ბლოგები

ბაია პატარაია, ფემინისტური დღიურები

დასაწყისი

საკუთარ თავს როდის დავარქვი ფემინისტი, არ მახსოვს. ისე გავიზარდე, არაფერი მსმენია ფემინიზმზე. მაგრამ, ფემინიზმის ცოდნა არ იყო საჭირო იმისთვის, რომ არ მომწონებოდა უფროსების რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება ბიჭებისა და გოგონების, ქალებისა და კაცების მიმართ. მე ნეიტრალური დამოკიდებულება მინდოდა ჩემ მიმართ, ჩემი ინტერესების და შესაძლებლობების გათვალისწინებით. მაგრამ, ეს მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესაძლებელი. ოჯახში უამრავი აკრძალვა მხვდებოდა გოგოობის გამო. მიუხედავად ათასი შეზღუდვისა, ჩემს მშობლებს სჯეროდათ, რომ სწავლის შემთხვევაში, კარგი მომავალი მექნებოდა და ხელს მიწყობდნენ განათლების მიღებაში. გამიმართლა იმაშიც, რომ ადრეული ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ. მამაჩემის უამრავ პატრარქალურ შეგონებას შორის, იყო ერთი ძალიან ფემინისტურიც: “ისწავლე, რომ იყო წარმატებული შენს პროფესიაში და ყოველთვის გქონდეს იმდენი ფული, რომ შეგეძლოს საკუთარი თავის და შენი შვილის შენახვა”. მამაჩემი არასდროს ახსენებდა ქმარს, თითქოს ქორწინება არც არსებობდა, მაგრამ ახსენებდა ჩემს მომავალ შვილებს. დაუჯერებელია, მაგრამ პირდაპირ მარტოხელა დედობისთვის მამზადებდა და ამიტომ მუდმივად ხაზს უსვამდა ეკონომიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. გაჭირვებული 90-იანების ბოლოს შემოსავლიანი სამსახურის პრაგმატულ მოსაზრებას შეეწირა ჩემი ხელოვნების სიყვარული და ოჯახის დაჟინებული თხოვნით, იურისტობა (ანუ შემოსავლიანი პროფესია) ავირჩიე. სწავლა-სწავლაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში აღმოვჩნდი უნგრეთში, სადაც პირველად ვისწავლე გენდერი და სამართალი, 2007 წელს კი, იურიდიული დახმარების გასაწევად, პირველად შევხვდი ოჯახში ძალადობის მსხვერპლს და სამუდამოდ მოვიხსენი ვარდისფერი სათვალეები.

სწორედ ამ დროს გავაცნობიერე, რომ ქალებს მარტო კი არ უკრძალავენ საკუთარ ჭკუაზე ცხოვრებას, არამედ მათ სასტიკად სჯიან კიდეც ამისათვის. გავაცნობიერე, რომ ქალებს სცემენ ოჯახებში; რომ არიან მშობლები, რომლებსაც აღარ უნდათ თავიანთი გათხოვილი ქალიშვილი და მოძალადე ქმართან ცხოვრებას აიძულებენ; რომ არიან ძმები, რომლებიც ქონებას არ უყოფენ დას და პირდაპირ ქუჩაში ტოვებენ. ამ საქმეებმა ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ შემდგომშიც, როცა უკვე იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი, ვერ დავივიწყე ეს ქალები. მათზე ფიქრით და მათი დახმარების სურვილით, ნელ-ნელა ვიქეცი ქალთა უფლებადამცველად. სამინისტროში მუშაობის დროს, ზოგჯერ დამცინოდნენ კიდეც, ქალთა უფლებების ამოჩემების გამო. მაგრამ, სხვების არასერიოზული დამოკიდებულების გამო არ ღირს იმ საქმიანობის მიტოვება, რისიც გჯერა. აქტიურად დავიწყე ფემინისტური ორგანიზაციების ძებნა, დავიწყე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ოჯახში ძალადობაზე ან სახელმწიფო სამოქმედო გეგმებზე მუშაობდნენ და სიმართლეს გეტყვით, ფემინისტები მე იქ ვერ ვიპოვნე. მაგრამ, ვინც ეძებს, ის პოულობსო და მორიგი ტრეინინგისთვის დოკუმენტური ფილმის ძიებისას, მიმასწავლეს ლია ჯაყელი, ლიამ კიდევ – ეკა აღდგომელაშვილი. მოვიწვიეთ ეს ორი ქალი ტრეინინგზე და ამ ტრეინინგზე, ჩემდა გასახარად, პირველად აღმოვაჩინე ცოცხალი ქართველი ფემინისტი ქალები. მე ისინი ვიპოვნე! შეიძლება, ახლა სასაცილოდ ჟღერს ეს ამბავი, დღეს აბა რა დიდი ძებნა უნდა ფემინისტებს საქართველოში? მაგრამ 2010 წელს, ეს ასე არ იყო.

