ეკონომიკაshe

ბაია აბულაძე – მეღვინე გოგონას არაჩვეულებრივი ყოველდღიურობა

23 წელი ძიების, განათლების მიღების, საკუთარ თავზე ინტენსიური მუშაობის ასაკია, თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, ბაია აბულაძემ გაცილებით მეტი შეძლო – მეღვინეობის ადგილობრივ ბაზარზე დიდ წარმატებას მიაღწია. ბაიას ოჯახს წლებია, რაც ბაღდათის რაიონის სოფელ მეორე ობჩაში საკუთარი ვენახი აქვს. ოჯახი ყურძნის თეთრი ჯიშების – ცოლიკოურისა და ციცქასგან საგვარეულო ღვინოს ყოველთვის აყენებდა, მაგრამ ბაიას ძალისხმევით, ოჯახში მოხმარებისთვის განკუთვნილი ღვინო, „ბაიას ღვინოს“ ბრენდული სახელით, უკვე წარმატებით იყიდება. იმის პარალელურად, რომ ილიაუნის მაგისტრატურაზე საჯარო ადმინისტრირების განხრით სწავლობს, ბაია ტურიზმის სფეროთიც აქტიურად არის დაინტერესებული. 

ბაია აბულაძე: სწავლის, მეურნეობისა და ბიზნესის შეთავსება, თუნდაც დროის კუთხით, საკმაოდ რთულია. ამაში ჩემი კურსელები მეხმარებიან, თბილისში არყოფნისას გაცდენილ მასალას მათთან ერთად ხელახლა გავდივარ ხოლმე. ასევე, ოჯახი ძალიან მიწყობს ხელს, რომ მაქსიმალურად ორგანიზებული ვიყო. მეღვინეობასთან დაკავშირებულ ცოდნას “ღვინის კლუბში” ვიღრმავებ, სადაც ამ სფეროში  მომუშავე ადამიანებთან მუდმივი ინტერაქცია მაქვს. ასევე, ბიზნესის გამართვაში დიდად დამეხმარა სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში”.

ძალიან ახალგაზრდა ხართ. როგორ მოხდა, რომ უკვე ქართულ ბაზარზე თქვენ მიერ შექმნილი ბრენდის დამკვიდრება შეძელით?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ იგივე “ღვინის კლუბში”, ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, ვინც თავის ცოდნასა და გამოცდილებას მიზიარებს. მათგან უამრავი რამ ვისწავლე, უკეთესი ცოდნა მივიღე. ის საქმე, რაშიც ვტრიალებ და რაში მუშაობას მომავალშიც ვაპირებ, ძალიან მიყვარს. იმდენად, რამდენადაც ჩემს ხელში ღვინო ყველა ტექნოლოგიურ პროცესს გადის, პლუს მზა ღვინის რეალიზაცია, ეს ყველაფერი ერთგვარ გამოწვევად მესახება და დიდ მოტივაციას მაძლევს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, – ყურძნის იმერული ჯიშებით დამზადებული ღვინო, – მომხმარებელმა მოწონებით მიიღო, საინტერესო სიახლედ აღიქვა. მაგალითად, ხშირად თავად მინახავს, რომ ღვინის ფესტივალებზე ჩვენი პროდუქციის შეძენისას, კლიენტები ერთგვარ არაპირდაპირ მხარდაჭერას გვიწევენ, რისთვისაც მათი უზომოდ მადლობელი ვარ.

ღვინის წარმოება თქვენი ოჯახის ძირძველი ტრადიციაა. როდესაც ამ სფეროში დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგით, ოჯახი როგორ შეხვდა ამას?

რასაკვირველია, დადებითად. მანამდე, ჩვენი ოჯახის ტრადიციული მეღვინეობა მხოლოდ „შიდა მოხმარებისთვის“ წარმოებული ღვინოთი შემოიფარგლებოდა, მაგრამ როდესაც ამ პროცესმა უკვე საწარმოო სახე მიიღო, ჩვენთვის ეს დიდ გამოწვევად იქცა. ახლა სულ სხვანაირად ვმუშაობთ, ოჯახის ყველა წევრი, – დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ჩემი ძმა – მასში აქტიურად ვართ ჩაბმულნი.

ღვინო რას ნიშნავს თქვენთვის?

ღვინო ჩემთვის უამრავ რამესთან ასოცირდება, მაგრამ პირველ რიგში, ეს კომუნიკაციის სასიამოვნო ხერხია. გარდა ამისა, ჩვენი კულტურისთვის, ისევე, როგორც პირადად ჩემი ოჯახისთვის, იგი ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი ელემენტია, აქამდე მოსული ისტორიაა, რომელიც კვლავაც უნდა განვაგრძოთ.

ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, ღვინის მოხმარების და მით უფრო წარმოების საქმეში ქალის ადგილი მაინცდამაინც არ მოიპოვება. ძნელია ამ სტერეოტიპთან გამკლავება?

სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ გულის ფანცქალით ველოდებოდი მასიურად უარყოფით დამოკიდებულებებს ჩემ მიმართ, თუმცა, ეს მოლოდინი არ გამართლდა. უფროსი ასაკის ადამიანებში ვხედავ ძირითადად სკეპტიკურ დამოკიდებულებას, ეღიმებათ ხოლმე, სად ქალი და სად ღვინოო. თავდაპირველად, ყველას ეგონა, რომ მილიონერი ბაბუა მყავდა, ვინც ამ ყველაფერს აფინანსებდა, მაგრამ როდესაც მათი ვარაუდი არ დადასტურდა, ჩემს საქმიანობას ახლა უკვე „სერიოზულად უყურებენ“.

მოგეხსენებათ, ჩვენში ქალისთვის საკუთარი ბიზნესის წამოწყება განსაკუთრებულად რთულია. ეს ბევრ გარე თუ შინაგან ფაქტორს უკავშირდება; საზოგადოებრივ ასპარეზზე გასულ ქალს, კაცთან შედარებით, გაცილებით მეტი ბარიერის გადალახვა უწევს. რამდენად მზად ხართ, ბიზნესში თქვენი ცოდნა და გამოცდილება სხვა ქალებს გაუზიაროთ?

მიყვარს, როდესაც ცოდნას მიზიარებენ, ან მე თავად გადავცემ. ახლახან, კახეთის ორ სოფელში, შეხვედრები მქონდა. მარტივ ენაზე ბიზნეს გეგმის დაწერაზე ვისაუბრეთ, იმ პრობლემებზე, რომელიც საკუთარი ბიზნესის წარმოებას ახლავს თან. ამ ინტერაქტიულ შეხვედრებში მონაწილეობას ადგილობრივი ქალებიც იღებდნენ. ჩემი დიდი სურვილია, შეძლებისდაგვარად ყველა იმ ადამიანს დავეხმარო, ვისი დახმარებაც შემიძლია.

სხვა მეღვინე ქალებიც თუ არსებობენ და მათთან თანამშრომლობა თუ გაქვთ?

არის ასეთი ქალი, ქეთი ნინიძე, რომელსაც მამასთან ერთად მარტვილში ღვინოს აწარმოებს – მას უკვე საკუთარი ღვინოც აქვს ჩამოსხმული და გამოშვებული. ეს ადამიანები თბილისში ცხოვრობდნენ, მაგრამ მარტვილში გადავიდნენ, რაც შესანიშნავი მაგალითია იმისათვის, რომ ადგილობრივმა მცხოვრებმა სოფელი არ მიატოვოს და იმის გამო, რომ დედაქალაქში არ ცხოვრობს, თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს. პირიქით, ტენდენცია უკვე ისეთია, რომ რეგიონებში უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს საქმიანობას და ცხოვრებას. ქეთის თეთრი ოჯალეში აქვს დაყენებული, რაც დიდ იშვიათობას წარმოადგენს (როგორც მოგეხსენებათ, ოჯალეში წითელი ღვინოა). ამ ექსპერიმენტმა ნამდვილად გაამართლა. ჩვენ ერთმანეთში მუდმივ ინტერაქციაში ვართ, რაც ჩვენი საქმიანობის განვითარებას დიდად უწყობს ხელს.

და ბოლოს, „ტრადიციული“ კითხვა: იმის გამო, რომ დღეს საქართველოში ქალების ეკონომიკური გაძლიერება პირდაპირ უკავშირდება მათზე ძალადობის ტენდენციის შესუსტებას. რა უნდა გავაკეთოთ ყველამ იმისათვის, რომ ქალებმა როგორღაც დააღწიონ თავი სოციალურ-კულტურულ წნეხს და დამოუკიდებლად შეძლონ თავიანთი ცხოვრების განკარგვა?

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებზე ვსწავლობდი და ოჯახში ძალადობის საკითხი ჩემს ინტერესთა სფეროში ხშირად მოქცეულა. მიმაჩნია, რომ ოჯახში ძალადობა არის ისეთი რამ, რაც ქალს არა მხოლოდ პიროვნული, არამედ ყველანაირი სხვა განვითარების შესაძლებლობას უსპობს. ალბათ, მისგან თავის არიდება ყველაზე უკეთესი გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ თუ მის კლანჭებში მაინც აღმოვჩნდით, უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოვრება არც იწყება და არც მთავრდება ერთი კონკრეტული სფეროთი. ვფიქრობ, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ქალი ბედს არ უნდა დამორჩილდეს. მას საკუთარი ცხოვრების შეცვლის ბევრი შანსი აქვს, მხოლოდ ცვლილებებს არ უნდა შეუშინდეს: თუნდაც საცხოვრებელი ადგილის გამოცვლას, მოძალადე ქმართან განშორებას. რასაკვირველია, ადამიანები ერთმანეთის შენარჩუნებას უნდა ცდილობდნენ, მაგრამ არა – ძალადობისა და ჩაგვრის ხარჯზე. ამ შემთხვევაში, ალბათ სჯობს, ქალმა უფრო მეტად განვითარების უკეთესი გზა იპოვოს და თავისი ცხოვრება დადებითად შეცვალოს, თუნდაც ბავშვების გამო. ეს ლიტონი სიტყვები არ არის, რეალობაა.

ესაუბრა შორენა გაბუნია