ბლოგები

“ბავშვები არიან, ხან იჩხუბებენ, ხან შერიგდებიან”

ავტორი ელენე ქაოხოსროშვილი

გაფრთხილება: პოსტი შეიცავს სპოილერებს

ბევრი დისკუსიაა იმასთან დაკავშირებით, უნდა აჩვენონ თუ არა სერიალში „13 მიზეზი“ (13 Reasons Why) დეტალურად გაუპატიურების სცენები, თავის მოკვლის სცენა, უბიძგებს თუ არა ეს სერიალი ახალგარზდებს თავის მოკვლისკენ და ა.შ.

მე ვფიქრობ, რომ სერიალში ძალიან კარგად ჩანს ერთი შეხედვით „ჩვეულებრივი სასკოლო ისტორიების“ („ჩვეულებრივს“ ბრჭყალებში იმიტომ ვწერ, რომ ბულინგი ბევრს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია) გავლენა თინეიჯერების ფსიქიკაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე დიდი ხანია, დაწყებულია დისკუსია იმაზე, თუ რა ხერხებით ებრძლონ სკოლებში ბულინგს და მის მიერ გამოწვეულ უამრავ პრობლემას. საქართველოში ბულინგის გარშემო არსებული დისკუსია ჯერჯერობით მხოლოდ „ბულინგი ენჯეოების მიერ გამოგონილი ახალი თემაა, რომ გრანტები მოაგროვონ“ – ეტაპზეა. რეალურად, უკლებლივ ყველას გვახსოვს სკოლაში ბულინგით მოყენებული სტრესი. ბევრი ბულინგის მსხვერპლი იყო, ბევრიც თავად აბულინგებდა თანასკოლელებს, ხოლო ზოგს ორივე აქვს გამოცდილი. მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდის ჩვეულ თანმდევ პროცესად აღიქვამს ამ „გამოწრთობას“ და არც უფიქრდება, თუ რამხელა სტრესში არიან თინეიჯერები.

ასევე, ხშირად გვავიწყდება, რომ ბულინგი 21-ე საუკუნეში ახალ შრეებზე გადადის. პირადად მე ბევრი ძალიან დამთრგუნველი სკოლის ისტორია მახსოვს, თუმცა კიბერ ბულინგი ამის ნაწილი არ ყოფილა. არავის შევუშინებივარ იმით, რომ ინტერნეტში ჩემს ვიდეოს ან ფოტოს გაავრცელებდა. არ იყო მაშინ ამის საშუალება და ბულინგიც კლასის ან სკოლის მასშტაბით შემოიფარგლებოდა. შეიძლება, სკოლაში ყოფილიყავი „ბოზი“, „ჩმორი“ და ა.შ., თუმცა სკოლის გარეთ არავის სცოდნოდა, რომ რამდენიმე გავლენიანმა თანაკლასელმა ამოგიჩემა და სკოლის სივრცეში ამის გამო ყველასთვის „დაბალი ღობე“ გახდი. დღევანდელ თინეიჯერებს კი უკვე სხვა გამოწვევები აქვთ. კიბერ ბულინგი სხვა შესაძლებლობებს იძლევა მათთვის, ვისაც „დაბალი ღობეების“ დაცინვა, შეურაცხყოფა და შერცხვენა უნდა.

ეს პრობლემა ახალია, „ჩვეულებრივ ბულინგს“ შეჩვეულ საზოგადოებას ჯერ კიდევ მისი დამანგრეველი ეფექტები არ ესმის. შესაბამისად, დღევანდელი თინეიჯერები ამ პრობლემასთან მარტო არიან.

სწორედ ამ ყველაფრის გამო მიმაჩნია, რომ სერიალი ინფორმაციულობის გაზრდას შეძლებს როგორც თინეიჯერებში, ასევე მშობლებში და ყველა იმ ადამიანში, ვისაც სკოლის სისტემასთან შეხება აქვს და მიიჩნევს, რომ „დასვენებაზე ბავშვები რას აკეთებენ, მისი პრობლემა არ არის“.