2010 წელს გავიცანი ანუკ ბელუგა, მისი ნახატების გამო მივწერე ფეისბუქზე, მაშინვე დავმეგრობრდით. ანუკამ ანიკა სვეი გამაცნო, ანიკამ – ნინო ხარჩილავა, ნინომ ქალების ჯგუფში დამამატა ფეისბუქზე, სადაც, ერთ მშვენიერ დღეს, თამთა მელაშვილმა დაწერა, შევიკრიბოთ და სადაზღვეო კომპანიის სექსისტური რეკლამის გასაპროტესტებლად ალტერნატიული ფოტოები გადავიღოთო. აი, ასე მივედი შეხვედრაზე, სადაც გავიცანი გოგოები, რომლებთან ერთადაც სულ მალე ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ. ძალიან მიხაროდა ეს ამბავი და ერთხელ ფეისბუქზეც კი დავწერე: “მე ფემინისტი ვარ!”. “ვნახე შენი ქამინგ აუთი”, – მომწერა მეგობარმა. მაშინ გამეცინა, ფემინიზმს რაში სჭირდება “ქამინგაუთი”-მეთქი, მაგრამ, შემდგომშიც ბევრჯერ ვნახე ჩემი ფემინიზმით შოკირებული და უხერხულ მდგომარებაში ჩავარდნილი ადამიანები. თითქოს ხომ გასაკვირი არაა 21-ე საუკუნეში ადამიანების თანასწორობის იდეის მხარდაჭერა და ქალების ისტორიული ჩაგვრის აღიარება, – მაგრამ არის. დღემდე უკვირთ.

ვინ ვართ ჩვენ?

ბევრმა არ იცის, რომ ქართული ფემინიზმი მაშინ დაიწყო, როცა სიტყვა ფემინიზმიც არ არსებობდა. პირველი ფემინისტური მანიფესტი ბარბარე ჯორჯაძეს ეკუთვნის. დღევანდელი ფემინისტებიც სწორედ მისი საქმის გამგრძელებლები ვართ. მე დღევანდელი ქალების უთანასწორო ყოფა მალაპარაკებს, მჯერა, რომ ქალების გათავისუფლება ჩაგვრისგან სიკეთის მომტანი მარტო ქალებისთვის კი არ არის, არამედ აბსოლუტურად ყველასთვის და მათ შორის მატერიალური სიკეთის მომტანიც. მე მჯერა ქალების და ამიტომაც ვარ ფემინისტი.

საბჭოთა კავშირმა ფემინიზმიც მოკლა, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი აქტივიზმი. ქალთა გაძლიერებაში საბჭოთა კავშირის როლი უკიდურესად გაზვიადებულია. თავდაპირველი პროგრესი, მოგვიანებით შეიცვალა და ქალები ისევ ოჯახებში შეყარეს, მსახურების მიზნით. საბჭოთა საქართველოში ქალი ყოველთვის კაცის დანამატი იყო, და თუ ქალებს გარეთ შრომის საშუალება მისცეს, სახლის შრომა არ ჩამოუცილებელიათ. დღემდე ქალები საქართველოში ორმაგად ექსპლუატირებულები არიან: მუშაობენ მინიმუმ ორ სრულ განეკვეთზე და აქედან ერთი – საშინაო საქმე არათუ არ ანაზღაურდება, არამედ შრომადაც არ ითვლება.

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, გამოჩნდნენ ჩვენი დროის პირველი ფემინისტებიც. მათ მოახერხეს საერთაშორისო სტანდარტების შემოტანა და ძირითადი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა ქალთა უფლებებზე, საფუძველი ჩაეყარა ინსტიტუციებს, მაგრამ ქალთა მოძრაობა, როგორც ასეთი, მაშინ ვერ ჩამოყალიბდა.

