ქალზე ძალადობა

გაერო: „არა“ ქალთა გენიტალიების დასახიჩრებას!

გაერო ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკის აღმოფხვრას ითხოვს. 2030 წლისთვის, მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა აღარ უნდა არსებობდეს. ამის შესახებ საუბარია გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივ განცხადებაში. დოკუმენტი ქალთა გენიტალიების დასახიჩრების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დღეს გავრცელდა.

ამ ბარბაროსული ოპერაციის დროს, გოგონებს და ქალებს ნაწილობრივ ან მთლიანად კვეთენ გარე სასქესო ორგანოებს. შესაძლოა, ოპერაციამ ძლიერი სისხლდენა, შარდის შეუკავებლობა, შარდსასქესო გზების ინფექციები, უნაყოფობა და სიკვდილიც კი გამოიწვოს.

UNFPA და UNICEF აღნიშნავენ, რომ ქალთა გენიტალიების დასახიჩრება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, იგი საზოგადოებაში ქალის დისკრიმინაციას უწყობს ხელს. ამ უკიდურესად მტკივნეულ ოპერაციას არანაირი სამედიცინო ჩვენება არ გააჩნია. მისი მიზანი ქალის სექსუალობის აღმოფხვრა და მისი კაცისთვის სრული დამორჩილებაა.

ექსპერტების მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 200 მილიონ გოგონას და ქალს აქვს გადატანილი სასქესო ორგანოების ეს დამასახიჩრებელი ოპერაცია. ამ პრობლემას გლობალური ხასიათი აქვს. ე.წ. „ქალის წინადაცვეთის“ პრაქტიკა აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 30 ქვეყანაშია გავრცელებული. მიგრაციის შედეგად, ქალთა გენიტალიების დასახიჩრების შემთხვევებმა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებშიც იმატა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, კერძოდ ყვარლის რაიონის სამ სოფელში: თივში, სარუსოსა ჩანთლისყურში მცხოვრები ავარიელების ეთნიკურ ჯგუფში ქალთა გენიტალიების დასახიჩრების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია შარშან გავრცელდა.