ქალზე ძალადობა

ბაქოში პოლიციამ ქალთა უფლებებისათვის გამართული მიტინგი უხეში ჩარევით დაშალა

ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი მიტინგი, რომლის მოთხოვნა იყო ქალთა უფლებების გაფართოება და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება, პოლიციის დემონსტრანტებთან შეტაკებით დასრულდა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიტინგი უკანონო იყო, და შეკრებილებს დაშლა მოსთხოვეს. მოგვიანებით, მათ უხეშად იწყეს აქციის მონაწილეების ფიზიკური შევიწროება და მათი პლაკატებისა და ლოზუნგების განადგურება.

20 ოქტომბრის აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქმედითი ზომების გატარება და სტამბოლის კონვენციის ხელმოწერა მოსთხოვეს – ევროსაბჭოს მიერ შემუშავებული კონვენციის თანახმად, ქვეყნები ვალდებულნი არიან, ებრძოლონ ოჯახში ძალადობასა და ქალთა მიმართ ძალადობას.

აქციამდე რამდენიმე ხნით ადრე, აქტივისტებმა თავიანთი განცხადება ინტერნეტით გამოაქვეყნეს. მასში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეები ქალთა კვლის, პატრიარქალური სტერეოტიპების, ყოფითი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის წინააღმდეგ ილაშქრებენ, რაც დღესდღეობით აზერბაიჯანში ძალზე გავრცელებულია.

„ჩვენ ქალთა და გოგონათა უფლებებს ვუჭერთ მხარს, რომლებიც მოკლებულნი არიან განათლების შესაძლებლობებს, იძულებით არიან დაქორწინებულნი, რომლებსაც ექსპლუატაციას უწევენ, და ამის გამო, ისინი ხშირად სიცოცხლეს თვითმკვლელობითაც ასრულებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

აქციამდე ერთი დღით ადრე, 19 ოქტომბერს, ბაქოს ცენტრში ასევე არასანქცირებული მიტინგი გაიმართა, დემოკრატიული რეფორმებისა და ქვეყანაში პოლიტპატიმრების უფლებათა მხარდასაჭერად. აქციაში მონაწილეობის გამო, დაკავებულია 60-ზე მეტი ადამიანი.

წყარო: azadliq.org