2011 წლიდან განსხვავებული ფემინისტური აქტივიზმი დაიყო, 2014 წლის შემდეგ კი უკვე შეიძლება ვისაუბროთ ფემინისტურ მოძრაობაზე საქართველოში.

მე მახსოვს პერიოდი, როცა ადამიანებს ზოგადი წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ფემინიზმზე, არათუ მის მრავალფეროვნებაზე. მახსოვს დრო, როცა იმდენად ცოტა ვიყავით, რომ შეუძლებელი იყო რამდენიმე პარალელური ჯგუფის არსებობა. ახლა ჯგუფიც ბევრია და ერთმანეთის კრიტიკაც – შესაძლებელი. ჩამოყალიბდა უფრო მემარცხენე და ქვიარ ფემინისტური ჯგუფები. ნელ-ნელა ფემინიზმი იკრებს ძალას, რომ არამარტო ქალთა პრობლემებზე, არამედ სხვა ტიპის ჩაგვრებზეც აიმაღლოს ხმა, თუმცა საამისოდ მას გაფართოება და გაძლიერება სჭირდება. ფემინისტურ ბრძოლას გარკვეული რესურსი სჭირდება, ადამიანს ცოდნაც სჭირდება, დროც, ფულიც, რადგან აქტივიზმი არაანაზღაურებადი საქმიანობაა, უფრო მეტიც, ხშირად აქტივიზმი საკუთარი ჯიბიდან უნდა დააფინანასო. შესაბამისად, ფემინისტური აქტივიზმის საშუალება დღეს ყველას არ აქვს. ფემინისტური ბრძოლა ჯერ კიდევ ფუფუნებაა, მაგრამ ჩვენ ის უნდა გავხადოთ ყველასათვის ხელმისაწვდომი.

რისთვის ვიბრძვით და რას მივაღწიეთ?

ნამდვილი ფემინისტური აქტივიზმი 2011 წელს დავიწყე, “ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფთან” ერთად. ჩვენ ვრეაგირებდით იმ მოვლენებზე, რაც გამორჩეულად სექსისტური, ან საფრთხის შემცველი გვეგონა. ვრეაგირებდით სექსისტურ რეკლამებზე; ვრეაგირებდით პატრიარქის ეპისტოლეებზე, სადაც ის ცოლებს ქმრისთვის ფეხის დაბანისკენ მოუწოდებდა, ქალის სამუშაოს კი გართობას ეძახდა; ვრეაგირებთ სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ქალწულობის გამოკვლევის პრაქტიკაზე და სხვ. ჩვენ ვაგებინებთ საზოგადოებას, რომ ზოგიერთი პრაქტიკა დისკრიმინაციული და ძალადობრივია ქალის მიმართ. რეალურად, ჩვენ დავიწყეთ ახალი ცოდნის შექმნა, ჩვენ დავარქვით სახელი სექსიზმს და დისკრიმინაციას კონკრეტული მოვლენების მაგალითზე. ნელ-ნელა საზოგადოებამ ისწავლა კიდეც, რა არის სექსზიმი და რაში გამოიხატება დისკრიმინაცია, ისწავლა, რომ ასეთ ქცევას აუცილებლად მოჰყვება პროტესტი. დღეს ეს პროტესტი აღარ არის დამოკიდებული რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე, დღეს უკვე პროტესტს საზოგადოება დამოუკიდებლად აფიქსირებს.

2014 წელს, როდესაც “ქალთა მოძრაობა” სპონტანურად ჩამოყალიბდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, ვყოფილიყავით არა რეაქციულები, არამედ პროაქტიულები. ჩვენ არ ველოდებით ვინმეს შეცდომებს, ჩვენ ვქმნით საკუთარ დღის წესრიგს და ხელისუფლებას ვთავაზობთ პრობლემების გადაჭრის გზებს. ჩვენ მოვითხოვეთ და მივაღწიეთ კანონმდებლობის დახვეწას და კანონის უფრო ეფექტურ აღსრულებას. “ქალთა მოძრაობამ” პარლამენტთან თანამშრომლობით მოითხოვა სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა, რათა საპარლამენტო ზედამხედველობა უფრო ეფექტური და გამჭვირვალე გამხდარიყო. იურიდიულმა კომიტეტმა შექმნა სპეციალური ჯგუფი, მოიწვიეს სამინისტროების წარმომადგენლები, გვქონდა კითხვების დასმის საშუალება. განხილვების  შემდეგ, შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომელთა 95% გაითვალისწინა პარლამენტმა და ერთი წლის თავზე რეკომენდაციების შესრულების ანგარიშიც მოისმინა მთავრობისაგან. რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულდა. ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკაზე მუშაობის ახალი წარმატებული გამოცდილება.

