ავტორი: სალომე ჩიმჩიური-თაბაგარი
რას დაგმართებენ, თუ შენივე სქესის ადამიანი შეგიყვარდა?
საზოგადოება თავის კლანჭებს ჩაგასობს და იქამდე არ გაგიშვებს, სანამ თვითმკვლელობამდე არ მიხვალ. საზოგადოებრივი აზრი – ისეთი ძლიერია, რთულია მისი გავლენის ქვეშ არ მოექცე, რაღაც პერიოდში მაინც; მით უფრო, თუ შენი ახლობელი მოყვება ამ მასის ყურადღების ცენტრში და იმდენად აიზილება, რომ შენ, რამდენიც არ უნდა ეცადო, თავს უშველო, მაინც გითრევს. ბოლომდე თავს ვერ ითავისუფლებ. რაღაც დროით, ყველა ვექცევით…
სოციუმთან ზღვარის გავლება, თავის შენარჩუნება უსაფრთხოდ, არაა მარტივი საქმე – სადმე გადაჩეხვა რომ არ მოგინდეს. საზოგადოება კლავს ადამიანს, როგორც უილიამ უაილერის პერსონაჟის მარტას შემთხვევაში ხდება. სრულყოფილთან მიახლოებული ცხოვრებაც კი შეუძლებელია, როცა ამხელა აბსურდშია ჩავარდნილი უმრავლესობა. მისი ღმერთები შიშის მომგვრელი პირქუში დემონებია, რომელსაც ადამიანი უსიტყვოდ ემორჩილება.
ჩემს ღმერთებს კი, იუნიქორნებიანი მაისურვები აცვიათ და კატებს ბრჭყვიალებში აბანავებენ. რამდენიც არ უნდა ვებრძოლო ამაზე ფიქრს და რამდენ ადამიანსაც არ უნდა დავუმალო, ეს ამბავი ფაქტია: ერთადერთ სიყვარულს იმიტომ დავშორდი, რომ ხალხის წნეხს ვერ გაუძელი.
ყველა ამჩნევდა, რომ თვალები გვიციმციმებდა, ღამით ერთმანეთთან ყოფნა გვინდოდა. ხან ვინ მაგრძნობინებდა თავს ცუდად, ხან ვინ, – რა სჭირთ ამ გოგოებს, უერთმანეთოდ ვერც კი ჭამენო.
მერე დავიწყე რაღაც პრობლემების მოძიება საკუთარ თავშიც და მასშიც, და იმდენი ვქენი, სანამ იგი საბოლოოდ არ მოვაშორე ჩემი ცხოვრებიდან. ჩუმად, ტელეფონზე ლაპარაკისას მეუბნებოდა, გამბედაობა რომ მქონდეს, თავს მოვიკლავდი, ისიც არ ვიცი, გნახავ თუ არა, მგონი, ისევ ასე ჯობიაო.
დიდი ხნის შემდეგ, წნეხიც გადავლახე, – სოციუმსაც გადავაბიჯე. ვცდილობ, დისტანცია დავიჭირო, ისევ რომ არ დამიპირონ გადაყლაპვა – ამას გამუდმებით ცდილობენ. მთავარი დამენგრა. ახლა, ვისთანაც არ უნდა გავაბა რომანი და ვინც არ უნდა მიმიზიდოს, თითქოს ყველაფერი სულ ერთია… ამიტომ მიყვარს ეს ფილმი ასე ძალიან, ვუყურებ ვერ ვტირი, მაგრამ ძალა მემატება. ყოველ ჯერზე, გაშეშებული სახით შევხედავ ეკრანს და ვფიქრობ: ორივე ცოცხლები ვართ, მაგრამ ფინალი იგივე გვაქვს.
მებრძოლი ვარ! მომიწია, ვქცეულიყავი. ხშირად მესიზმრება: თითქოს, რინგზე ვარ, პროჟექტორები თვალებში მანათებდნენ, კოლექტიური სიზმრიდან ნასესხები სიუჟეტით თვალები მეხუჭება, მოვლენებს თვალს სრულყოფილად ვერ ვადევნებ. თუმცა, ვხედავ, ოთხივე კუთხეში ჩემი ოჯახის წევრები დგანან. რინგის გარეთ ხალხი შეკრებილა: მედია კამერებით, მღვდლები ჯვრებით და ხალხი ხატებითა და სანთლებით.
– სიწმინდის, ტრადიციების, ქართველობის გამანადგურებელი… – დოინჯი შემოურტყამს წვერიან, შავი ანაფორით შემოსილ კაცს და მკაცრ მზერას მესვრის. -ამას სიყვარულს ეძახი? – მიყვირის ახლა უკვე სხვა, წითელთვალება მღვდელი და ჯვარს მესვრის. დავიხარე, ავიცილე და დედას ხვდება. ის იკეცება.
მამა ბრაზით მიყურებს: -ეს გინდოდა?
– ოჯახის საფუძვლის შემარყეველი! – ყვირის ხალხი.
მოქმედება ხიდზე გადადის. ჯებირზე ვდგავარ, მდინარე ქაფქაფებს, როგორც მდუღარე წყალი ქვაბში, უმწიკვლო ბატკნის ხარშვისას.
