ვერა ქობალიას ბლოგი სერიიდან „საუბრები ქალებთან“
(მაია აბაშიძის ილუსტრაცია)
ბრუნას ჰონგ კონგის უნივერსიტეტში ლექციის დროს შევხვდი. სტუდენტების ზღვა გავიარეთ მასთან ინტერვიუსთვის წყნარი ადგილის ძებნაში. 10-15 წუთი ფეხით სიარულისა და რამდენიმე კაფეში შეხედვის შემდეგ დავრწმუნდით, რომ სიწყნარის ძებნა უშედეგო იყო. ცხელი ჩაი ვიყიდეთ და სტუდენტებს შორის მოვკალათდით. მაინტერესებდა, რას იტყოდა ჩემი უნარების თაობაზე თავად ჟურნალისტი და დოკუმენტური ფილმების შემქმნელი. დღეს ის ბრაზილიელი დიპლომატია. მთელი მისი კარიერა არაერთგვაროვანია და ჩემს შეკითხვაზე ბავშვობაში ჟურნალისტობაზე ან დიპლომატობაზე თუ უფიქრია, მიპასუხა, რომ ასტრონავტობა სურდა. მოგვიანებით, როცა მეზობლის ბავშვმა უთხრა, რომ ასტრონავტს უზადო მხედველობა სჭირდებოდა, ახალი პროფესია მოიფიქრა, რომელიც მოგზაურობის შესაძლებლობას მისცემდა. „მივხვდი, თუ ყველა პლანეტას ვერ ვნახავდი, ყველა ქვეყანას მაინც ვნახავდი“, მითხრა მან. თითო-ოროლა სუვენირი ყველა მოგზაურობიდან აქვს. სამხრეთ კორეაში დიპლომატად გამწესების დროს კორეულს შეეჭიდა ( ხუთ ენაზე უკვე ლაპარაკობდა) მაგრამ სწრაფად გადაინაცვლა ტაიკუონდოზე, როგორც სამუშაოს შემდეგ განტვირთვის უკეთეს საშუალებაზე. ახლა ტაიკუონდოს შავი ქამრის მფლობელია და შაოლინ კუნგ ფუ-ში შავი ქამრის მიღების გზას ადგას.
დიდი ხანია ვსაუბრობთ თანაბარ ანაზღაურებასა და „შუშის ჭერზე“. თქვენ არასამთავრობო, საჯარო და კერძო სექტორებში მუშაობდით. ოდესმე გიფიქრიათ რომ ვერ იქნებოდით მამაკაცების მსგავსად წარმატებული ან არ გქონდათ თანაბარი შესაძლებლობები?
ანაზღაურებას გულისხმობთ?
ანაზღაურებას და წინსვლის შესაძლებლობას.
სწავლისა და მედიაში მუშაობის დროს არასოდეს მიგრძვნია განსხვავება. პირველად საჯარო სამსახურში მქონდა კულტურული შოკი. იქ ვიგრძენი წინსვლაში შეფერხება ქალად ყოფნის გამო. თუ კანონმდებლობას შეხედავთ, ყველაფერი კარგად არის, თუმცა სინამდვილეში, ქალის მდგომარეობა სხვაგვარი იყო. მაგალითად, ჩემი უფროსი მე და ჩემს მამაკაც კოლეგას სხვადასხვა ტიპის საქმეს გვაძლევდა. მაშინ როცა ჩემი მამაკაცი კოლეგები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, მე შეხვედრის ოთახებისა და კოქტეილის წვეულებების მოგვარებით შემოვიფარგლებოდი. მსგავსი არაფერი მოხდარა მედიასა და არასამთავრობო სექტორში.
საკუთარი თავი ქვეცნობიერ სტერეოტიპულ აზროვნებაში გამოგიჭერიათ? მაგალითად, გენდერის მიხედვით არასოდეს მიგიციათ დავალება თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი პირის ან თქვენი დამხმარესათვის?
