სექსუალობა

ბუნების საოცრება: რა ვიცით კლიტორის შესახებ?

ადამიანის სხეულის შესწავლის პროცესი რამდენიმე ათას წელს ითვლის. ამ დროისთვის, ადამიანმა მთვარეზე გაიარა და კოსმოსში შავი ხვრელები აღმოაჩინა, მაგრამ, კლიტორის (სავნებოს) რეალური აგებულება მხოლოდ ოცი წლის წინ დადგინდა. უფრო მეტიც: ამ ორგანოს სამგანზომილებიანი გამოსახულება პირველად მხოლოდ 2009 წელს შეიქმნა. მედიკოსების მიერ მიღებულმა სურათმა არამხოლოდ თავდაყირა დააყენა წარმოდგენები ქალის ანატომიის შესახებ, არამედ ჯვარი დაასვა რეპროდუქციულ რიტორიკასაც, რომლის ფარგლებშიც, ქალის ცხოვრებაში სექსის როლი გვარის გაგრძელებამდე დაიყვანებოდა.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მედიცინა კლიტორს „ებრძოდა“

სამედიცინო ლიტერატურა გვიდასტურებს, რომ მეცნიერება ქალის ფიზიოლოგიის მიმართ საკმაოდ დაუდევარი იყო. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები ამ ორგანოს დაუსრულებლად „აღმოაჩენდნენ“ და შემდეგ „კარგავდნენ“. უფრო მეტიც: ბოლო სამასი წლის მანძილზე, ათასობით ცნობა დაგროვდა პენისზე ჩატარებული ოპერაციების შესახებ, მაგრამ, ჩვენ პრაქტიკულად არ ვხვდებით არც ერთ ქირურგიულ მანიპულაციას კლიტორზე, გარდა კანის დაავადებისა და კიბოს რამდენიმე შემთხვევისა. ყველა ამ ასწლეულში, კლიტორისთვის მგრძნობელობის დაბრუნების საკითხი, როგორც ჩანს, მეცნიერების წინაშე არც მდგარა. ამავდროულად, მთელს მსოფლიოში წარმატებით იყო გავრცელებული და დღემდე არსებობს ქალის სასქესო ორგანოების დამასახიჩრებელი ოპერაციები, მათ შორის კლიტორის ზედა ნაწილის მოკვეთა, რაც ქალისთვის ორგაზმის უნარის წართმევის მიზნით კეთდება/ოდა.

დღეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დამასახიჩრებელ ოპერაციებგადატანილ ქალებს ქირურგები კლიტორისთვის მგრძნობელობის დაბრუნების მიზნით ოპერაციებს უკეთებენ, მაგრამ, განსაკუთრებით 1998 წლამდე გამოცემულ სახელმძღვანელოებში, ვერ ვხვდებით ელემენტარულ ინფორმაციასაც კი კლიტორის შესახებ. ძირითადად, მსგავს ლიტერატურაში კლიტორი წარმოდგენილია, როგორც ქალის სასქესო ორგანოს ქსოვილი და იგნორირებულია ის ფაქტი, რომ კლიტორის ერექციული ქსოვილი ათჯერ მეტია, ვიდრე იგი ხშირად წარმოგვიდგება ანატომიურ მოდელებზე ექიმთა კაბინეტებში და ანატომიის წიგნებში.

კლიტორმა მსოფლიოს რეპროდუქციული რუკა თავდაყირა დააყენა

1990-იან წლებამდე, სინამდვილეში არავინ იცოდა, რა აგებულება ჰქონდა კლიტორს. უროლოგმა ჰელენ ო’კონელმა (HELEN E. O’CONNELL) მელბურნის სამეფო ჰოსპიტალიდან კლიტორის მიკროინერვაციის კვლევა ჩაატარა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით და 1998 წელს მიღებული შედეგები გამოაქვეყნა. უნდა ითქვას, რომ ანალოგიური მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები კაცებზე ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ჩატარდა. მხოლოდ 2005 წელს, ამერიკის უროლოგთა ასოციაციამ ო’კონელის ერთ-ერთი ანგარიში გამოსცა კლიტორის აგებულების შესახებ. მიუხედავად კვლევის შოკისმომგვრელი შედეგებისა, სახელმძღვანელოებში ჯერ კიდევ არ გვხვდება კლიტორის აგებულების აღწერა, ან მისი მხოლოდ გარეგნული აღწერილობაა მოცემული, მაშინ, როცა პენისს მთელი თავები ეძღვნება – რეპროდუქციული პარადიგმა აქაც ნათლად ჩანს.

