების მანძილზე გრძელდებოდა. მეტის თქმა არ შემიძლია”, – განაცხადა მსახიობმა.

ჯოლიმ განქორწინებაზე საბუთები ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბერში შეიტანა. იგი აცხადებდა, რომ გაყრის ერთ-ერთი მიზეზი თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტი იყო, როდესაც პიტმა თავის ერთ-ერთ შვილს დაარტყა. მოგვიანებით, ჯოლი ხშირად საუბრობდა პიტის მიერ გადაუხდელ ალიმენტებზე, თავად მისი ქმარყოფილი კი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხშირ ყოფნას აღიარებდა.

გარდა ამისა, ჯოლი პიტს ერთ მნიშვნელოვან წყენას ვერ უვიწყებს. მისი თქმით, 1998 წელს, როდესაც 21 წლისა იყო, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ჰარვი ვაინშტაინთან. ამ უკანასკნელმა ქალი სასტუმროს ნომერში შეიტყუა და გაუპატიურება დაუპირა. ანჯელინამ გაქცევა მოახერხა. მან ეს ამბავი თავის წინა ქმარს ჯონი ლი მილერს უამბო და სთხოვა, ვაინშტაინთან არ ემუშავა და ყველა გოგონა გაეფრთხილებინა, რომ მასთან მარტო არ დარჩენილიყვნენ. ჯონიმ ყველაფერი შეასრულა, მაგრამ როდესაც ანჯელინა უკვე ბრედ პიტთან ცხოვრობდა და მასაც ანალოგიური თხოვნით მიმართა, პიტმა მისი თხოვნა დააიგნორა და ვაინშტაინთან ორ დიდ პროექტზე იმუშავა. გასაკვირი არაა, რომ ანჯელინამ ეს ფაქტი პირად შეურაცხყოფად მიიღო.

theguardian.com