სერიალში ჰანა ბეიკერი ერთადერთი არ არის, ვისაც აბულინგებენ. თუმცა, მის მიმართ ბულინგი ძალიან საინტერესოა, რადგან მას გენდერული ასპექტი აქვს. ჰანა თანაკლასელებს იმის გამო არ ამოუჩემებიათ, რომ ცუდად სწავლობს, ოროსანია, ღარიბი მშობლები ჰყავს, უშნოა, უცნაური ფორმის ყურები აქვს, გაკვეთილს ვერ ყვება (თუმცა, ხშირ შემთხვევაში, გოგონების ამოჩემება სწორედ ამ ნიშნით ხდება ხოლმე, რადგან გოგო, რომელიც ოროსანია და მოუწერიგებელია, „გოგოობის სტანდარტს“ არღვევს) და ა.შ. ჰანას ამოჩემება სულ სხვა მიზეზით მოხდა და ის მის აკადემიურ მოსწრებასთან კავშირში არ არის.

ჰანას ბრაისმა სოციალურ ქსელში ფოტო გაუვრცელა, სადაც ის პარკში ჩამოსასრიალებელზე სრიალდება. ფოტო ქვემოდან არის გადაღებული, ანას კაბა აქვს აფრიალებული და ფოტოზე მისი საცვლები ჩანს. ფოტო, რა თქმა უნდა, ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელს სკოლაში და იმ დღესვე უკვე ყველას ახალი ჭორი აკერია პირზე, რომ ჰანას იმ ღამეს პარკში ჯასტინთან სექსი ჰქონდა.

დიდი ამბავი… საქართველო ხომ არ არის? ამერიკაა და ამერიკაში სექსუალური რევოლუცია ჯერ კიდევ სამოციან წლებში მოხდა, როდესაც ქალებისთვის კონტრაცეპტივები ლეგალური გზებით გახდა ხელმისაწვდომი. ჩვენ ეხლა 16 წლის ბავშვზე ვლაპარაკობთ, რომელსაც სექსუალური გამოცდილება ჯერ არ ჰქონია, იმ საღამოს ბიჭს (ჯასტინს) საერთოდ პირველად აკოცა და ზოგადად არანაირი სურვილი ჰქონია, მისი ფოტო საცვლებში, რომელიც ჯასტინმა სრიალის დროს გადაუღო, ვინმეს ენახა დედამიწის ზურგზე, არათუ მთელს სკოლას.

ჩვენ ვიცით (ბევრმა), რა პასუხი უნდა გავცეთ ჭორებს, რომ „მარტივები“ (სექსზე მარტივად „წამსვლელები“) ვართ, რომ „ბოზები“ ვართ, რახან ჩვენი ინტერესის ობიექტები მალ-მალე იცვლებიან. თუმცა სკოლაში, 16 წლის გოგონებს არ აქვთ იმუნიტეტი სლათშეიმინგზე.

ინტერნეტ სივრცეში ხშირად ჩნდება სექსის ვიდეოები, რომლებსაც განაწყენებული ყოფილი ბოიფრენდები გოგოებს/ქალებს შურისძიების მიზნით უსაჯაროვებენ ხოლმე. ხომ ყველამ ვიცით, რომ ქალებს სექსი აქვთ თავის ბოიფრენდებთან? მაშინ რატომ ხდება ასეთი ვიდეოებით და ფოტოებით ქალების შანტაჟი/დისკრედიტაცია? ამას ერთადერთი ახსნა აქვს: დიახ, სექსუალური რევოლუცია შეიძლება მოხდა, მაგრამ ქალის სექსუალობას საჯარო სივრცეში მაინც ვერ გამოუღწევია. ყველამ ვიცით, რომ ქალებს აქვთ სექსი, თუმცა ქალების სექსის ვიდეოები/ფოტოები მაინც ყოველდღიურად გამოიყენება საზოგადოებაში მათი დისკრედიტაციისთვის, შანტაჟისთვის და ა.შ.

ჰოდა, სწორედ ამ დისკრიმინაციული ფენომენით იწყება ჰანას პრობლემები სკოლაში. ერთ მშვენიერ დღეს, ის „ადვილად ხელმისაწვდომი“ (რასაც უნდა ნიშნავდეს) გახდა და სამუდამოდ მიეკერა ახალი იმიჯი.

აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ამავე სერიალში ბიჭ მოსწავლესაც უვრცელებენ სკოლაში შიშველ ფოტოს, რაც ცხადია, ასევე დამანგრეველია მისთვის… საქმე იმაშია, მის ამ ფოტოს ჭორი და მითქმა-მოთქმა არ მოჰყოლია მის სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არ მოჰყოლია, – ის ბიჭია და მისი სექსუალური ცხოვრება არ არის საინტერესო თანასკოლელებისთვის (თუ, რა თქმა უნდა, ჰეტეროსექსუალია).