“ქალთა მოძრაობა” ქალთა მიმართ მზარდი ძალადობის საპასუხოდ ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ეს იყო და არის ერთ-ერთ მთავარი საკითხი. ბოლო 3 წლის განმავლობაში, კანონმდებლობა მნიშვნელოვნად დაიხვეწა. შსს-ს სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ამ დანაშაულთან ბროლა აქტიურ ფაზაშია, გამკაცრებულია სისხლის სამართლის პოლიტიკა და მიდგომები. რა თქმა უნდა, კანონის იმპლემენტაციაში ხარვეზები რჩება, რთულია სამართალდამცავების დამოკიდებულებებისა და ქცევის სწრაფი ცვლა. საზოგადოება ნელა ეგუება იმ აზრს, რომ ქალი ქმრის საკუთრება არ არის და ქმარს არ აქვს ცოლის დასჯის უფლება.

“ქალთა მოძრაობის” აქტივიზმის მეორე სამიზნე ქალების პოლიტიკური გაძლიერებაა. ჩვენ საკანონმდებლო კვოტების შემოღებას ვითხოვთ არჩევით ორგანოებში. დღეის მდგომარეობით, 37 500 ხელმოწერით შეტანილი საკანონმდებლო ინიციატივა მოსმენებს გადის პარლამენტში. კვოტების პროექტი არაერთხელ ჩავარდნილა. კვოტები არც ერთ ქვეყანაში არ მიუღიათ მარტივად. ეს რთული ბრძოლაა. იგი ჩვენ დავიწყეთ მაშინ, როცა პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი კვოტებს “კვატებს” ეძახდა და ეს ინიციატივა სასაცილოდ არ ჰყოფნიდა. დღეს უკვე რამდენიმე პარტიამ შიდა კვოტები დაიწესა, დებატებმა კი სერიოზული სახე მიიღო. პოლიტიკური ლიდერების დაპირებები ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე ცარიელ სიტყვებად დარჩა წლევანდელ არჩევნებზეც. ასეთ ვითარებაში, კანონის საჭიროებაზე სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს.

საქართველოში ქალთა მოძრაობამ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე საუბარი დაიწყო. ყველა ჯგუფი თანხმდება, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე, ქალთა ემანსიპაცია შეუძლებელია. დღეისათვის, ჩვენი სახელმწიფო თეორიულ და იდეოლოგიურ დონეზეც კი არ არის მზად, იმუშაოს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე. არც ერთი სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტი არ ახსენებს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, არ არსებობს სახელმწიფო ხედვა და გეგმა. ჩვენ გვჭირდება ამ საკითხის შესწავლა, კვლევა, ანალიზი და შემდეგ უკვე – ადვოკატირება. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დიდწილად გააერთიანებს სხვადასხვა ფემინისტურ ჯგუფებს, რისი გაკეთებაც ვერ შეძლო კვოტირების საკითხმა. დღემდე ისმის კრიტიკა, რომ კვოტები მხოლოდ საშუალო და მაღალი კლასის ქალებს წაადგება, რასაც მე პირადად არ ვიზიარებ. მე არ მჯერა, რომ ქალების გამაძლიერებელ პოლიტიკას კაცი პოლიტიკოსები შექმნიან. მგონია, რომ ქალების გაძლიერების პოლიტიკა ქალმა პოლიტიკოსებმა უნდა შეიმუშაონ და განახოეციელონ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ აქტიურ ქალებს პოლიტიკაში მოსვლაში და შუშის ჭერის დამსხვრევაში.

