ბლოგები / სექსუალობა

ბოდიშიდა, სექსი

ავტორი: ხათუნა ცხადაძე

გუშინ რადიოს ვუსმენდი მანქანაში. კაცმა დარეკა, 50 წლამდე იქნებოდა, სიმღერის შეკვეთა მინდაო. წამყვანმა, რომელი სიმღერისო? ალუღლუღდა ეს საწყალი, განა რამეო, უბრალოდ ეს სიმღერა 90-ანი წლებისაა და ჩემს ახალგაზრდობას მაგონებსო. რომელიო, ჩაეკითხა წამყვანი, ის კიდე წვალობდა, რამე კი არაო, აი ისეო რა, ისე არ გამიგოთო… მოკლედ, „შენ რა სექსი ხარ“ მინდა, გაუშვათო.. მაგრამ ახლა ცუდად არ გამიგოთო, ეგ სიტყვაო, ისაო, ესაო, აი ხო იცითო, სინამდვილეში ბოზიც არაა ცუდი სიტყვაო, ლამაზს ნიშნავსო.. მერე აიბლანდა ცოტა, ბოზი კი ნიშნავს ლამაზს, მაგრამ სექსი რას ნიშნავს იმის გარდა, რასაც ნიშნავს, ეგ ვეღარ თქვა და ასე, აჭრილი დაგვემშვიდობა. გაუშვა წამყვანმა „შენ რა სექსი ხარ“.

ახალგაზრდა კაცმა რამდენიმე წუთი იწვალა, რომ „შენ რა სექსი ხარ“ ამოეღერღა. სიმღერის სახელი. რცხვენოდა ამ სიტყვის. იმის, რომ ეს სიმღერა უნდოდა. იმისაც, რატომაც უნდოდა ეს სიმღერა.

ამ დღეებში დიდი ქოთქოთი ატყდა იმ პარლამენტარის ტვინის ნაჟურზე, მოვეფეროთ ამომრჩეველსო. ახურტრუცდა ფეისბუქი, ვინ ღიად, ვინ შეფარულად, ვინ კბილით და ვინ უკბილოდ აოხუნჯდა: „სად მოგვეფერებიან?“ „სადაც ვეტყვით იქ მოგვეფერებიან?“ დაიყარა რეპრესირებული ფანტაზიები, წაგვლეკა „ქვედა სართულებში“ მოფერებაზე ღია თუ შეფარულმა ალუზიებმა და ჰარმონიულად შეუერთდა „წაკუზვის“, „გადაკუზვის“, „ხმარების“, „გაჟიმვის“ და სექსთან დაკავშირებულ სხვა ნეგატიურ სახეებს, რომლებსაც ქართველები ასე უხვად აფრქვევენ ხოლმე დამარცხების, დამცირების, შეურაცხყოფის სურათ-ხატებად. გეგონება, ქვედა სართულებში მოფერება ცუდი რამე იყოს; გეგონება, ნორმალური იყოს, ვიღაც ისეთს „მოაფერებინო“, ვინც არ გევასება, უფრო მეტიც – გძულს. ან, თითქოს, „გადაკუზვა“ იყოს დამამცირებელი ან უსიამოვნო, გადაკუზულისთვის.

იმიტომ, რომ სექსი ამ ადამიანებისთვის, ქვეცნობიერად თუ გააზრებულად, ძალადობაა, ცუდია, ტაბუა. ამიტომაა, რომ დამცირებული ჰგონიათ ის, ვისაც „ხმარობენ“. მის წარმოსახვაში, ვინც ასე მეტყველებს, სექსი ძალადობა, ქალის არ-თანხმობა ან ამ თანხმობის საერთოდ უმნიშვნელობა, ქალის სიამოვნების გამორიცხვაა. თქვე ოჯახქორებო, სულხან-საბა რომ ამბობდა, კაცისაგან ქალის დამდაბლებაო, საბა სამღვდელო პირი იყო მამაძაღლი და თან თქვენზე რამდენიმე საუკუნით ადრე დაიბადა.

ქალები არ წერენ ასეთ სტატუსებს (გამაგრებული პენისით შთაგონებული რიტორიკა ქალების ფორტე არაა საქართველოში), სამაგიეროდ ენერგიულად ულაიქებენ პოლიტიკურად მათ პლატფორმაზე მდგომ კაცებს აცმუკებული ხვანჯრით ნაკარნახევ სტატუსებს.

ამ ყველაფერს ვიღაც ამება ფაშისტოიდები რომ წერდენ, კომენტარზე არ დავშვრებოდი. ძირითადად მოინტელექტუალო (და მომემარჯვენო) მამრები აქტიურობენ. გამაგრებული პენისით მტრის „დამდაბლების“ ჟინი ახალი ნამდვილად არაა, იტალიის უკიდურეს მემარჯვენეთა პარტიის, ჩრდილოეთის ლიგის ლოზუნგი პირდაპირ ეს იყო, „ჩე ლ’ო დურო“ – ანუ, გამაგრებული მაქვსო (დიახ, ასოჲ 😊). არც ახლა მობეზრებიათ ეს სახე, უბრალოდ ამ დიადი მიგნების ავტორსა და პარტიის ლიდერს, უმბერტო ბოსის, ტრიბუნებზე დუჟი რომ სდიოდა ჩე ლ’ო დურო-ს ძახილში, ჩაქცევამ გლიჯა ერთ დღეს და ახლა დუჟიც სხვა მიზეზით სდის პირის პარალიზებული ნახევრიდან და საეჭვოა, შარვალშიც რამე ჰქონდეს გამაგრებული. ბოდიში ბრუტალურობისთვის, მაგრამ ის, ვინც საარჩევნო გზავნილს ერეგირებიულ პენისზე ამყარებს, იმისთვისაც მზად უნდა იყოს, რომ წამში შეიძლება გაკომიკურდეს თავისი გზავნილიანად, ტვინში გამსკდარი პატარა სისხლძარღვის გამო.

ჰოდა, გაეშვით კაცებო ამ რიტორიკას, „მეტრაკეობის“, „ტრაკის მიცემის“, „წაკუზვა-გადაკუზვის“, „გაჟიმვა-დადუღების“, „პირში მიცემისა“ თუ სექსით „დამდაბლების“ სხვა სურათ-ხატებს. სექსი ძალადობა არაა, ცუდი არაა, ორმხრივია და კარგია. ყველაფერი კარგი და სწორია, რაც ორ ზრდასრულ ადამიანს უნდა ერთმანეთისგან. ნუ იყენებთ ძალადობის, ზიზღის, შურისძიების ხატად სექსთან დაკავშირებულ სიტყვიერ მასალას. ახალგაზრდები, ბავშვები გისმენენ და ნუ გამოუჭედავთ ყურებს და ტვინებს თქვენი სტერეოტიპებით, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ტრავმებით, თქვენი უსექსობით ან ცუდი სექსით, თქვენი აუხდენელი სურვილებით, ნუ ჩაუტენით თავში, რომ სექსი ცუდია ან რომ სექსის რომელიმე ფორმაა არასწორი, დამამცირებელი. ნუ ასწავლით, რომ ტაბუა, რომ ცუდია ის, რაც სინამდვილეში ყველაზე ბუნებრივი, ყველაზე კარგი, ყველაზე სწორი და მნიშვნელოვანია ადამიანისთვის საკუთარი თუ მეორე ადამიანის სხეულის, სურვილების, გრძნობების შეცნობისთვის. 2018 წელია ფანჯარაში.