ბოლო ათი წლის განმავლობაში, მხოლოდ ინგლისსა და უელსში, მიოკარდიუმის ინფარქტით 8200-ით ნაკლები ქალი მოკვდებოდა, მათთვის ისეთი სამედიცინო დახმარება რომ აღმოეჩინათ, როგორც კაცებისთვის.
ამ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანული ფონდის British Heart Foundation (BHF) სპეციალისტები, რომლებმაც ლიდსის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა დააფინანსეს, გულსისხლძარღვთა დაავადებების მიმართულებით.
მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ დღეში როგორც მინიმუმ ორი ქალი კვდება არასწორი მკურნალობის შედეგად. დიახ, როდესაც საქმე მიოკარდიუმის ინფარქტს ეხება, ქალებს 50%-ით ხშირად უსვამენ არასწორ პირველად დიაგნოზს, ვიდრე – კაცებს. BHF-ს მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად 35 000, ანუ დღეში 98 ქალი ხვდება საავადმყოფოში გულის შეტევით.
ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით, The Independent წერს, რომ თუმცა ინფარქტი „კაცების“ დაავადებად მიიჩნევა, დიდ ბრიტანეთში მისგან ორჯერ მეტი ქალია გარდაცვლილი, ვიდრე – სარძევე ჯირკვლის კიბოსგან. კარდიოლოგ სონი ბაბუ-ნარაიანის (Sonya Babu-Narayan) თქმით, მსგავს შედეგებს იწვევს ქალებში გულსისხლძარღვთა დაავადებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების დაბალი დონე, სწორი დიაგნოსტიკისა და შესაბამისი მკურნალობის არარსებობა. გარდა ამისა, პაციენტმა ქალებმა სწორად არ იციან გულის შეტევის სიმპტომები, რის გამოც ექიმს დროულად არ მიმართავენ. გარდა ამისა, ისინი სამედიცინო დახმარებას ნაკლებად სწრაფად იღებენ, ვიდრე – კაცები.