ქართულმა ფემინიზმმა ბოლო წლებში ხელშესახები წარმატებები მოგვიტანა, რაზეც უკვე ზემოთაც ვისაუბრე: შეიქმნა ახალი ცოდნები, ამაღლდა საზოგადოების ცნობიერება, იმატა გენდერულმა მგრძნობელობამ, დაიხვეწა კანონმდებლობა, გააქტიურდნენ სამართალდამცავები, მოხდა პრობლემების აღიარება და გარკვეული პოლიტიკების შემუშავება სახელმწიფოს მხრიდან. მიღწევაა ისიც, რომ ფემინიზმი მრავალფეროვანი გახდა, წარმოიშვა ახალ-ახალი ჯგუფები, უფრო მემარცხენე და უფრო რადიკალური და ქვიარ ჯგუფები. ფემინიზმს სჭირდება ეს მრავალფეროვნება და ეს პრეტენზიულობა. დღევანდელ ქართულ ფემინიზმში ეტაპობრივად ძლიერდება ნეოლიბერალური კაპიტალიზმის კრიტიკა და კეთილდღეობის სახელმწიფოს მოთხოვნაც. ვფიქრობ, გაძლიერებული ფემინიზმი აუცილებლად გახდება უფრო მეტად ინტერსექციური და უფრო კრიტიკული ეკონომიკური უთანაწორობის მიმართ.

სირთულეები

ქალთა მოძრაობას და ფემინიზმს საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა აქვს. ფემინიზმის შესახებ მითები ისევ არსებობს, ინფორმაცია კი ნელი ტემპით ვრცელდება. პრობლემაა თვითონ ინფორმაციის გავრცელების გზებიც. მართალია, ჩვენთვის ხელმისაწვდომია სოციალური ქსელები, ტრადიციული მედიაც გვეთანამშრომლება, მაგრამ არსებობს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელსაც ცოტა ინფორმაცია აქვს და არც პირადად შეხვედრია ფემინისტებს სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ. ამასთანაა კავშირში ქალთა მოძრაობის ზრდის ნელი ტემპი. ქალთა მობილიზაციას განსხვავებული მუშაობა სჭირდება, ამაზე კი საკმარისი დრო და რესურსი არ არის.

გამოწვევაა საკუთარი ქვეყნის ფემინისტური ისტორიის არცოდნაც, ყოველ მომდევნო თაობას სულ უფრო ნაკლები ცოდნა აქვს უფროსი ფემინისტების საქმიანობაზე, შეხედულებებსა და გამოწვევებზე. ეს პუბლიკაცია ამ დიალოგის განვითარების ერთ-ერთი მცდელობაა. ინფორმაციის ნაკლებობა თაობათა შორის უნდობლობასაც იწვევს. უშუალოდ ფემინისტებს შორის არასრულფასოვანი კომუნიკაციის გამო, ხშირად საკითხის გარშემო გაერთიანება ჭირს, რაც ასუსტებს საერთო ძალისხმევას.

სერიოზული პრობლემაა რუსული პროპაგანდა და მათ მიერ ხელშეწყობილი ნეოფაშისტური ჯგუფები. საქართველო ჯერ კიდევ ტრანზიციის პერიოდშია, საბჭოთა პერიოდში დაკარგული ღირებულებები ვერ აღგვიდგენია, თავისუფლების და დამოუკიდებლობის ნაცვლად, სიღარიბე და ნაციონალიზმი შეგვრჩა ხელში. გვაქვს უიმედობა და ვერგადარჩენის შიში, რასაც ფაშისტი ლიდერები სათავისოდ გარდაქმნიან და მიზანმიმართულად ამახინჯებენ. არსებობს სიახლის შიში. რუსეთი მუდმივად გვიქმნის ფსევდო მტრის ხატებს. ფემინიზმიც სიახლედ და გადაგვარებად აღიქმება, სახელად – “ქალი ქალს აღარ უნდა ჰგავდეს და კაცი – კაცს?!”. ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, უმეცრებით საზრდოობს. სკოლა, სადაც განათლებას უნდა იღებდეს ადამიანი, ქცეულია ულტრანაციონალიზმისა და ქსენოფობიის აკვნად. სახელმწიფო არ ებრძვის გაუნათლებლობას. განათლების რეფორმა პრაქტიკულად შეჩერებულია და სასწავლო პროგრამები გაჯერებულია “ურაპატრიოტიზმით”; ისტორიის სახელმძღვანელოები მეზობელ ერებს მტრად სახავენ; არ ისწავლება კრიტიკული ანალიზი. ასეთი განათლების სისტემა ყოველთვის ნოყიერ ნიადაგს შექმნის ფაშისტური და რადიკალური ჯგუფებისათვის. ქართული პოლიტიკური ელიტის სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ მას იმდენად აძლევს ხელს რეალური პოლიტიკური პრობლემებიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანა, რომ ხელს არ უშლის ფაშისტური რიტორიკის გარვცელებას. ხშირად, პოლიტიკური ელიტებიც სტერეოტიპების და ფობიების ტყვეობაში არიან და თვითონაც გაუნათლებლებმა არ იციან, რომ რუსული პროპაგანდის გავრცელებას თავადვე უწყობენ ხელს.