მეღვიძება. საწოლიდან ფრთხილად ვდგები, არ მინდა, კატას გაეღვიძოს. მაინც იგებს და უკან მომყვება, მთქნარებით. საკუთარი კომპლექსებისა და შებოჭილობისთვის, ჩვენ გვთხოვენ არაცნობიერ საზღაურს. გრაფინიდან წყალს ჭიქაში ვასხამ და ფანჯარაში ვიხედები.
სკვერთან ახლოს შეყვარებულ წყვილს ვხედავ, ერთმანეთისთვის ჩაუკიდიათ ხელი. რა ლამაზები არიან, როგორი ლაღები… ჭიქიდან წყალი მეღვრება.მაგიდა წყლითაა სავსე, სანსა გაკვირვებული უვლის იატაკზე დასხმული წყლის წვეთებს, ხან ჩემს ცრემლებს უყურებს, ხან წვეთების ხმაზე ყურებს ცქვეტს და განაბული უსმენს.
რატომ არ შემიძლია იგივე გავაკეთო, ისე, რომ ყველა ჩემს სინდისზე აგდების მცდელობაში არ იყოს?! ბავშვობაში შემეძლო, მაშინ არ ვიცოდი, რომ სიყვარული დანაშაულად ჩამეთვლებოდა. თვალები დახუჭული მაქვს, ველოდები, როდის მომკიდებს ხელს და გადამიყვანს ნამსხვრევებზე, – ნდობის ტესტს ვუტარებთ ერთმანეთს.
რთული მეხუთე კლასი მელოდება. მას მეექვსე მოყვება, მასწავლებლები გვეცვლება. სიყვარულის კრისტალი გვაქვს შენახული მწვანე მინდვრებში, – ასე ვეძახით ადგილს, სადაც ერთმანეთს პირველად ვაკოცეთ.
– მოდი, თმა შევიღებოთ, – მეუბნება და გრძელ თმას უკან მიყრის.
– ჩემი თმის ფერი მიყვარს, თან ეს მშობლებს არ მოეწონებათ.
რატომ მესმოდა ასე გარკვევით ჩიტების ჭიკჭიკი? და რა უცნაური ციცინათელები დაფრინავდნენ სხეულში, ვერ ვხვდებოდი. ხელში ყუთს მაწვდის. დაბნეული თვალებით ვუყურებ.
– ეს რა არის?
– შენთვის ვიყიდე, დედას ვთხოვე.
გავხსენი, ცისფერი გულსაკიდია.
– ლურჯია, როგორც ჩვენი ნემსიყლაპიები, არაა? მოგწონს? – მანათებს ცისფერ თვალებს და ქერა, გრძელ ტალღოვან თმას აწვალებს.
– წამოდი, მდინარესთან გავუშვათ, უკვე დროა, – ვცდილობ, გაბრწყინებული სახე დავიმშვიდო და ღიმილისგან გაქცეული ტუჩები უკან დავიბრუნო.
მეუბნებოდნენ, რომ საშინელი გოგო იყო. როგორ შეიძლებოდა, ის საშინელი ყოფილიყო? სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი. ვერ ვიგებდი, რატომ უკვირდათ ასე ჩვენი ურთიერთობა.
მე ბრძოლა ვისწავლე! მომიწია, მესწავლა. მუდმივად ბრძოლის ველზე ვარ. სამი წელი გავიდა, შორიდანაც კი არ მინახავს, ისევ მიჭირს იმ ამბის გადატანა. პირველი სიყვარულის გულიდან ამოგდება რთულია, თან როცა ასე მტკივნეულად გაშორებენ. ახლა, ის ხმა დავიწყებული მაქვს, იმედგაცრუების შეგრძნება კი – მომატებული.
ვენებს იჭრის ისე, როგორც ჩემი დეპრესიული ბებია. დანაშაულის შეგრძნება მე რატომ მაწუხებს და არა – იმ ადამიანებს, რომლებიც ხელებს იბანენ და მომავლის შესაცვლელად არაფერს აკეთებენ?! თითქოს ეს მხოლოდ ჩვენი საქმე იყოს…
ფიქრებს თავიდან ვიგდებ, სახატავ რვეულს ვხურავ. ფუტკარი ხელზე მაჯდება, თითს მაღლა ვწევ მზისკენ. ჭიამაიასავით მიიწევს მაღლა. იქნებ ჩემი კბენა უნდა? არა, არ უნდა. კიდევ დიდხანს დაცოცავს ჩემი თითის ბალიშზე და ბოლოს მკბენს. ტკივილი მომენტალურად ახურებს ხელს და მინდება, სევდა გავატანო, რომელიც წლებია, გულში გროვდება. ფოთლების დაცემული ჩრდილი ხელზე… ტკივილი ისევ არ ნელდება… ფუნჯს ვდებ. მინდა, საღებავში ჩავყო ხელი. წითელს და ლურჯს ვიყენებ. იისფერ სევდას მხოლოდ ამით ვქმნი. ხელი მიგრილდება. დედის ბავშვობის ლურჯტარიან დანას ვიღებ, ნეკა თითის ხელაც არ იქნება, არც ისე ბასრია. ვისვამ დანის პირს ნესტარი ვარდება. ფუტკარი სადღაც გდია მკვდარი, უღონოდ.
აღარ მივცემ უფლებას, დამაზიანონ.