მეცნიერული ანატომიის ფუძემდებელი ანდრეას ვეზალიუსი კლიტორის კვლევის მოსურნე თანამედროვეებს მისტიფიკაციაში ადანაშაულებდა და ავრცელებდა მოსაზრებას, რომ პენისი და ვაგინა სარკისებური, ერთმანეთისთვის შექმნილი რეპროდუქციული ორგანოებია. კლიტორმა სამყაროს სურათი კოპერნიკზე ნაკლებ როდი შეცვალა, რომელმაც ჯერ კიდევ აღორძინების ეპოქაში შეცვალა გეოცენტრული მოდელი. 2009 წელს, ფრანგმა მკვლევარმა ოდილ ბიუსონმა და დოქტორმა პიერ ფოლდემ სტიმულირებული კლიტორის ულტრაბგერითი კვლევის პირველი შედეგები გამოაქვეყნეს და ამით ქვაბულ სხეულებსა და საშოს მგრძნობელობას შორის კავშირები დაადგინეს. ამ რევოლუციურმა აღმოჩენამ კლიტორული და ვაგინალური ორგაზმების დაპირისპირება სამუდამოდ დაასრულა.

კლიტორს ერთადერთი ფუნქცია აქვს – სიამოვნების მინიჭება

აშკარაა, რომ კლიტორი გვარის გასაგრძელებლად საჭირო არაა. იგი უსარგებლოა შარდის გამოყოფის დროსაც, მიუხედავად არსებული მითისა, რომ შარდის გამტარი ურეთრა მის ქვემოთაა განთავსებული. მეცნიერები ვერ ადგენენ, რა ევოლუციური როლი ეკისრებოდა კლიტორს კაცობრიობის ისტორიაში, აქვს თუ არა მას კავშირი ადაპტაციასთან ან რეპროდუქციულ ფუნქციასთან. ჯერჯერობით მიიჩნევა, რომ კლიტორს მხოლოდ ერთადერთი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქცია – ქალისთვის სიამოვნების მინიჭება – აკისრია.

დოქტორმა ელიზაბეტ ლლოიდმა (Elisabeth A. Lloyd) ოცდაათზე მეტი სხვადასხვა კვლევა გააანალიზა და მივიდა დასკვნამდე, რომ ქალების 75%-ს სექსის დროს კლიტორის სტიმულაციის გარეშე ორგაზმის მიღწევა არ შეუძლია. სამყარომ უარი თქვა ფროიდის იდეაზე იმის შესახებ, რომ კლიტორული სიამოვნება უმწიფარი სექსუალობის ნიშანია. დიდი ხნის მანძილზე, ქალებს თავს ახვევდნენ აზრს იმის შესახებ, რომ მათთვის სექსი მხოლოდ ბავშვების ჩასახვის მიზნით შეიძლებოდა. დღეს უკვე ნათელი გახდა, რომ კლიტორი ქალის სექსუალობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

კლიტორის ზომა გაცილებით დიდია, ვიდრე გვეჩვენება

კითხვაზე, თუ რა არის კლიტორი, ადამიანების უმრავლესობა უპასუხებს, რომ ეს მცირე ზომის ამოზნექილობაა სასქესო ბაგეების ზედა ნაწილში. მაგრამ, ეს კლიტორის მცირე ნაწილია. დანარჩენი ნაწილი მენჯის შიგნით იმყოფება. მისი თავი, რომელიც სასქესო ბაგეების ზემოდან ჩანს, ნაწილობრივ ან მთლიანად არის დაფარული კანით და სხეულში შიდა კლიტორის სახით შედის. იგი იტოტება ორ ქვაბულ სხეულად – ბაგისებრ ორგანოებად, რომელიც ფორმით მარცვლებს მიაგავს. იგი პენისის ქვაბულ სხეულებს მოგვაგონებს, თუმცა, ზომით შედარებით მცირეა. აღგზნებულ მდგომარეობაში, კლიტორის ქვაბული სხეულები სისხლით ივსება და მჭიდროდ ეკვრის საშოს ორივე მხრიდან, – სწორედ აქედან მოდის სასიამოვნო შეგრძნება საშოში შეღწევისას.

კლიტორული ბოლქვები მცირე სასქესო ორგანოების კანქვეშაა განთავსებული და აღგზნებისას ასევე მოიცავს საშოს ღრუს – როცა იგი ფართოვდება, მისი მგრძნობელობა იზრდება. ორგაზმული სპაზმები სისხლში სწორედ ამ ბოლქვებიდან მოდის, მაგრამ თუ ორგაზმი არ ხდება, ზედმეტი სისხლისგან გათავისუფლების პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდეს.

