მას შემდეგ, რაც გუშინ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პეტიცია სექსუალური შევიწროვების აკრძალვის მოთხოვნით განსახილველად მიიღო, სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება სექსუალური შევიწროების დეფინიცია. ზოგიერთი მომხმარებელი ერთ-ერთ კონკრეტულ განსაზღვრებას – სექსუალური შინაარსის დაჟინებულ მზერას – სარკაზმით შეხვდა, რასაც თავად “სექსუალური შევიწროების” ცნების დაკნინების მცდელობებიც მოჰყვა.
ამასთან დაკავშირებით, ბაია პატარაიამ კონკრეტული დეფინიციის განმარტება გააკეთა.
“შევეცდები, უფრო კარგად ავხსნა ამ დაჟინებულ მზერასთან დაკავშირებული გაუგებრობა იმ შეკითხვების მიხედვით, რაც ყველაზე ხშირად შემხვდა ფეისბუქზე:
1. ეწერება თუ არა კანონში დაჟინებული მზერა?
– არა, არ ეწერება. კანონის ჩანაწერი იქნება ზოგადი, ასე მაგალითად: “ნებისმიერი სექსუალური ხასიათის არასასურველი ქმედება, რომელიც იწვევს დამცირებას, მტრული გარემოს შექმნას” და ა. შ.
2. შეიძლება ზოგადად მზერა/მიშტერება ჩაითვალოს სექსუალურ შევიწროებად?
– შეიძლება, მაგრამ არა – ყველანაირი. ჩვეულებრივი ყურება, დაკვირვება, მიშტერება და თვალიერება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სექსუალურ შევიწროებას აქვს ადგილი.
3. როგორი მზერა ჩაითვლება შევიწროებად?
– ისეთი მზერა, რომელიც არის სექსუალური ხასიათის, ასე მაგალითად: როცა ადამიანი მოგჩერებია ინტიმურ ორგანოებზე და თვალს არ გაშორებთ, თქვენი პროტესტის მიუხედავად. როცა ისე გიყურებს, თითქოს თვალებით გაშიშვლებს და სხვა. ანუ მზერა უნდა იყოს აუცილებლად სექსუალური შინაარსის.
4. ვინ განსაზღვრავს, როგორია ჩემი მზერა?
– განსაზღვრავს ის ადამიანი, ვისაც უყურებთ. ეს არ არის სიახლე სამართალში. სამართალში ბევრ რამეს განსაზღვრავს მსხვერპლი. მაგალითად: ცემამ ტკივილი და ტანჯვა მიაყენა თუ არა, განსაზღვრავს ის ადამიანი, ვისაც სცემეს. მუქარა რეალურია თუ არა, ვინ განსაზღვრავს, მუქარის მიმღები ადამიანი და ა.შ.
5. თუ სიამოვნებს ადამიანს, რომ ვუყურებ, თუ მიღიმის ან მეპრანჭება, მაშინ?
– მაშინ ეს აღარ არის შევიწროება, რადგან შევიწროება არასასურველია. ხოლო ის რაც სასურველია, აღარ არის შევიწროება. ფლირტი არ იკრძალება ამ მუხლით. ფლირტსა და შევწიროებას შორის განსხვავება სასურველობაა. იძულებითი ფლირტი, სადაც მეორე ადამიანი უკმაყოფილო და შეწუხებულია, ფლირტი აღარაა და თუ არ შეწყვეტთ ასეთ “ფლირტს” უარის მიღების შემდეგ, თქვენი ქცევა შევიწროებაში გადაიზრდება.
6. თუ ვიღაც მიყურებს, არ მსიამოვნებს, მაგრამ არც მაღიზიანებს, მაშინ?
– მაშინ ეს შევიწროვება არ არის, რადგან შევიწროებას სჭირდება, რომ მსხვერპლმა თავი იგრძნოს შეურაცხყოფილად და დამცირებულად. ანუ ადრესატის აღქმა და გრძნობები მნიშვნელოვანია და განსხვავებულიცაა მათი სქესის, ასაკის, სოციალური მდგომარეობის და სხვა ბევრი მახასიათებლის მიხედვით. თუ თავი დამცირებულად არ იგრძენით, ესე იგი შევიროებაზე არც იჩივლებთ.
7. აუცილებელია უარის დაფიქსირება? არსებობს თუ არა შემთხვევები, სადაც უარს მნიშვნელობა არ აქვს?
– დიახ, არის ისეთი შემთხვევები, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ მიზანმიმართულად შეურაცხმყოფელია და ის მოსაწონი ვერ იქნებოდა. მაგალითად, უცხო ადამიანისთვის გენიტალიების ჩვენება, ან ძალიან უწმაწური სიტყვების მიძახება ვერ იქნება მოწონებული და როგროც წესი, ამის ჩამდენი ზუსტადაც რომ მსხვერპლის დაშინებას და შეურაცხყოფას ისახავს მიზნად და აქ უარის დაფიქსირების მოთხოვნა აზრს კარგავს.
8. დამტკიცება სჭირდება სექსუალურ შევიწროებას?
– კი, ყველა სამართალდარღვევას სჭირდება გარკვეული მტკიცებულებების მოკრება. ამ მტკიცებულებების გარეშე პოლიციასაც გაუჭირდება რეგირება და სასამართლოს – მით უმეტეს. მტკიცებულება კი შეიძლება იყოს მოწმე, რომელიც ამ კონფლიქტს შეესწრო, ან ჩანაწერი, ან რამე კიდევ სხვა, კონკრეტულ შემთხვევას გააჩნია.
თუ მაინც გეცინებათ მიშტერებულ მზერაზე, წარმოიდგინეთ დედათქვენი ან თქვენი არასრულწლოვანი ქალიშვილი ავტობუსში, რომელსაც ვიღაც ამაზრზენი ტიპი ისე გამომწვევად მისჩერებია სახეში, ან მკერდზე, ან მთლიანად, რომ თვალებით აშიშვლებს და ჭამს! სასაცილოა? მე მგონი, არ არის სასაცილო, როდესაც საკუთარ დედას ან შვილს წარმოვიდგენთ ასეთ დამამცირებელ და უხერხულ სიტუაციაში. როდესაც ადამიანი მარტო ვეღარ უმკლავდება ასეთ სიტუაცია, უნდა იცავდეს თუ არა მას კანონი? უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება, დახმარებისთვის მიმართოს პატრულს? მგონი, უნდა ჰქონდეს.
სექსუალური შევიწროება დიდი პრობლემა და ერთი კონკრეტული ფორმის გამო, სასაცილოდ არ უნდა ავიგდოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მზერითაც შეიძლება ადამიანის შევიწროება. მე არ მჯერა იმ კაცების, რომლებიც ამბობენ, რომ არ არსებობს უხამსი ან შეურაცხმყოფელი მზერა. კაცები მუდმივად უკონტროლებენ მზერას ერთმანეთს და სულ მზად არიან, შეურაცხმყოფელი მზერის გამო ერთმანეთს აუშარდნენ და ეჩხუბონ. ჰოდა, თქვენ თუ იცით, რა არის დამამცირებელი მზერა, ჩვენც ვიცით, უფრო მეტიც, ჩვენ უხამსი მზერაც ვიცით რა არის და არ მოვითმენთ მას!”, – ამბობს ბაია პატარაია