არა, რადგან ამ საკითხზე ყოველთვის ძალიან გამახვილებული მაქვს ყურადღება. 2013 წლიდან ადამიანის უფლებების საკითხებზე ვმუშაობ და ეს ყოველთვის არის ჩემი დღის წესრიგის ნაწილი. ვცდილობ, არ აღმოვჩნდე მსგავსი ცრურწმენების მსხვერპლი. გეთანხმებით, ამ ცრურწმენების დიდი ნაწილი გაუცნობიერებელია კაცებშიც და ქალებშიც. აუცილებელია, საკუთარი თავისადმი კრიტიკული იყო, გაანალიზო საკუთარი ქცევა, რათა თავად არ გაიმეორო ეს ჩვევები.
ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი ტოპ მენეჯმენტში, ბორდებში, აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში. ხშირად ეს მაჩვემებელი 15-20%. როგორ შეფასებას მისცემდით ბრაზილიის დიპლომატოურ სამსახურს?
ჩვენ არ ვართ თანაბრად წარმოდგენილი. დიპლომატთა მხოლოდ 20% ქალი. კარგა ხნის განმავლობაში, 80-იან წლებში, თუ დიპლომატი ქალი დიპლომატ კაცზე იქორწინებდა, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა იმავე ქვეყანაში გამწესებულიყო, სადაც მისი ქმარი იქნებოდა. მას უწევდა გადადგომა. ან ხანგრძლივი შვებულების აღება ქმართან ყოფნის სანაცვლოდ. ისტორიულად ქალებს დაბრკოლებები ჰქონდათ დიპლომატიურ სამსახურში. ეს წესი აღარ არსებობს, მაგრამ მან ისტორიული ნაპრალი გააჩინა. ქალისთვის დიპლომატიურ სამსახურში შესვლა იმიტომაც არის რთული, რომ დაქორწინების ან შვილების გაჩენის შემთხვევაში, ქმარი უნდა გაჰყვეს მას, ასე რომ ეს სამსახური, გარკვეულწილად შეუსაბამოა ოჯახთან.
შესაძლებელია რომ ქალს ეს ყველაფერი ქონდეს? წარმატებული კარიერა, ოჯახი, ჯანსაღი ცხოვრების წესი? ეს საერთოდ რეალურია?
ეს ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მითია. არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი, საჯარო სამსახურში ხარ თუ არა, სამსახური ითხოვს, რომ ყოველთვის იქ იყო. ეს ვიქტორიანული ეპოქის ქარხანაა, რომელიც განუწყვეტლივ მუშაობს. იცით რა არის დღის სიტყვა? პროდუქტიულობა. მოდი ვიყოთ მეტად პროდუქტიულები. მოდი მედიტაცია ვცადოთ მეტი პროდუქტიულობისთვის. ეს ყველაფერი უზარმაზარ სტრესს წარმოშობს როგორც კაცების ისე ქალებისთვის. ქალების შემთხვევაში ამას სხვა დანარჩენიც ემატება. მათგან ელიან რომ უნდოდეთ ოჯახი და უზადო ოჯახში იგულისხმება ბავშვები. არა მგონია ყველა ქალს უნდოდეს შვილი. ქალებს კომფორტულად უნდა შეეძლოთ არჩევანის გაკეთება. ბრაზილიაში განსხვავებას დაინახავთ, მამაკაცები მელოტდებიან, ღიპი ეზრდებათ, მაგრამ ეს არ ანაღვლებთ, სანდლები აცვიათ. ქალები ცდილობენ ფორმა შეინარჩუნონ, ბოტოქსი გაიკეთონ და არაჩვეულებრივი შვილები ჰყავდეთ. ეს ზეწოლა არაჯანსაღ და არარეალიზებულ ცხოვრებას განაპირობებს. შესაბამისად, ჩემი მოსაზრება ამ საკითხზე ასეთია – მე ვიცი, ყველაფერი ვერ მექნება, მაგრამ მექნება ზოგიერთი რამ, კარგი რამ, და ამით ბედნიერი ვიქნები.
