თანამედროვე ფეხბურთში გენდერული თანასწორობის დამკვიდრების მხრივ, ბუნდესლიგა (გერმანიის საფეხბურთო ლიგა) კვლავ მოწინავე პოზიციებს იკავებს. გარდა იმისა, რომ უეფას მასშტაბით, ქალთა ბუნდესლიგა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, ბიბიანა შტაინჰაუზის (Bibiana Steinhaus) რეფერად დანიშვნის შემდეგ, გერმანიის საფეხბურთო ლიგის შემდეგ სეზონს ქალი მსაჯიც ეყოლება.
ახლა უკვე, ფრანკფურტის „აინტრახტმა“ (Eintracht Frankfurt) განაცხადა, რომ პორტუგალიელ მწვრთნელ ჰელენა კოშტას (Helena Costa) კონტრაქტს გაუფორმებს. 39 წლის სპეციალისტი გუნდმა სკაუტების ჯგუფში შეიყვანა. ფეხბურთში სკაუტის პოზიცია კონკრეტული კლუბისთვის ფეხბურთელების მოძიებას, მათზე ინფორმაციის შეგროვებას, დაკვირვებასა და კლუბში გადმოყვანას გულისხმობს.
ამგვარად, ჰელენა კოშტა ბუნდესლიგაში პირველი სკაუტი ქალი გახდა. მსგავს თანამდებობაზე მუშაობდა იგი ასევე „ლეიშოეშსა“ და „სელტიკში“, მანამდე კი, 13 წელი „ბენფიკას“ ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.
2014 წელს კოშტა საფრანგეთის მეორე დივიზიონის კლუბი „კლერმონის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. ფეხბურთის სფეროში გამორჩეული ცოდნისა და უნარების გამო, ჰელენას „კაბიან ჟოზე მოურინიოს“ უწოდებენ.