"საფარის" აქტივობები

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება პროკურატურის მიერ უფლებადამცველებისთვის ინფორმაციიის წყაროს გამჟღავნების მოთხოვნასთან დაკავშირებით

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2018 წლის 21 ნოემბერს გავრცელებული განცხადების შინაარსის გამო, რომელიც ჩვენი კოლეგების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ირიბ გზავნილს შეიცავს და  გამაფრთხილებელი შეტყობინებაა როგორც ჩვენთვის, ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვს, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც  ჩვენთან კონფიდენციალობის დაცვის პირობით თანამშრომლობენ და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ.

მიგვაჩნია, რომ მთავარი პროკურატურის განცხადება გაგრძელებაა იმ მიზანმიმართული პოლიტიკის, რომელსაც ბოლო პერიოდია საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ეწევა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მისი გავლენის ქვეშ არ არიან მოქცეულნი და აქტიურად იბრძვიან საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.  ხელისუფლება უკვე კარგახანია გასცდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კრიტიკის იმ ზღვარს, რაც დასაშვებია დემოკრატიულ საზოგადოებაში და როგორც ზემოხსენებულ განცხადებაში არაორაზროვნად ჩანს, უკვე საკუთარი რეპრესიული ინსტრუმენტების ამოქმედებას გეგმავს ჩვენი კოლეგებისა და იმ პირთა დაშინების მიზნით, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ.

საქართველოში, 2004 წელს, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, ვერ ვიხსენებთ შემთხვევას, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყებას ეჭქვეშ დაეყენებინოს უფლებადამცველების უფლება, აბსოლუტური პრივილეგიით იყოს დაცული მათი პროფესიული საიდუმლოების წყარო. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით და გამოხატვის თავისუფლების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი არაორაზროვნად იცავს უფლებადამცველების უფლებას უარი თქვას ინფორმაციის წყაროს გამხელაზე, კერძოდ:  “პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა.”

საქართველოს მთავარი პროკურატურა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ არასისტემური, კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა საწინააღმდეგო ინტერპრეტაციის გამოყენებით ცდილობს ეს უფლება ეჭქვეშ დააყენოს და სასამართლოს მეშვეობით ბორკილები დაადოს ჩვენი საქმიანობის საზღვრებს. სამწუხაროა, რომ პროკურატურას ჩვენი კოლეგების მიერ მიცემული განმარტების მიუხედავად არ ესმის, რომ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები და კომპეტენცია ვერ გახდება ჩვენთვის ამ უფლების შეზღუდვის საფუძველი. ჩვენ გვჯერა, რომ ვერც პროკურატურა და ვერც სასამართლო ხელისუფლება საბოლოო ჯამში ვერ შეძლებს ჩვენთვის ამ უფლების შეზღუდვას და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ადამიანის უფლებებზე წინ არასოდეს არ დავაყენებთ რომელიმე სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციას.

ხელისუფლების უნდა ესმოდეს, რომ მისი უფლებამოსილება, საბოლოო ჯამში, ემსახურება ადამიანის უფლებების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში სრულად და ადეკვატურად განხორციელებას, ეს არის ხელისუფლების, მისი სამივე შტოს უმთავრესი მიზანი, ადამიანის უფლებების არსიდან გამომდინარე ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება. ხელისუფლების რომელიმე ორგანოს კომპეტენცია ვერ დაავიწროებს, შეცვლის, შეამცირებს ამა თუ იმ უფლების შინაარსს, რადგან ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციების კანონით გაწერის მიზანი ზუსტად ადამიანის კონსტიტუციური უფლებების სრულად დაცვა და უზრუნველყოფაა. ამიტომ მიზნის მიღწევის საშუალება ვერ იქნება თავად მიზნის მიღწევის საწინააღმდეგო, მისი გამომრიცხავი.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, კარგად გაიაზროს ის პრინციპები, რომელიც განუყოფელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის,  საკუთარი კომპეტენცია და ფუქნციები განიხილოს არა ადამიანის უფლებებისგან მოწყვეტით, როგორც ეს ავტორიტარული სახელმწიფოების სამართალდამცავი ორგანოებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ ადამიანის უფლებებთან ერთიანობაში. დაუფიქრდეს იმ გამოუსწორებლად დამაზიანებელ შედეგებს, რომელიც მათივე განცხადებით გათვალისწინებულმა სამომავლო ნაბიჯებმა შესაძლოა მოუტანოს როგორც ადამიანის უფლებათა დაცვით საქმიანობას საქართველოში, ისე ქართულ, ჯერ კიდე მყიფე დემოკრატიას.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საფარი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

თანასწორობის მოძრაობა

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ცენტრი ემპათია

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT

ლიბერალური აკადემია თბილისი