ახლა ქალები ბრაზილიაში უფრო კომფორტულად აკეთებენ არჩევანს? ამბობენ, ყველაფერი ვერ მექნება, მაგრამ ზოგიერთი რამ მექნება და ასე ვიქნები ბედნიერი.
არა, იმისათვის რომ წარმატებული იყო, შენგან ყველაფრის ქონას ელიან. უამრავი ქალი გრძნობს ზეწოლას, რომ შვილები გააჩინოს, მაშინაც კი როცა თავად ამაზე ჩამოყალიბებული არ არის. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველას მოგვწონს ვიფიქროთ – „ეს ჩემი გადაწყვეტილებაა“, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ძნელია დინების საწინააღმდეგოდ წასვლა. თუ შენ იტყვი, „ეს არ მინდა“, ხალხი იტყვის „მას ეს არ შეუძლია“, „მას ეს არ ადარდებს“, „ის ეგოისტია“.
ადრე ახსენეთ მამაკაცები სანდლებში. მამაკაცს შეუძლია ადგეს საწოლიდან, ჩაიცვას ჯინსები და მაინც სერიოზულად აღიქვან შეხვედრაზე. ქალს მოეთხოვება ეცვას და გამოიყურებოდეს გარკვეული წესების შესაბამისად ეს ტენდენცია იცვლება? ვხედავთ ცნობილ ადამიანებს მაკიაჟის გარეშე, მაგალითან ალიშია კის. მაგრამ რა ხდება დიპლომატების სამყაროში? გჭირდებათ გარკვეული წესების შესაბამისად გამოიყურებოდეთ იმისთვის რომ სერიოზულად აღგიქვან?
დიახ, აუცილებელია ოფიციალურად, კონსერვატიულად გეცვათ, არც ზედმეტი და არც ნაკლები მაკიაჟით, სწორად შერჩეული ზომის ქუსლიანი ფეხსაცმელით. გარკვეული დოზით დიპლომატიურ არენაზე ეს გასაგებია. საქმე სხვადასხვა ქვეყანასა და ნაციონალობის ადამიანებთან გაქვს. თითქმის აუცილებელია, ნეიტრალურად გამოიყურებოდე. ახლა ვფიქრობ, რომ კაცების მიმართ იგივე მოთხოვნები არ არის. ისინი უნიფორმას ატარებენ. ეს შარვალი და პიჯაკია. ერთი ძველი საინტერესო ამბავი გამახსენდა ავსტრალიის საინფორმაციო არხიდან. ტელეწამყვანების წყვილი იყო, კაცი და ქალი. ქალს ტანისამოსი ყოველი გადაღების წინ უნდა გამოეცვალა და მისი ჩაცმულობა მუდამ განხილვის საგანი იყო. მაშინ როდესაც კაცს ერთი პიჯაკი და შარვალი ეცვა მთელი წელი და ეს არავის შეუმჩნევია.
მახსოვს ერთხელ ობამამ ჰილარი კლინტონზე საუბრისას თქვა, ერთსადაიმავე საქმეს რომც ვაკეთებდეთ, ის როგორც ქალი მაინც ერთი საათით ადრე უნდა ადგეს რათა მოლოდინის შესაბამისად გამოიყურებოდეს.
მიგაჩნიათ რომ ქალები ერთმანეთს საკმარისად ეხმარებიან, მენტორობით, მხარდაჭერის სისტემების შექმნით?
არა, სამწუხაროდ ამას ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ რომ საუბრები კონკრეტულ ქმედებად იქცეს. შესაძლოა ეს მოწყვლადის მენტალობაა? მუდამ გიწევს ბრძოლა ადგილისთვის.
გენდერულ კვოტებზე რას ფიქრობთ?