არსობრივად, კლიტორი პენისის ანალოგია

ანატომიურად, კლიტორი კაცის პენისის ანალოგია. კლიტორის ხილულ და ყველაზე მგრძნობიარე ნაწილსაც თავი ჰქვია, ისევე, როგორც კაცის პენისისას. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ კლიტორის თავი პენისისაზე მნიშვნელოვნად პატარაა, – იგი მასზე ორჯერ მეტად მგრძნობიარეა. პენისის თავი დაახლოებით 4 000 მგრძნობიარე ნერვულ ბოჭკოს შეიცავს, ხოლო კლიტორის თავი – 8 000-ს. ამით აიხსნება ის, რომ კაცებს ხშირად ძნელად ესმით, თუ რამდენად მსუბუქი სტიმულაცია სჭირდება კლიტორს ორგაზმის მისაღწევად.

სხვადასხვა ქალის კლიტორის მგრძნობელობა განსხვავდება ზომისა და იმის მიხედვით, თუ რამდენად ფარავს კლიტორს კანი. ღია და მგრძნობიარე კლიტორის მქონე ქალებისთვის, კლიტორის პირდაპირი სტიმულაცია შესაძლოა მტკივნეულიც კი იყოს, ხოლო ისინი, ვისაც კლიტორის კაპიუშონი შედარებით დიდი ზომის აქვს, ხშირად მოსალოდნელ შეგრძნებებს ნაკლებად განიცდიან. პირველ შემთხვევაში სჯობს, შედარებით მსუბუქად შევეხოთ კლიტორს, ხოლო მეორე შემთხვევაში დასახმარებლად მედიცინის მიღწევები მოდის. ქალები კაცის წინადაცვეთის მსგავს ოპერაციას იკეთებენ, რომ კლიტორი კანის სქელი კაპიუშონისგან გაათავისუფლონ.

კლიტორს ერექციის ფუნქცია გააჩნია

როგორც უკვე ითქვა, აღგზნებისას, კლიტორის ქვაბულ სხეულებს სისხლის ნაკადი აწვება: იგი მის მიმდებარე კანთან ერთად, სივდება და ზომაში მატულობს. ეს კლიტორის ერექციაა. ზოგიერთ ქალს, ერეგირებული კლიტორი ზომაში სამჯერ ეზრდება, მაშინ, როდესაც სხვებისა ზომაში პრაქტიკულად არ იცვლება. კლიტორის რეაქცია სტიმულაციაზე გაცილებით ნელია, ვიდრე კაცის პენისისა: იგი ზემოქმედებიდან მხოლოდ 20-30 წამის შემდეგ ცოცხლდება. ორგაზმის შემდეგ, კლიტორი თანდათანობით ძველ მდგომარეობას უბრუნდება.

კლიტორის ზომებს გენეტიკა და სასქესო ჰორმონების დონე განსაზღვრავს. კლიტორი და პენისი ერთსა და იმავე ემბრიონული ქსოვილიდან ვითარდება: რაც შედეგად მიიღება, იგი ემბრიონის სასქესო განსაზღვრებაზეა დამოკიდებული. კაცის ჰორმონების მოჭარბებული გამომუშავებისას, შესაძლოა, კლიტორი ფართოდ გადიდდეს, რამაც ემბრიონის სქესის დადგენა გაართულოს. აი, ამიტომ ხდება ხოლმე, როდესაც ულტრაბგერის მიერ დადგენილი ბიჭი საბოლოოდ გოგონა აღმოჩნდება. პენისისა და კლიტორის განსხვავებული ზომები ზრდასრულ ადამიანებში უშუალოდ იმას უკავშირდება, რომ პენისს აქვს ფუნქცია, კაცის გენეტიკური მასალა, სპერმა, საშოს სიღრმეში შეიტანოს, ხოლო კლიტორი შეღწევისთვის არაა განკუთვნილი და შეუძლია, იყოს მინიატურული.

გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, კლიტორის ზომა არ უკავშირდება ქალის სექსუალური აღგზნების უნარს. იმ შემთხვევებში, როდესაც კლიტორის ზომა და ფორმა პენისს ემსგავსება, ინტერსექსუალობის ფენომენთან გვაქვს საქმე – სქესობრივ მდგომარეობასთან, რომელიც „ქალი – კაცის“ ოპოზიციაში არ ეწერება. ზრდასრულ ასაკში კლიტორის ზომის მნიშვნელოვანი გადიდება შესაძლოა, ჰორმონულ დისბალანსს უკავშირდებოდეს, მაგალითად, პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომს. კლიტორომეგალია ასევე გვხვდება სტეროიდების მიღებისას (სპორტსმენი ქალების შემთხვევაში), ან ტრანსგენდერი კაცების შემთხვევაში, ჰორმონული თერაპიის დროს.

