სექსუალობა

არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვა ამიერიდან სმარტფონის აპლიკაციით იქნება შესაძლებელი

ქალის ფერტილობის ბუნებრივი ციკლის გათვალისწინება არასასურველი ორსულობისგან თავდასაცავად ახალი იდეა სულაც არ არის. თუმცა, ამ მიზნით მისი ეფექტური გამოყენება სულ ახლახან გახდა შესაძლებელი. აპლიკაციამ Natural Cycles მსოფლიოში პირველმა მიიღო კონტრაცეფციის ლეგალური საშუალების სტატუსი. შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანულ კომპანია Tüv Süd-ს ეკუთვნის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთვის ახალი სამედიცინო პრეპარატებისა და დანადგარების უსაფრთხოებას იკვლევს. ამიერიდან, პროგრამა, რომელიც ალგორითმების საშუალებით ადევნებს თვალყურს ქალის რეპროდუქციულ სისტემას, პრეზერვატივის, სპირალის, პერორალური აბებისა და სხვა საშუალებების პარალელურად, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებად ოფიციალურად გამოიყენება. ევროპელ ექიმებს მისი დანიშვნა უკვე თავისუფლად შეუძლიათ.

აპლიკაცია Natural Cycles ქალის ფერტილობის გასაზომად მისი სხეულის ტემპერატურას ადევნებს თვალყურს. ოვულაციის შემდეგ (მომწიფებული კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გამოდევნა), ჰორმონ პროგესტერონის მომატებული დონე ქალის სხეულის ტემპერატურას დაახლოებით 0,45 ცელსიუს გრადუსით ზრდის. აპლიკაციის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია, მომხმარებელმა აპლიკაციაში საკუთარი სხეულის ტემპერატურა ყოველდღიურად შეიყვანოს, რათა ეს ინფორმაცია აპლიკაციამ უკვე ალგორითმულად დაამუშაოს.

მიღებული მონაცემების საფუძველზე, Natural Cycles კონტრაცეფციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს გვაწვდის. იგი კალენდარზე დაუცველი სექსისთვის ხელსაყრელ დღეებს მწვანე ფერით მონიშნავს, ჩასახვისთვის საშიშ დღეებს კი – წითლად.

ალგორითმი Natural Cycles სტატისტიკურ მეთოდებს იყენებს. იგი პროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა ელინა ბერგლუნდმა (Elina Berglund) ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) მუშაობისას შექმნა. 32 წლის მეცნიერი იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც ჰიგსის ბოზონი აღმოაჩინა. ბერგლუნდმა ჯგუფი 2012 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც საკუთარ აპლიკაციაზე მუშაობა დაიწყო. ელინას თქმით, მას უბრალოდ სურდა, სხეული ტაბლეტებისგან დაესვენებინა, მაგრამ ვერანაირი გამოსავალი ვერ იპოვა. ამის შემდეგ, იგი ადგა და საკუთარ თავს ალგორითმი გამოუგონა. აპლიკაციაზე მუშაობას 3 წელი დასჭირდა და დღესდღეობით იგი არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებელ საშუალებათა (ჰორმონული პრეპარატები, პრეზერვატივი, საშვილოსნოსშიდა სპირალი და სხვ.) იდენტური ეფექტურობით გამოირჩევა. „არაჩვეულებრივია, რომ არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებელი ტრადიციული მეთოდებისა და მედიკამენტების ჩანაცვლება ამიერიდან ტექნოლოგიებით მოხდება“, – ამბობს ელინა ბერგლუნდი, რომელმაც ზემოთხსენებული აპლიკაცია მეუღლესთან, რაულ შერვიცლთან (Raoul Scherwizl) ერთად შექმნა.

2015 წელს, აპლიკაცია Natural Cycles-ის რეკლამირება მისი ავტორის მშობლიურ ქვეყანაში, შვედეთშიც კი აიკრძალა. ამან კომპანია აიძულა, მკვლევართა ჯგუფი დაექირავებინა, რომელმაც აპლიკაციის ეფექტურობის ხარისხი კლინიკური კვლევების მეშვეობით შეამოწმა. Tüv Süd-ის სერთიფიკატის ასაღებად, Natural Cycles-ს საკუთარი პროექტის ყველა კომპონენტის ჩვენება მოუხდა, დაწყებული დიზაინითა და ალგორითმით, დასრულებული კომპანიის შიდა პროცესებია და მხარდაჭერის სამსახურით. გარდა ამისა, აპლიკაციის ავტორებმა ასევე ორი კლინიკური კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რომელთაგან მეორეშიც 20-დან 45 წლამდე ასაკის 4000-ზე მეტმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. ფოკუს-ჯგუფში, სადაც მეთვალყურეობა ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა, 143 დაუგეგმავი ორსულობა დაფიქსირდა, მათგან მხოლოდ 10 მოხდა კალენდრის „მწვანე“ დღეებში. ამგვარად, აპლიკაციას ეფექტურობის იგივე რეიტინგი აქვს, როგორიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს – 99,5%.

თეორიულად, ეს მიდგომა საკმაოდ ეფექტურია: ბოლოს და ბოლოს, ყოველი ციკლის განმავლობაში არსებობს დაახლოებით 9-დღიანი „ფანჯარა“, რომელიც ქალის ორგანიზმში ჩასახვისთვის ხელსაყრელ პერიოდად მიიჩნევა. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქალს მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა სხვადასხვა აქვს, ჩასახვისთვის საშიში პერიოდის ზეპირად გამოთვლა აქამდე დიდ უზუსტობებთან იყო დაკავშირებული. ბერგლუნდის ალგორითმი კი მოწინავე სტატისტიკურ მეთოდებს იყენებს, ქალის სხეულის ყოველდღიურ ტემპერატურას ეყრდნობა და არა ციკლის დღეებს. ამ ფაქტორებმა აპლიკაციის ეფექტურობა პრაქტიკულად 100%-მდე აამაღლა.

აპლიკაციის ავტორების თქმით, მათ უკვე 150 000 მომხმარებელი ჰყავთ 161 ქვეყნიდან. ისინი Natural Cycles-ს ფასიანი გამოწერის მეშვეობით იყენებენ – აპლიკაციის თვიური გადასახადი 6,99 ფუნტია. აპლიკაციის გადმოტვირთვა ხელმისაწვდომია App Store-ისა და Google Play-ის მომხმარებლებისთვის.