სექსუალობა / სტატიები

ბიკინის ზონის ეპილაციის მოდა წარსულს ბარდება

ბოქვენის თმის „ბრაზილიურ სტილში“ ეპილაცია საშინლად მტკივნეული პროცედურაა, რომლის გაკეთებაზეც ყველა როდია თანახმა.

მას შემდეგ, რაც ბოქვენის თმის მოვლის აქტუალობაზე სერიალში „სექსი დიდ ქალაქში“ ალაპარაკდნენ, ქალები არცთუ მომხიბლავი არჩევანის წინაშე დადგნენ – შეჭრა, გაპარსვა, ამოწიწკვნა თუ ცვილით მოცილება?

ეს თემები მუდმივად დიდ კამათს იწვევს და რამდენიმე სამეცნიერო კვლევის საგნადაც იქცა.

2016 წელს ამერიკაში ჩატარებული კვლევის თანახმად, კვლევაში მონაწილე ამერიკელი ქალების 84% ბიკინის ზონის თმებს ამა თუ იმ ხერხით უვლის, ხოლო 62% მას სრულად იცილებს. აღსანიშნავია, რომ ამ ტენდენციას დიდი ხალისით უფრო ახალგაზრდა ქალები მიჰყვებიან, ვიდრე 40 წელს გადაცილებულნი.

უფრო ადრე, Journal of Sexual Medicine-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ბოქვენის თმის სრულად მოცილების ტენდენცია პორნოგრაფიული მასალის ფართოდ გავრცელებას უკავშირდება. მაშინ ექსპერტები ასკვნიდნენ, რომ ეს მოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან შევიდა. აქედან მოდის მისი დასახელებაც – „ბრაზილიური ეპილაცია“, რაც ბოქვენის თმის სრულ მოცილებას გულისხმობს.

„ბრაზილიური ეპილაცია“ ნიუ-იორკში დაიბადა და არა ბრაზილიაში“, – ამტკიცებს ჟონისე პადილია მანჰეტენის სალონიდან J Sisters, სადაც ამ პროცედურას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში აკეთებდნენ.

 „ბაზილიური სტილი“ ინტიმური ზონის თმების ღრმა ეპილაციას გულისხმობს, რომლის დროსაც, კლიენტის სურვილისამებრ, შესაძლოა სხვადასხვა ფორმისა და ორნამენტის გამოსახულების დატოვება.

მანჰეტენის ცნობილ სალონში შვიდი ბრაზილიელი და მუშაობს, რომელთა სახელიც ჟ-ზე იწყება: ჟოსელი (Jocely), ჟანეია (Janea), ჟოისე (Joyce), ჟურასი (Juracy), ჟუსარა (Jussara), ჟუდსეია (Judseia) და ჟონისე (Jonice). მათ ყველა სალონის დასახელების მიხედვით, J Sisters-ს უწოდებს. დღეს მათ სალონს უამრავი მდიდარი და პოპულარული ადამიანი სტუმრობს, რომლებიც აქ ცვილის ეპილაციაზე ან სხვა კოსმეტიკურ პროცედურაზე მოდიან. სალონის წლიური შემოსავალი 6 მილიონ დოლარს უტოლდება. დების ისტორია იმის მაგალითია, თუ როგორ ჩავიდნენ ამერიკაში სრულიად უსახსროდ არალეგალი იმიგრანტები და დამოუკიდებლად ასეთ წარმატებას მიაღწიეს.

jsistersბრაზილიელი დები საპორტო ქალაქ ვიტორიადან (Vitoria) არიან, რომელიც ორ მეგაპოლისს – რიოსა და ბაიას (Bahia) შორის მდებარეობს. ისინი ტრადიციული შეხედულებების დიდ ოჯახში გაიზარდნენ (მათ კიდევ შვიდი ძმა ჰყავთ), სადაც კაცი ღმერთი და მეფეა. მაჩო მამა გოგონებს ქუჩაში მარტო გასვლასა და მუშაობას უკრძალავდა.

მაგრამ, როდესაც მამა გაკოტრდა, გოგონებმა შემოსავლის ძიება დაიწყეს და თავიანთი სახლის შიდა ეზოში კლიენტებს კოსმეტიკური მომსახურება შესთავაზეს. თანდათანობით, ბიზნესი იზრდებოდა და მათ ქალაქში სამი სალონის გახსნა მოახერხეს.

