აშშ-ში ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების შემთხვევა გამოვლინდა. არასრულწლოვანი გოგონებისთვის აკრძალული ოპერაციის გაკეთების გამო მიჩიგანელი ექიმი და მისი ცოლი არიან დაკავებულნი.
53 წლის დოქტორი ფახრუდინ ატარი (Fakhruddin Attar) და მისი 50 წლის ცოლი ფარიდა ატარი (Farida Attar) პარასკევს ლივონიაში დააპატიმრეს, მიჩიგანის შტატში მდებარე მათ სამედიცინო ცენტრში.
მათცოლ-ქმარს ბრალი ფედერალური სისხლის სამართლის სამი მუხლით წაუყენეს: კონსპირაცია, ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება და დანაშაულის წაქეზება.
ატარების წყვილს 44 წლის დეტროიტელი სასწრაფოს ექიმის ჯუმანა ნაგარვალასთვის (Jumana Nagarwala) თავიანთი სამედიცინო ცენტრის დათმობაში ედებათ ბრალი, რომელიც აქ ამ ოპერაციებს აკეთებდა. ნაგარვალა 12 აპრილს დააპატიმრეს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება; ფედერალურმა მოსამართლემ იგი საზოგადოებისთვის საშიშად მიიჩნია.
სამივე ბრალდებული „რელიგიურ და კულტურულ საზოგადოებას“ (religious and cultural community) განეკუთვნება და გამომძიებელთა თქმით, ნორჩ გოგონებს სასქესო ორგანოებზე უკიდურესად მტკივნეულ ქირურგიულ ოპერაციას უკეთებდნენ, რაც კლიტორის ზედა ნაწილის მოკვეთას გულისხმობს. ამ ოპერაციის მიზანი ქალის სექსუალობის ჩახშობაა.
ნაგარვალას ცხოვრების ბოლომდე პატიმრობა ელის. იგი ოპერაციებს ბურჰანის კლინიკაში ატარებდა, რომელსაც ფაჰრუდინ ატარი ფლობს. მისი ცოლი აქ ოფისმენეჯერად მუშაობს. ცოლ-ქმარი მშობლების მიერ გოგონებისთვის ოპერაციების ჩატარებას აორგანიზებდა. მას შემდეგ, რაც ნაგარვალას ბრალი წაუყენეს, ატარების წყვილმა ბავშვების მშობლებს მოუწოდა, გენიტალიების დასახიჩრების ფაქტების არსებობა უარეყოთ.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, კლინიკა ამგვარი პროცედურების ჩანაწერებს არ აკეთებდა და კლიენტებიც მომსახურებისთვის გადარიცხვით არ იხდიდნენ. მათი ნაწილი მინესოტადან იყო. გამომძიებლები ორი ოჯახის კვალზე გავიდნენ, რომლებმაც თავიანთი გოგონები ატარის სამედიცინო ცენტრში 2017 წლის თებერვალში მიიყვანეს.
დაზარალებული გოგონების თქმით, მათ ოჯახში ეუბნებოდნენ, რომ ამ პროცედურების ღირსნი მხოლოდ „განსაკუთრებული გოგონები“ იყვნენ. როდესაც გამომძიებლებმა მათ ნაგარვალას ფოტო აჩვენეს, მათ იგი ადვილად ამოიცნეს.
გოგონების სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მათი სასქესო ორგანოები ნორმალური არ იყო, რადგან ზოგიერთ უბანზე შეცვლის ან ამოკვეთის კვალი ჩანდა.
ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, პროცედურა იმდენად მტკივნეული იყო, რომ მისი ჩატარებისას განწირული კიოდა. ოპერაციის შემდეგ, მან გავლა ძლივს შეძლო – აუტანელ ტკივილს გრძნობდა მუცლის ქვედა ნაწილიდან ფეხის ტერფამდე. გოგონას მშობლებმა გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებს დაუდასტურეს, რომ დეტროიტში შვილისთვის „ზედმეტი კანის მოსაცილებლად“ გაემგზავრნენ.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ატარის ცოლი პროცედურების დროს სამანიპულაციო ოთახში იყო და „პაციენტებს მათი ხელის დაჭერით ამშვიდებდა“. ამის შემდეგ, იგი მშობლებს აფრთხილებდა, რომ პროცედურის შესახებ არავისთან ესაუბრათ და ყველაფერი უარეყოთ მაშინ, თუ გამომძიებლები კითხვებს დაუსვამდნენ.
ნაგარვალას ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექიმი „ახალგაზრდა გოგონებში რელიგიურ პრაქტიკას ახორციელებდა“ და ქალის გენიტალიების დასახიჩრების ყველა ფაქტს ჯიუტად უარყოფს. ამის ნაცვლად, მისი თქმით, ნაგარვალა გოგონების გენიტალიებს მემბრანას აცილებდა, რაც ინდოელი მუსლიმების პატარა სექტაში გავრცელებული ადათია.
„ქალთა გენიტალიების დასახიჩრება ქალებისა და გოგონების მიმართ ჩადენილი განსაკუთრებულად სასტიკი ძალადობის ფორმაა. ასევე, ეს ფედერალური დანაშაულია აშშ-ში. ამ პრაქტიკას ადგილი არ აქვს თანამედროვე საზოგადოებაში და ყველა ის, ვინც არასრულწლოვნებს გენიტალიების დასახიჩრების ოპერაციას უკეთებს, ფედერალური კანონების მიხედვით იქნება შესაბამისი მუხლებით დასჯილი“, – განაცხადა აშშ-ის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა დენიელ ლემიშმა (Daniel Lemisch).
ქალის გენიტალიების დასახიჩრება აშშ-ის კანონმდებლობამ ჯერ კიდევ 1996 წელს აკრძალა.
ქვეყანაში მსგავსი შემთხვევა 2006 წელს დაფიქსირდა, როდესაც ეთიოპიელ ემიგრანტს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თავისი ორი წლის გოგონასთვის სასქესო ორგანოების დამასახიჩრებელი ოპერაციის ჩატარებისთვის.
2012 წელს, აშშ-ის მთავრობამ სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტი ქალი და გოგონა უკვე დაექვემდებარა გენიტალიების დასახიჩრებას ან იმყოფება ამ ოპერაციის რისკის ქვეშ.
ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა, გაეროს თანახმად, ყველაზე მეტად გავრცელებულია ეგვიპტეში, ეთიოპიასა და ინდონეზიაში.