გარკვეული დროის შემდეგ, სკოლაში ვრცელდება სია, რომელშიც ბიჭები თანასკოლელი გოგონების სხეულის ნაწილებს ადარებენ ერთმანეთს ისე, როგორც ხორცის ნაჭრებს და საუკეთესო და ყველაზე ცუდ კატეგორიებად აქვთ დაყოფილი. კატეგორია „ყველაზე კარგი ტრაკის“ გამარჯვებული ხდება ჰანა. რა მოხდა მერე? ჩვეულებრივი კომპლიმენტი უთხრეს… თუმცა, არც აქ არის საქმე ასე მარტივად.

ამ სიის გავრცელების შემდეგ, ჰანა დღის მოვლენა ხდება. ყველა მას შესჩერებია, ყველა მასზე საუბრობს და ერთ-ერთი მათგანი საერთოდ მიიჩნევს, რომ უფლება აქვს ხელით შეეხოს და „მოსინჯოს“. იმ მომენტში, ჰანას სხეული საჯარო „სიკეთე“ ხდება და ყველა აძლევს თავს უფლებას, მასზე ილაპარაკოს, განიხილოს, შეადაროს და შეეხოს კიდეც.

გარდა ამისა, ჰანას ამ სიაში მოხვედრას თავისი ისტორია აქვს. ის იქ ჩაწერა ალექსმა, რომელსაც უნდოდა, ამით თავისი შეყვარებული, ჯესიკა გაებრაზებინა, ეეჭვიანებინა და ამ გზით შური ეძია მასზე იმის გამო, რომ მასთან სექსი არ ჰქონდა.

ალექსმა გათვალა, რომ ჯესიკა ზუსტად ისე მოიქცეოდა, როგორც საზოგადოებამ გვასწავლა მოქცევა ყველა ქალს/გოგოს. ალექსმა იფიქრა, ჯესიკა იეჭვიანებდა ჰანაზე იმის გამო, რომ ალექსს მისი სხეულის ნაწილი უფრო მოსწონს, შეეშინდებოდა შეყვარებულის დაკარგვის და ექნებოდა მასთან სექსი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბრაისის მიერ გავრცელებული ფოტოს და ჭორის შემდეგ ჰანას უკვე ჰქონდა სკოლაში კონკრეტული იმიჯი, ჯესიკამ იფიქრა, რომ ჰანა თვითონ ცდილობს მისთვის შეყვარებულის წართმევას.

უნდა აღინიშნოს, რომ გენდერული ნიშნით ბულინგი არ ნიშნავს იმას, რომ ჰანას სკოლაში მხოლოდ ბიჭები აბულინგებენ, როგორც გოგოს. „ბოზებს“ სკოლაში გოგონებს ბიჭებიც ეძახიან და გოგონებიც. რატომ? იმიტომ, რომ ქალებსაც და გოგონებსაც, თავი ერთმანეთის კონკურენტები გვგონია. თუ ჩემი თანაკლასელი „ბოზია“, ე.ი. მე უკეთესი ვარ. და რახან ასე ეძახიან, ე.ი. დაიმსახურა. აბა მე რატომ არ მეძახიან „ბოზს“? იმიტომ, რომ მე უკეთესი ვარ… და მერე ეს „არაბოზები“ იწყებენ „ბოზების“ ჩაგვრას იმიტომ, რომ მათ შორის განსხვავება საზოგადოებამ კარგად დაინახოს და დააფასოს.

ასე ნელ-ნელა, „ჩვეულებრივი“, „უწყინარი“ ისტორები მიეწყო ერთმანეთს. ჯერ ჰანას ფოტო, მისი პირველი კოცნის მოგონებით გახდა საჯარო განხილვის და სპეკულაციის თემა, შემდეგ მისი სხეულის ნაწილი, შემდეგ მის საძინებელ ოთახში შეიჭრა უცხო თვალი და აღარც იქ ჰქონდა პირადი სივრცე, სადაც დაცულად იგრძნობდა თავს, შემდეგ მისი პოემა გასაჯაროვდა მისი თანხმობის გარეშე და  საყოველთაო დაცინვის საგანი გახდა, შემდეგ ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ სადაც განხილვის თემაა მისი სხეული და იმიჯი და რადგან ასე მარტივად დასათანხმებელია ჰანა სექსზე, მათაც შეუძლიათ, „ბედი სცადონ“ და თანხმობის გარეშე შეეხონ ხელით, ხოლო მისი უარის შემდეგ, განაწყენდნენ და შური იძიონ მასზე.