თითქოს, ამ პატრიარქალურ ოჯახში თავის გადარჩენის ერთადერთი გზა გათხოვება იყო, მაგრამ მეოთხე დამ, ჟოსელიმ, ქვეყნიდან გამგზავრება გადაწყვიტა. მან გარკვეული თანხა მოაგროვა და 1982 წელს სტუმრად ნიუ-იორკისკენ გაეშურა.

ჟოსელის თან წამოღებული რამდენიმე ასეული დოლარი რამდენიმე დღეში გაუთავდა. იგი არჩევანის წინაშე დადგა: ან ფული უნდა ეშოვნა, ან შინ დაბრუნებულიყო. მალე მან მანიკიურის სალონში დაიწყო მუშაობა.

მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით, ჟოსელის მალე მდიდარი და გავლენიანი კლიენტები გამოუჩნდნენ – იარაღის მაგნატი ადნან ხაშოგი (Adnan Khashoggi), ბრუკ შილდსი (Brooke Shields), როდ სტიუარტი (Rod Stewart), Elle და Marie Claire-ის რედაქტორები. ჟოსელის კარგი შემოსავალი გაუჩნდა, რამაც მას ბრაზილიაში მცხოვრები დების ნიუ-იორკში მოწვევის საშუალება მისცა.

1987 წელს, დებმა მანჰეტენზე საკუთარი სალონი გახსნეს, სადაც მალე კლიენტებს საფირმო მომსახურება შესთავაზეს – ინტიმური ზონის ღრმა (სრული) ეპილაცია. მათი საფირმო ცვილი ერთ-ერთმა დამ – ჟანეიამ გამოიგონა. მას შემდეგ, რაც ეს პროცედურა დებმა ნიუ-იორკის ბომონდს შესთავაზეს, მათი ეპილაცია ძალზე პოპულარული გახდა.

თუმცა, მათ ბიზნესს პორნოინდუსტრიის წარმომადგენლები გადაეღობნენ. მათ დებს განუცხადეს, რომ ბოქვენის თმის სრული მოცილება მათი იდეა იყო და პორნოინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენებოდა. მაშინ დებმა უპასუხეს, რომ ეს არავის ნოუჰაუ არაა, რადგან ბრაზილიაში ინტიმური ზონიდან თმის სრული მოცილების პროცედურას ყველა იკეთებს. ამ სიცრუის წყალობით დაიხსნეს თავი მათ უსიამოვნო დავისგან, თორემ, სინამდვილეში, „ბრაზილიური ეპილაცია“ თავიდან ბოლომდე მათი გამოგონებაა.

თუმცა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ მოდა „ბრაზილიურ ეპილაციაზე“ უკვე წარსულს ჩაბარდა. ახლახან ჩატარებული კვლევის თანახმად, ინტიმურ ზონაში თმის საფარველის მოცილება ვენერიული დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს.

ბრიტანეთის ველოსიპედისტთა ნაკრებს ოლიმპიური თამაშების დროს „ბრაზილიური ეპილაციის“ გაკეთება აეკრძალა, რადგან თმა კანს გაღიზიანებისგან იცავს. თავად ჟურნალმა Tatler-მაც კი განაცხადა ახლახან, რომ გენიტალიური ვარცხნილობების საკითხში, მოდა „ბუნებრივ სტილს“ უბრუნდება. ეპილაციას ეწინააღმდეგებიან კაცებიც, რომლებსაც სექსის დროს უთმო სხეულის ხილვა ბავშვთან სექსის შეგრძნებას უჩენთ, და ქალებიც, რომლებსაც „სექსუალური კუთხით საკუთარი სიმწიფის ჩვენება სურთ“.

თუმცა, ბრაზილიელი დების ბიზნესს ამით დიდი საფრთხე არ ემუქრება, რადგან ბოლო ათი წლის მანძილზე, მათ უამრავი კაცი კლიენტი შეიძინეს, რომლებსაც სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ეპილაცია ესაჭიროებათ. მას შემდეგ კი, რაც ჟოსელიმ საკუთარ ბოქვენზე ჭაღარა თმა აღმოაჩინა, სალონმა კლიენტებს ახალი სერვისი შესთავაზა – ბოქვენის თმის შეღებვა.

წყარო: bbc.com