ბრიტანეთისა და ამერიკის სასწავლო დაწესებულებებში, ტრანსგენდერი და გენდერქვიარი ადამიანების დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, ენაში გენდერულად ნეიტრალური ტერმინების დამკვიდრებაზე მუშაობენ.
საქმე ეხება გენდერულად ნეიტრალურ ნაცვალსახელს „ზე“(ze), როგორც იმ ადამიანებისთვის მიმართვის ფორმას, რომლებსაც საკუთარი გენდერული მიკუთვნებულობა ბოლომდე გარკვეული არ აქვთ. მაგალითად, ოქსფორდის უნივერსიტეტში ახალი სიტყვის გამოყენება რეკომენდებულია არა მხოლოდ არაფორმალური ურთიერთობების დროს, არამედ ლექციებსა და სემინარებზეც.
ლგბტ აქტივისტი პიტერ ტეტჩელი (Peter Tatchell) ახალ წამოწყებას მიესალმება: „ამ შემთხვევაში, საქმე ეხება იმ ადამიანების უფლებების დაცვას, რომლებიც საკუთარ იდენტობას არც ქალის და არც კაცის სქესს არ უკავშირებენ“, – აცხადებს იგი.
გენდერულად ნეიტრალური ნაცვალსახელის შემოღებას გეგმავს კემბრიჯის უნივერსიტეტიც. ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ მსგავსი მიმართვა ამერიკაში ტენესის უნივერსიტეტში გამოიყენება. ამერიკის სკოლების ასოციაციამ სახელმძღვანელო გამოუშვა, სადაც ტრანსგენდერი მოსწავლეების მიმართ ნაცვალსახელი Zie-ს გამოყენების რეკომენდაციაა მოცემული.
ბრიტანეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა ორგანიზაციამ Educate and Celebrate, მასწავლებლებისთვის ბრიტანული სკოლებისთვის გამოშვებულ წიგნში, სახელწოდებით „შემიძლია გითხრათ გენდერული მრავალფეროვნების შესახებ?“ (Can I Tell You About Gender Diversity?) ნათქვამია, რომ ტრანსგენდერი ბავშვების მიმართ მათი თანატოლებისთვის „გოგოს“ ან „ბიჭის“ დაძახება რეკომენდებული არ არის. წიგნის ავტორები მასწავლებლებს, მშობლებსა და ბავშვებს სასკოლო ლექსიკაში ტერმინების „გენდერქვიარი“ და „პანრომანტიკი“ დამკვიდრებას ურჩევენ, რომელიც ყველანაირი სექსუალური იდენტობის ადამიანების მიმართ შეიძლება იქნას გამოყენებული. ამ მეთოდური სახელმძღვანელოებისთვის 200 ათასი ფუნტია გამოყოფილი. ელი ბარნსი (Elly Barnes) Educate and Celebrate-ის ფონდიდან აღნიშნავს, რომ წიგნი ძალზე საჭიროა, რადგან ფაქტია, რომ ყველა როდი აიგივებს საკუთარ თავს ქალთან ან კაცთან.
დიდი ბრიტანეთის რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ზემოთხსენებული გადაწყვეტილებას „ბუნების წინააღმდეგ წასვლად“ აფასებენ.