გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, თათია დოლიძე, სიტყვით გამოვიდა.
თათიამ მსმენელებს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდობის პრობლემები, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია გააცნო. გარდა ამისა, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებზე. დოლიძემ აღნიშნა, რომ რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, კონკრეტულად, გალის რაიონში) მცხოვრები ახალგაზრდებს უზღუდავს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, საკუთრებაზე უფლებების დაცვას, გადაადგილების თავისუფლებისა და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის უფლებებს.
თათია დოლიძის გამოსვლას დიდი გაღიზიანება მოჰყვა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მხრიდან. “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა იმ ერის არჩევანია, რომელიც სამხრეთ ოსეთის მიმართ საქართველოს აგრესიულ ქმედებებს მოჰყვა. ათასობით ქართველის, აფხაზის, ოსისა და სხვა ეროვნების ადამიანის სპეკულირების ნაცვლად, ქართველი კოლეგები სჯობს სეროზულად დაკავდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებითა და თანასწორი, კეთილმეზობლური ურთიერთობის შენებით სომხეთთან და ცხინვალთან. თბილსის მსგავსი ნაბიჯები ამ ქვეყნების სოციალურ განვითარებაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენდა”, – ასე უპასუხა გაეროს ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა თათია დოლიძის გამოსვლას.
თათია დოლიძემ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს უპასუხა, რომ მისი “შეცდომაში შემყვანი” განცხადება ვერ გააქარწყლებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების უფლებები ირღვევა.
„მე დღეს მთელი ჩემი ქვეყნის სახელით ვსაუბრობ, მათ შორის მათი სახელითაც, ვინც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, დღეს მე მათ ხმასაც ვაჟღერებ. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობის ეს შეცდომაში შემყვანი განცხადება ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს არ აქვთ თავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება და ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვაზე”, – განაცხადა დოლიძემ.