საბოლოოდ, ასე „საჯაროდ“ და „სხვისად“ იქცა ჰანას სხეულიც, როდესაც ის ბრაისმა აუზში გააუპატიურა.

ეს მომენტი დეტალებშია ასახული. ნაჩვენებია, როგორ შეშდება ჰანა შიშისგან და შეურაცხყოფისგან, როგორ იყინება და როგორ ვეღარ უწევს წინააღმდეგობას ბრაისს. ალბათ, ჰანას სწორედ ამ რეაქციის საჩვენებლად გადაწყვიტეს სერიალის შემქმნელებმა ასე მძიმედ, დეტალებში ეჩვენებინათ გაუპატიურების სცენა. ყველა ქალი ვერ იბრძვის გაუპატიურების დროს, ვერ ყვირის, შველას ვერ ითხოვს და ვერ ურტყამს მოძალადეს წიხლებს და თქვენ წარმოიდგინეთ, „არაც“ შეიძლება ვერ იყვიროს. ეს ფაქტორი არავითარ შემთხვევაში შეიძლება გახდეს გაუპატიურების ფაქტის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი.

როგორც ჩანს, ჰანას სკოლის ფსიქოლოგმა ეს არ იცის… მას შემდეგ, რაც ჰანა მას დახმარებისთვის მიმართავს და ეტყვის, რომ სკოლის წვეულებაზე გააუპატიურეს, იგი ურჩევს, რომ „ცხოვრება გააგრძელოს“. ჰანამ ცხოვრება რა თქმა უნდა გააგრძელოს, თუმცა ფსიქოლოგს ცხოვრება პირდაპირი გაგებით არ უგულისხმია. მან ჰანას ურჩია, რომ გადაებიჯებინა ამ ისტორიისთვის („Youcanmove on“), ასევე უთხრა, რომ ამის გაკეთება რამდენიმე თვეში უკვე გაუადვილდება, რადგან ბიჭი, რომელმაც ის გააუპატიურა, სკოლას ამთავრებს.

ერთი შეხედვით, ფსიქლოგს არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია. გაუპატიურების მტკიცება მართლაც რთულია და მსხვერპლი მტკიცების პროცესში ძალიან ბევრ მძიმე პროცესს გადის. მაგრამ, ჰანას ძალიან სჭირდებოდა, სცოდნოდა, რომ მოძალადე აუცილებლად დაისჯებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიციას მიმართავდა. ამის გარანტიას კი, ცხადია, მას ვერავინ მისცემდა, რადგან ქალებს გაუპატიურების მტკიცების დროს ჯოჯოხეთის მეორედ გავლა უწევთ.

შეიძლება, ეს კითხვები: „უთხარი რომ არ გინდოდა სექსი?“, „გაუწიე წინააღმდეგობა?“, „დალიე იმ საღამოს?“, „რამდენი დალიე?“, „ნარკოტიკებს მოიხმარდი იმ საღამოს?“, „იქნებ ჯერ დათანხმდი სექსზე, და შემდეგ შუა გზაში გადაიფიქრე?“, „თუ თანხმობა არ მიგიცია, დალურჯებები რატომ არ გაქვს?“, „ეს კაბა გეცვა როცა გაგაუპატიურეს?“ – ვინმეს ლეგიტიმურ კითხვებად მოეჩვენოს, თუმცა, რეალურად, ეს კითხვები ძალადობის მსხვერპლის დადანაშაულების ხერხია და იმის მცდელობა, რომ მსხვერპლმა „იქნებ მე შემეშალა რამე?“ კითხვა დაუსვას თავის თავს. სწორედ ეს კითხვებია, რის გამოც ძალიან ბევრი გოგონა/ქალი იღებს გადაწყვეტილებას, არ მიმართოს პოლიციას მოძალადის დასასჯელად, რადგან სისტემა ამ შემთხვევაში მსხვერპლის ინტერესების დაცვას ნაკლებად ითვალისწინებს. რატომ? შეიძლება იმიტომ, რომ მართლმსაჯულების სისტემა, ისევე, როგორც ბევრი სხვა სისტემა, ქალების ნაკლებობას განიცდის.