ყველას გამოგვივლია ის დრო, როდესაც სახეზე გამონაყარს ან პიგმენტურ ლაქებს ჯვაროსნული ომი გამოვუცხადეთ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ამგვარი აქტივობა მოზარდობის ასაკს ემთხვევა, მაგრამ ზოგჯერ ეს საკითხი მთელი ცხოვრების მანძილზე გვაწუხებს. თუმცა, ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში ის მამაცი ქალებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც, მიუხედავად პრობლემებისა, საკუთარ კანს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი არ გამოუცხადეს. პირიქით, ისინი ფიქრობენ, რომ მათი გარეგნობა კი არ ითხოვს კორექციას, არამედ – ის ჩაკირული წარმოდგენები, რაც ადამიანის გარეგნობასთან დაკავშირებით ჩვენში არსებობს.
დასახელებული ბლოგერები ხშირად იყენებენ სიტყვათშეხამებას «acne positivity». ისინი არ ცდილობენ თავიანთი კანისგან გლამურული სრულყოფილების შექმნას, სრულიად უარს ამბობენ ტონალურ კრემზე და ფოტოებს უმაკიაჟოდ იღებენ, რათა კარგად გამოაჩინონ თავიანთი კანი აკნეთი, ფსორიაზით ან ატოპიური დერმატიტით.
კადიჯა დამწყები ბიუთი ბლოგერია, რომელსაც არასოდეს დაუმალავს, რომ კანზე ანთებები აქვს. ახლახან, იგი უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა: კომპანია L’Oréal-მა მას ჯერ თანამშრომლობა შესთავაზა, შემდეგ კი მასზე უარი უთხრა, სახეზე გამონაყარის გამო. სიტუაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის კონსერვატულობა, თუმცა, კადიჯას ბლოგს ერთიორად გაუზარდა რეიტინგი.
ჰეილი 18 წლისაა და უკვე 135 ათასი გამომწერი ჰყავს. თავდაპირველად, მისი გამომწერები გოგონას ანგელოზურმა გარეგნობამ მოხიბლა. მაგრამ, შარშან ჰეილიმ უარი თქვა სქელ ფილტრებსა და მაკიაჟზე და აუდიტორიას თავისი ნამდვილი კანი უჩვენა. „დაიმახსოვრეთ: გამონაყარი არანაირად არ გამახინჯებთ!“, – განაცხადა მან.
ავსტრალიელი ქერლი ბიუთი აქტივიზმში ახალბედა არაა: დიდი ხანია, საკუთარი ვებგვერდი აქვს, სხვადასხვა გამოცემებისთვის სტატიებს წერს და ვიდეოებს უშვებს სხვადასხვა რჩევებით. ქერლის იხტიოზი აქვს – კანის თავისებურება, რომლის დამალვა ან შენიღბვა შეუძლებელია. მისი კანი საგანგებო, ყურადღებიან მოვლას საჭიროებს. მისი ჩანაწერების დიდი ნაწილი იხტიოზის მქონე ადამიანების ცხოვრების ფსიქოლოგიურ ასპექტებს და მათ მხარდაჭერას ეძღვნება.
ჯონის წერტილოვანი ფსორიაზის დიაგნოზი 15 წლის ასაკში დაუსვეს. კანის ამ თავისებურებით ცხოვრებამ, როგორც იგი თავის ბლოგში გვიამბობს, მას ძლიერება და თავდაჯერება შემატა. ჯონი ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებს თავისი სხეულის სხვადასხვა ნაწილების ფოტოებს, სადაც იგი წითელი ლაქებითაა დაწინწკლული, და გამამხნევებელ გზავნილებს უწერს ყველას, ვისაც ამ მდგომარეობაში საკუთარი თავის მიღება უჭირს.
რა თქმა უნდა, ღია ფერის კანს საზოგადოება უფრო ადვილად იღებს, ვიდრე კანის სხვა თავისებურებებს, მაგრამ მაინც, ღია კანის ფერის მქონე ადამიანებს უამრავ პრობლემასთან გამკლავება უწევთ. კორტნი ამბობს, რომ მისი ფაიფურისფერი კანი ძალიან მშრალია და როზაცეაც (ვარდისფერი ფერისმჭამელა) ახასიათებს. ფირა მკაცრად ეთიკური და ვეგანური კოსმეტიკის მომხრეა.
ვიტილოგოს ირგვლივ სილამაზის ინდუსტრიასა და სამოდელო ბიზნესში გარკვეული კულტი შეიქმნა. ვიტილიგოს მქონე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ მისი კანი მართლაც მშვენიერია. ჩიკაგოელ ვიზაჟისტ ლორენს არა მხოლოდ არ რცხვენია თავისი კანის მსხვილ პლანში გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებისა, არამედ განზრახ უსვამს ხაზს ამ პიგმენტაციას და მას მკვეთრი მაკიაჟით ამკობს.
ბრიტანელი ლექს გილისი უკვე შვიდი წელია, ბლოგს წერს. მას როზაცეა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ახლო-ახლო განლაგებული სისხლძარღვები და მკვეთრად გამოხატული სიწითლე ბევრ ადამიანს აღენიშნება, ამ თემის ირგვლივ კარგად სტრუქტურირებული რესურსის მოძებნა რთულია. ლექსის პირად გამოცდილებაზე დამყარებული ბლოგი ამ მხრივ ძალზე სასარგებლოა. იგი პერმანენტულად ამოწმებს სხვადასხვა მარკის დეკორაციულ კოსმეტიკას, მაგრამ, პერიოდულად აქვეყნებს თავის ფოტოებს მაკიაჟის გარეშეც, რათა ყველას შეახსენოს, რომ მგრძნობიარე კანი განაჩენი არაა.
ევიტა პეტსი დელმუნდო (Evita Patcey Delmundo)
ხალები და ლაქები – კანის კიდევ ერთი თავისებურებაა, რომელიც ხშირად გვიჩენს თავსატეხს. მალაიზიელი ევიტა დელმუნდოს სხეული თავით ფეხებამდე ხალებითაა დაფარული. გოგონა ამბობს, რომ მას ამის გამო სკოლაში მისვლის პირველი დღიდან დასცინიან. დღეს, ევიტა ინსტაგრამზე სელფებსა და თავის ფოტოსესიებს აქვეყნებს და პოპულარულიცაა.