სტატიები

ბრიტანეთში კოსმეტიკის სარეკლამო პოსტების ავტორებს შემლამაზებელი ფილტრების გამოყენება აეკრძალათ

რეკლამის სტანდარტების სამმართველომ (The Advertising Standards Authority, ASA) დიდ ბრიტანეთში ინფლუენსერები დაავალდებულა, გაფრთხილება მოაყოლონ ბიუთი ფილტრების გამოყენებას იმ პოსტებზე, სადაც კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებებს უკეთებენ რეკლამას. უწყებამ ასევე ბლოგერებს მოუწოდა, არ გამოიყენონ ისეთი ფილტრები, რომლებიც აზვიადებენ იმ პროდუქტების ეფექტურობას, რომელთა რეკლამასაც ეწევიან.

როგორც Dazed beauty წერს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სოცქსლებში კამპანია გაჩნდა, სახელწოდებით #filterdrop. დასახელებული კამპანია 2020 წლის ზაფხულში დაიწყო ვიზაჟისტმა და მოდელმა საშა პალარიმ – მას სურდა, ინსტაგრამზე “ნამდვილი კანი” ეხილა.

ASA-მ შეისწავლა რუჯისთვის განსკუთვნილი პროდუქტების რეკლამები და აღმოაჩინა, რომ მსგავს რეკლამას ადამიანები “შეცდომაში შეჰყავს, აზვიადებს იმ ეფექტს, რომელიც რეალურად პროდუქტს გააჩნია”. ასევე, უწყებაში დასძენენ, რომ ბიუთი ფილტრთან კონტაქტი ადამიანებს მაშინაც კი ატყუებს, როდესაც ამ შემლამაზებელი ფილტრის სახელწოდება პოსტში მოხსენიებულია.

ამ წესების დამრღვევი რეკლამები მოიხსნება და აიკრძალება. ASA-ში აღნიშნავენ, რომ ინფლუენსერებს რეკომენდაციებსა და ინსტრუმენტებს მიაწვდიან იმისთვის, რომ სარეკლამო კამპანიები სწორად წარმართონ. ასევე, ისინი ამ მიზნით ითანამშრომლებენ სოცქსელებთანაც.

“მე ვგრძნობ, რომ ის დამღუპველი გავლენა, რაც ფილტრებს სოციალური ქსელების მომხმარებლებზე გააჩნიათ, ბოლოს და ბოლოს სერიოზულად აღიქვეს და ეს ვეება ნაბიჯია ამ მიმართულებით”, – განაცხადა საშა პალარიმ. მას თავისი კამპანიით იმის მიღწევა სურს, რომ ქალების თვითშეფასება არ უნდა იყოს დამოკიდებული შემლამაზებელ ფილტრებზე. მისი თქმით, აუცილებელია, ინსტაგრამზე წაიშალოს ყველა ფოტო, რომელიც ადამიანის გარეგნობის ჰიპერბოლიზებული შეცვლის გზითაა შექმნილი.