მე მხარს ვუჭერ, განსაკუთრებით საჯარო სამსახურში. ბრაზილიაში კვოტები შემოვიღეთ სხვადასხვა სფეროში. ზოგიერთ საჯარო დაწესებულებაში, მაგალითად უნივერსიტეტებში, ჩვენ გვაქვს კვოტა აფრიკული წარმოშობის ბრაზილიელებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, მაგრამ არა ქალებისთვის. ჩემთვის ეს უცნაურია, რადგან ქალთა მიმართ დისკრიმინაცია უძველესია. ბევრ ქვეყანაში რეპროდუქციული უფლებებისთვის დიდი ხანია იბრძვიან. შეგვიძლია შევადაროთ რამდენ ხანს იბრძოდნენ ქალები საკუთარ სხეულზე სრული კონტროლისათვის და რამდენ ხანს იბრძოდნენ გეი ქორწინებისათვის. ისტორიის გადმოსახედიდან, ბრძოლა გეი ადამიანების უფლებებისათვის ბევრად ახალია. ბევრ ქვეყანაში ეს უკანასკნელი ბევრად სწრაფად პროგრესირდება. ადრე ვთქვით, რომ კაცებს მხარდაჭერის მთელი მექანიზმი აქვთ. ზოგიერთ დაწესებულებაში, მე ვხედავ როგორ ეხმარებიან ერთმანეთს ლგბტ ადამიანები, ქალები იგივეს რატომ არ აკეთებენ? ვისურვებდი ამ კითხვაზე პასუხი მქონდეს.
ბრაზილიაში თუ გყავთ ქალი რომელსაც სამაგალითოდ მიიჩნევთ?
ასეთზე ვერ ვფიქრობ, რას თავისთავად სამწუხაროა.
მე მგონი ყველაგნ ერთნაირად არის. როცა ქალებს ამ კითხვას ვუსვამ, ისინი წვალობენ პასუხის ძიებაში. ყველაზე ხშირად მარგარეტ ტეტჩერს ასახელებენ.
მართლა? რას ამბობთ!
მე მგონი ის ერთდერთი ქალი ლიდერია, ვინც ახსენდებათ, დარწმუნებული ვარ მასზე ბევრი არც არაფერი იციან, არც იმაზე თუ როგორი მმართვის სტილი ქონდა, მაგრამ იციან რომ ქალი პრემიერ მინისტრი იყო.
და ცნობილი იყო თავისი მაჩო მმართველობის სტილით. რკინის ლედი. თქვენს წინა კითხვაზე გამახსენდა – ქალები მაღალ პოზიციებზე კაცებივით იქცევიან, ძალაუფლების განხორციელების სხვა გზას ვერ ხედავენ. ისე იქცევიან, როგორც მათგან მოელიან და არ იციან, სხვაგვარად შესაძლებელია თუ არა.
საბოლოო ჯამში, თუ ერთი ნაბიჯით უკან დაიხევთ და ყველაფერს შეხედავთ, რა არის თქვენი წინსვლის ინსპირაცია? იმდენი დაბრკოლება და სირთულეა დასაძლევი. რა არის ყველაზე დიდი ინსპირაცია?
სასიკეთო ცვლილების შესაძლებლობა, რაღაცის გაუმჯობესება, უკეთესი სამყაროს შექმნაში წვლილის შეტანა. ერთის მხრივ, ცოტა გულუბრყვილო მგონია თავი, როცა ამას ვამბობ, მაგრამ მეორეს მხრივ, ვგრძნობ, რომ განა რა აზრი არ აქვს ყოველ დღე გაღვიძებას, თუ პოზიტიურ გავლენას ვერ ახდენ?
თქვენი წარსული წარმატებებისა და შეცდომების გათვალისწინებით, რას ურჩევდით მომავალ ლიდერ ქალებს?
იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგი დიდ დროს, შრომას და თავდადებას საჭიროებს. ერთი ხელის მოსმით, ფეისბუქზე კომენტარის გარდა, არაფერი გამოდის. სოციალურ მედიას ძალიან ფართოდ ვიყენებთ, პეტიციებს ვწერთ, პოლიტიკური დისკუსიები გვაქვს, მაგრამ რეალური ცვლილებებისათვის რეალური ცხოვრებისათვის დამახასიათებელი შრომა და მოთმინებაა საჭირო.