კაცს, რომელიც საკუთარ არასრულწლოვან შვილზე, წლების განმავლობაში სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდა, სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ განაჩენი 27 თებერვალს გამოაცხადა.
დაზარალებული ქალი უკვე სრულწლოვანია. მან “საფარს” დახმარების თხოვნით 2022 წლის ივნისში მიმართა. ამ დროისთვის კაცს უკვე წარდგენილი ჰქონდა ბრალი ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით. საქმეში ჩაერთო ორგანიზაციის იურისტი კახეთის რეგიონში, მარი ზურაბაშვილი. იურისტთან კონსულტაციისას გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდა ქალი არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სისტემური სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ქალი ყვება, რომ მამამ მასზე პირველად 12 წლის წინ, 11 წლის ასაკში იძალადა.
სექსუალური ძალადობა გოგონაზე წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რასაც, დროდადრო, თან სდევდა ფიზიკური ძალადობა. აღსანიშნავია, რომ კაცი ფიზიკურად ძალადობა მეორე შვილზე, ბიჭზე და ცოლზეც.
ძალადობის მორიგი შემთხვევის შემდეგ, გოგონამ თავის მოკვლა სცადა, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო. როგორც აღვნიშნეთ, თავდაპირველად კაცს ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა (115-ე) და ოჯახში ძალადობის (126-ე პრიმა) მუხლებით წარუდგინეს. საქმეში “საფარის” ჩართვის შემდეგ, კაცს ბრალი დაუმძიმდა და დაემატა კიდევ ორი მუხლი – გარყვნილი ქმედება (141-ე) და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება (138ე). საბოლოოდ, სასამართლომ კაცი ყველა წარდგენილი მუხლით დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.