ზოგადად, კლიტორი შეიძლება სრულიად სხვადასხვა ზომებისა იყოს, და ამავდროულად, ნორმებში ჯდებოდეს. ორგაზმის მიღწევა მისი ფორმის, ზომისა და ფერის მიუხედავადაა შესაძლებელი: ქსელში ერთგვაროვანი გამოსახულებების დომინირება პორნობაზრის დიქტატს უკავშირდება და არა – რეალურ სურათს. შესაძლოა, ბევრმა ქალმა საკუთარ თავში დაურწმუნებლობა იგრძნოს იმის გამო, რომ მისი სასქესო ორგანოები „კანონისგან“ განსხვავებულია. თუმცა, ამას სინამდვილესთან კავშირი საერთოდ არ აქვს.

ვაგინალური ორგაზმი კლიტორის განლაგებას უკავშირდება

პირველ ფრანგ ფსიქოანალიტიკოსს, პრინცესა მარი ბონაპარტს (Marie Bonaparte), ორგაზმის მიღწევა არ შეეძლო არც ქმართან, არც ოთხ საყვარელთან, თუმცა, მასტურბირებისას საკუთარი სტიმულაცია შესანიშნავად გამოსდიოდა. ამ მდგომარეობას იგი არ შეეგუა და ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა, 250 ქალის ვაგინისა და შეღწევისას სიამოვნების მიღების უნარის კვლევით.

1924 წელს გამოცემულ ანგარიშში, იგი საუბრობს ე. წ. ცერა თითის წესზე (სინამდვილეში, ეს ცერა თითის ცალი ფალანგის წესია). მისი მიხედვით, თუ კლიტორი განთავსებულია საშოს შესასვლელიდან არანაკლებ 2,5 სანტიმეტრზე, ქალი შეღწევისას ორგაზმს ადვილად განიცდის. რაც უფრო მეტია ეს დაშორება, მით უფრო შორსაა ფრიქციები ნერვული ქსოვილის კვანძიდან და მით უფრო რთულია ვაგინალური ორგაზმის მიღწევა. 2010 წელს, დოქტორებმა კიმ უოლენმა და ელიზაბეტ ლლოიდმა დაწვრილებითი კვლევა გამოაქვეყნეს მარი ბონაპარტის ექსპერიმენტის შემოწმებაზე და მისი დასკვნები ორგაზმის მისაღწევი მოკლე გზის შესახებ დაადასტურეს.

პორნოგრაფია კლიტორთან მოპყრობას არ გვასწავლის

პორნოგრაფიული მასალის უმეტესი ნაწილი კლიტორის მანიპულაციას ერთობ ზერელე, ფორმალური პრელუდიის ან პოსტკოიტალური (აქტის შემდგომი) ღიტინის სახით წარმოგვიდგენს, და არა – როგორც უმნიშვნელოვანეს გზას ქალის ორგაზმისკენ, ან უმეტესწილ შემთხვევებში. ის რგოლებიც კი, სადაც მხოლოდ ქალი მონაწილეები გვხვდება, დამახინჯებულ წარმოდგენას გვიქმნის კლიტორის დანიშნულების შესახებ. ზოგჯერ, ისინი კლიტორს ისე ჭყლეტენ, თითოს ცეცხლის დანთება სურდეთ. სინამდვილეში, ეს მოქმედება ძალზე უხეშია. ზოგადად, სექსის პორნოგრაფიის გზით შესწავლა ძალზე მცდარი გზაა: იგი არამხოლოდ აიგნორებს სხვადასხვა ადამიანებისა და სექსუალური პრაქტიკების ფსიქოფიზიკურ თავისებურებებს, არამედ აყალიბებს სრულიად მცდარ წარმოდგენებს პარტნიორების სურვილებისა და თავად პარტნიორების შესახებ.

ქალის ორგაზმი კაცისაზე „რთული“ არაა

გავრცელებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქალებისთვის ორგაზმის მიღწევა გაცილებით რთულია, ვიდრე კაცებისთვის. ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიის თვალსაზრისით, ეს ასე არაა. დოქტორი ალფრედ კინსის კვლევების თანახმად, ქალების 45% მასტურბირებისას სამი წუთის მანძილზე იღებს ორგაზმს, ხოლო ეს უფრო ხანგრძლივი დრო სულაც არაა, რაც კაცების კვლევის შედეგად დადგინდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგაზმის მისაღწევად გაჩენილი სიძნელეებში დამნაშავე ქალის ამოუცნობი ფიზიოლოგია კი არა, არამედ ცოდნისა და ექსპერიმენტების უკმარისობაა, რაც ქალს მოდუნებისა და სიამოვნების მიღების საშუალებას