გასული დღეების განმავლობაში, ქართული საზოგადოება კონსოლიდირებულ და მტკიცე პროტესტს გამოხატავს ოკუპაციისა და ხელისუფლების მიერ მომიტინგეთა ძალის გადამეტებით დაშლის წინააღმდეგ. საზოგადოების ერთსულოვანმა პოზიციამ გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო და საპროტესტო აქციის მოთხოვნების საპასუხოდ „ქართული ოცნების” მხრიდან ნაბიჯები გადაიდგა. მისასალმებელია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებიდან 2 ფაქტობრივად დაკმაყოფილდა, თუმცა 3 მოთხოვნა კვლავ შეუსრულებელი რჩება.
როგორც ცნობილია, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ: 1. პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა 2. შს მინისტრის გადადგომა 3. დაკავებულების დაუყოვნებლივი გათავისუფლება 4. საპროტესტო აქციის დაშლის პროცესის ობიექტური გამოძიება და 5. მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარება.
მნიშვნელოვნად ვაფასებთ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას, რომლის ქმედებებმა/უმოქმედებამ დიდწილად გამოიწვია საზოგადოების პროტესტი. ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლო ნომინირების შესახებ, რაც დადასტურების შემთხვევაში, საზოგადოების სამართლიანი პროტესტის უგულვებელყოფა იქნება.
ასევე, მივესალმებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემით. პროპორციული სისტემა ე.წ. ბუნებრივი ბარიერით (0.67%) ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების საპარლამენტო მანდატებში გარდასახვას და პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დაბალი ბარიერი, როგორც წესი, ართულებს საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის ფორმირებას და ზრდის პოლიტიკური პარტიების ფრაგმენტაციის რისკს. საზოგადოებას აქვე შევახსენებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ პროპორციულ სისტემებში სასურველია შემოღებულ იქნეს 3-5%-იანი ბარიერი.
მიუხედავად გარკვეულ მოთხოვნებზე რეაგირებისა, ჯერ-ჯერობით არ შესრულებულა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნა. გავრცელებული ინფორმაციით პროკურატურამ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევის საფუძველზე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა, მათგან ორის შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის გამო, საქმის მასალები პროკურატურას გადაეგზავნა. მიგვაჩნია, რომ რიგითი სამართალდამცვლების სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ერთად, მნიშვნელოვანია აქციაზე გამოვლენილ დარღვევებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობაც დადგეს, რაც ცალსახად შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა აიღოს. აქციის დაშლის დროს არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბრობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. აქციის დაშლის პროცესში დაშავდა ასეულობით ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტებიც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს მძიმე შედეგი მთავრობის მხრიდან სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩეს.
აქციის დროს დაკავებულების გარკვეული ნაწილი დღესაც რჩება იზოლატორებში. მიგვაჩნია, რომ დაკავებულებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით: საქმეების განხილვა მოხდა დაჩქარებული წესით, დაკავებულებს არ მიეცათ სათანადო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა და მოსამართლეების მხრიდან სახდელის გამოყენება, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ერთი სამართალდამცველის ჩვენების საფუძველზე ხდებოდა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აუცილებელია, პასუხისგებაში მიცემულ პირებს სააპელაციო სასამართლოში მაინც მიეცეთ საკუთარი უფლებებით სრულად სარგებლობის საშუალება, რისი შესაძლებლობაც მათ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიეცათ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, დაკავებულებს საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფომ აღმოუჩინოს სრულყოფილი სამედიციონო დახმარება.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, კვლავ გააქტიურდნენ პროსახელისუფლებო „ანონიმური” ფეისბუქ გვერდები, რომლებიც აქციის მონაწილეების და ორგანიზატორების დისკრედიტაციას ეწევიან. უარი უნდა ითქვას მსგავსი მეთოდების გამოყენებაზე.
ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება შეასრულებს დარჩენილ მოთხოვნებს და ადეკვატურ პასუხს გასცემს საზოგადოების სამართლიან პროტესტს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TIG)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
მწვანე ალტერნატივა
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საზოგადოება და ბანკები
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC)
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
ცენტრი “ემპათია”
საფარი
ხმა საქართველოდან
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)