რუსეთიდან შეგულიანებული უამრავი ფაშისტური დაჯგუფება ღიად ებრძვის ფემინიზმს და ჩვენს დღის წესრიგს. ებრძვიან გენდერულ უთანასწორობას, რაშიც ყველაზე კარგად იყენებენ მართლმადიდებელი ეკლესიის ყავლგასულ რიტორიკას, ოჯახში კაცის უპირატესობის შესახებ. ეს ფაშისტური ჯგუფები გამუმდებით მოითხოვენ აბორტის აკრძალვას, უხეშად ერევიან განათლების სამინისტროს საქმეებში და აფერხებენ განათლების რეფორმას სკოლაში. საპატრიარქოს დამსახურებაა ის, რომ სკოლებში არ ისწავლება რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მოსახლეობა კმაყოფილია ამით. ქალებს არ აქვთ ელემენტარული ცოდნა საკუთარ სხეულზე.

პრობლემების და გამოწვევების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მნიშვნელოვანია დღის წესრიგის სწორად განსაზღვრა. სამწუხაროდ, ჩვენ პრობლემის სიმწვავის მიხედვით კი ვერ დავსახავთ ჩვენს პრიორიტეტებს, არამედ – იმის მიხედვით, თუ რასთან გამკლავება ძალგვიძს მოცემულ მომენტში. მნიშვნელოვანია, რომ ქალთა მოძრაობამ საქართველოში ისეთი პრობლემები წამოიკიდოს ზურგზე, რომელთა გადაჭრის გზებზე ნათელი წარმოდგენა აქვს და ძალაც შესწევს, სისრულეში მოიყვანოს ისინი. უნდა შევქმნათ ცოდნა და მოვიპოვოთ საზოგადოების მხარაჭერა, მოვამზადოთ ხელისუფლება და ნელ-ნელა მივუყვეთ იმ ბარიერების გადალახვას, რომლის გადალახვაც შეგვიძლია. თან, მუდმივ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ, რომ გაფართოვდეთ და გავძლიერდეთ. ეს საშუალებას მოგვცემს, სულ უფრო მეტად პრობლემურ საკითხებს შევეჭიდოთ.

ქართულმა ფემინიზმმა და ქალთა მოძრაობამ მარგინალიზაციისგან თავის დაცვა უნდა მოახერხოს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა რადიკალური ჯგუფები ცდილობენ ქართველობის და ქრისტიანობის მტრად გამოგიყვანონ, რათა ხალხს აგრესია გაუჩინოს შენ მიმართ. ჩვენ მიერ დღეს გაშვებულმა შანსებმა და დღეს დაშვებულმა შეცდომებმა, შეიძლება მომავალი ფემინისტები მნიშვნელოვნად დახიოს უკან. მეორე კლასიდან პირდაპირ მერვეში ვერაფრით გადახტება ჩვენი საზოგადოება. ყველა პატარა გამარჯვებას უნდა გამყარება. და არასოდეს არ უნდა გავჩერდეთ. არ უნდა დავკმაყოფილდეთ პატარა გამარჯვებებით. არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი. უნდა ვისწავლოთ სოლიდარობა, როგორც ერთმანეთის, ისე სხვა ჯგუფების. უნდა ვისწავლოთ ერთიანი ფრონტის ხაზის ქონა. და უნდა ვაკეთოთ პოლიტიკა იქიდან, სადაც ის კეთდება.