ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად კომენდანტის საათის კვლავაც ძალაში დატოვებას. მიგვაჩნია, რომ მისი ამ ფორმით არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და შეზღუდვათა შემსუბუქების ფონზე, საქართველოს მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების კიდევ უფრო ნათელ მაგალითს წარმოადგენს.
2021 წლის 4 თებერვალს მთავრობამ განაცხადა, რომ 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება. თუმცა, ის ისევ არ შეხებია კომენდანტის საათს, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ იმის თაობაზე, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა იმ ფორმით, როგორც ის დღეს მოქმედებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, კომენდანტის საათი დაწესებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით[1] მაშინ, როდესაც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ. მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის საქართველოს მთავრობაზე დელეგირება დასაშვებია, თუკი შეზღუდვის წინაპირობებს, მასშტაბსა და შინაარსს კანონი განსაზღვრავს, ხოლო მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ აკონკრეტებს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება. მართალია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი იძლევა მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის ფორმალურ საკანონმდებლო საფუძველს, თუმცა, ის იმდენად ზოგადი და განუსაზღვრელია, რომ მასში ფაქტობრივად მთავრობაზე ნებისმიერი უფლებამოსილების დელეგირება შეიძლება იქნეს ამოკითხული. აღნიშნული კი თავისთავად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ზემოხსენებულ დელეგირების წესს.
მოქმედი კომენდანტის საათი არათანაზომიერად ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას, აჩენს საფუძვლიან ეჭვს მიზნის მიღწევის გამოსადეგობასთან დაკავშირებით და არ წარმოადგენს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოხსნას კომენდანტის საათი და შეწყვიტოს COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ადამიანის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა და არაკონსტიტუციური ღონისძიებების გამოყენება.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI Georgia)
თანასწორობის მოძრაობა
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საფარი
უფლებები საქართველო