სტატიები

„ბედნიერი ვარ, რომ ქალად დავიბადე. ალბათ, წინა ცხოვრებაში რაღაც კარგი ჩავიდინე“ – მაია ენჯელოუს 90 წელი შეუსრულდებოდა

ამერიკელი მწერალი და აქტივისტი მაია ენჯელოუ (ნამდვილი სახელი: მარგარეტ ენ ჯონსონი, Marguerite Ann Johnson), შვიდი ავტობიოგრაფიული რომანისა და ლექსების რამდენიმე კრებულის ავტორი, 1928 წლის 4 აპრილს დაიბადა.

მაია სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწერალი და აქტივისტი იყო. შვიდი წლის ასაკში, დედის ბოიფრენდმა მასზე სექსუალურად იძალადა. მაიამ ყველაფერი ძმას უამბო, ხოლო ამ უკანასკნელმა – მთელს ოჯახს. მოძალადე დამნაშავედ ცნეს, თუმცა, მან ციხეში მხოლოდ ერთი დღე გაატარა. გათავისუფლებიდან ოთხი წლის შემდეგ, იგი მოკლეს. ამ მოვლენის შემდეგ, მაია ენჯელოუ თითქმის ექვსი წლით დადუმდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მის ხმას ადამიანის მოკვლა შეეძლო. დუმილის პერიოდში, გოგონა ლიტერატურამ გაიტაცა, ესსეებისა და ლექსების წერა იწყო.

სკოლის დამთავრებიდან სამი კვირის შემდეგ, ქვეყანას მაიას ვაჟი, გაი ჯონსონი მოევლინა. რიგით მეორე ავტობიოგრაფიულ რომანში „გაერთიანდით ჩემს სახელში“ (Gather Together in My Name), ავტორი მარტოხელა დედის ცხოვრების სირთულეებზე, შავკანიანთა ჩაგვრასა და გაუსაძლის სიდუხჭირეზე საუბრობს. იგი ნატურალისტური სიმძაფრით აღწერს თავის ყოფას, სხეულით მოვაჭრე ადამიანების მძიმე ხვედრს, საროსკიპოს მენეჯერად, სტრიპტიზიორად და რესტორანში მცხობელად მუშაობის სირთულეებს, გადარჩენისა და შვილის აღსაზრდელად საჭირო თანხების მოსაპოვებლად გამართულ ყოველდღიურ მძიმე ბრძოლას.

1959 წელს, მაია ენჯელოუ ნიუ-იორკში გადადის, სადაც მარტინ ლუთერ კინგს ხვდება. მეგობართან ერთად, მან შავკანიანთა უფლებებისათვის მებრძოლი მოძრაობა „კაბარე თავისუფლებისათვის“ (Cabaret for Freedom) ჩამოაყალიბა. განუზომელია მაიას წვლილი ამ მოძრაობაში. მისი ლექსები აფროამერიკელთა ჰიმნებად იქცა.

მაია ენჯელოუს ყველაზე ცნობილი წიგნია „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ (I Know Why the Caged Bird Sings), რომელიც 1969 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე აშშ-ის წიგნის ნაციონალური პრემია დაიმსახურა. 1972 წელს, ენჯელოუ ლექსების კრებულის „ვიდრე მოვკვდებოდე, ცივი წყალი მასვი“ (Just Give Me a Cool Drink of Water ’fore I Diiie), პულიტცერის პრემიაზე წარადგინეს.

2011 წელს ბარაკ ობამამ მწერალი თავისუფლების მედლით, სამოქალაქო პირთათვის ერთ-ერთი უმაღლესი ეროვნული ჯილდოთი, დააჯილდოვა.

მაია ენჯელოუ 2014 წლის 28 მაისს გარდაიცვალა, 86 წლის ასაკში.

მაია ენჯელოუს საიუბილეოდ, კომპანია Google-მა საგანგებო დუდლი შექმნა, ანიმაციური ვიდეოთი, რომლის ფონადაც მწერლის ლექსი „მე მაინც ავდგები“ (Still I Rise) ჟღერს. ლექსს ცნობილი ამერიკელები: ალიშა კიზი, ამერიკა ფერერა, ლავერნ კოქსი, ოპრა უინპრი და სხვები, კითხულობენ. „თავისი ნაწარმოებების მეშვეობით, მაია ენჯელოუმ მილიონობით ადამიანს მიაწვდინა ხმა. იგი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობისთვის იბრძოდა. მან განამტკიცა აფროამერიკული ზეპირსიტყვიერების ტრადიციები. იგი იბრძოდა ომის წინააღმდეგ, საყოველთაო მშვიდობის დასამკვიდრებლად“, – ნათქვამია დუდლის აღწერილობაში.

„მე მივხვდი, რომ ადამიანები დაივიწყებენ ყველაფერს, რაც თქვი, რაც გაგიკეთებია, მაგრამ არასოდეს დაავიწყდებათ, რაც განაცდევინე“, – ამბობდა მწერალი.