საფარი

ბაია პატარაიამ ქუვეითში ქალთა მიმართ ძალადობისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

სამშაბათს, ქუვეითში, კამპანია Abolish 153-ის ორგანიზებით, სიმპოზიუმი ჩატარდა, რომლის თემაც ქალთა მიმართ ძალადობა იყო. სიმპოზიუმში, სათაურით „სად სრულდება ადვოკაცია და პოლიტიკა?“ (Advocacy and Politics, Where Do They Fulfill?), ადამიანის უფლებათა და პოლიტიკურმა აქტივისტებმა მიიღეს მონაწილეობა – ქუვეითიდან, საუდის არაბეთიდან და საქართველოდან. უფლებადამცველებმა იმ საკანონმდებლო ხარვეზებსა თუ ცვლილებების საჭიროებაზე ისაუბრეს, რასაც სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა ქალთა უფლებების დაცვის კუთხით საჭიროებს.

Abolish 153 campaign ქუვეითის სისხლის სამართლის კოდექსიდან 153-ე მუხლის ამოღებას მოითხოვს, რომელიც კაცებს მარეგულირებელ, სასამართლო და აღმასრულებელ ძალაუფლებას ანიჭებს მათი ოჯახის წევრი ქალების მიმართ. ეს კი, ქვეყნის კონსტიტუციის, ქალთა უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებების აშკარა უგულებელყოფაა. მსგავსი რამ, ისლამურ შარიათშიც კი არ გვხვდება.

ზემოთხსენებული კანონის თანახმად, თუ კაცი თავისი ოჯახის წევრ ქალს – დედას, დას ან ცოლს, „საეჭვო სექსუალურ აქტში“ (zinna) ამხელს, ქალის მოკვლის ან ქალის და მისი პარტნიორის დახოცვის შემთხვევაში, მისი სასჯელის ზომა განისაზღვრება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან 3000 რუპიის ოდენობის ჯარიმის გადახდით.

მიუხედავად იმისა, რომ სიმპოზიუმზე ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ბევრმა მწვავე პრობლემამ გაიჟღერა, მისი მთავარი ფოკუსი სწორედ ქუვეითში ამ  კანონის შეცვლასთან დაკავშირებული საკითხებისკენ იყო მიმართული.

დისკუსიას დოქტორი ალანუდ ალ-შარეხი (Alanoud Al-Sharekh) უძღვებოდა. სიმპოზიუმზე საქართველოში ქალთა წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ ისაუბრა ბაია პატარაიამ. მან აღნიშნა, რომ ქალებს ყველა ქვეყანაში აქვთ პრობლემები და ქალთა მიმართ ძალადობა ყველგან გამოწვევაა. “საფარის” ხელმძღვანელმა აქცენტი გააკეთა კანონის მნიშვნელობაზე, კანონის აღსრულების ეფექტიანობაზე და მენტალიტეტის და ტრადიციების როლზე. “ყველა სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, მათ შორის ქალებიც; ქალის დაცვა ოჯახის კი არა, სახელმწიფოს ვალდებულება უნდა იყოს, კანონის და სახელმწიფო აპარატის ძალით”, – აღნიშნა პატარაიამ.

ასევე, სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ ქუვეითელი დეპუტატი ომარ ალ-ტაბტაბაი (Omar Al-Tabtabaie), Abolish 153 campaign-ის წევრი სუნდუს ჰუსაინი (Sundus Hussain), მაჰა ალ-მუნიფი (Maha Al-Muneef) Worldwide League for Avoidance of Youngster Abuse and Neglect-იდან, ღანემ ალ-ნაჯარი, (Ghanem Al-Najjar), რომლებმაც ქუვეითის კანონმდებლობაში ქალზე ძალადობის მწვავე და დაუყოვნებლივ გადასაჭრელ ასპექტებზე ისაუბრეს. ქუვეითელმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ აუცილებლად შეეცდება ქვეყნის სხვა კანონმდებელთა დარწმუნებას იმაში, რომ სისხლის სამართლის 153-ე მუხლი გაუქმდეს, და დასძინა, რომ ეს ცვლილება მხოლოდ საკანონმდებლო კი არა, არამედ კულტურული, სისტემური ნაბიჯი უნდა იყოს ადამიანების ცნობიერებაში.