თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის სახელით წევრი ორგანიზაციები ვეხმაურებით 2019 წლის 8 ნოემბერს, კინოთეატრ „ამირანთან“, უფლებადამცველების – ანა სუბელიანისა და თამაზ სოზაშვილის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ინციდენტს, ასევე კინოთეატრ ამირანში დაგეგმილი კინოჩვენების ხელის შეშლის ფაქტს, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და სამართალდამცავ უწყებებს:
- უზრუნველყონ უფლებადამცველების ფიზიკური შეურაცხყოფის, ასევე გამოხატვის თავისუფლების გამოყენების ხელის შეშლის ფაქტებზე, ეფექტიანი გამოძიება – მათ შორის გამოძიების წარმართვა შესაძლო ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით.
- საჯაროდ დაგმონ საქართველოში უფლებადამცველების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები, მათი შევიწროება და დევნა;
- შეიმუშაონ პოლიტიკა და რეგულაციები უფლებადამცველების დაცვისთვის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად;
- დაიცვან და უზრუნველყონ გამოხატვის თავისუფლება, როგორც კონსტიტუციური უფლება და არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება;
2019 წლის 8 ნოემბერს, ქართულ-შვედური ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე ჰომოფობიური ჯგუფები თბილისსა და ბათუმში რამდენიმე კინოთეატრთან შეიკრიბნენ ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი იყო ჯგუფების შეკრება თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“, სადაც სამოქალაქო აქტივისტები, ანა სუბელიანი და თამაზ სოზაშვილი, რომლებმაც ლგბტ თემის წევრები ფილმის ჩვენებაზე მიაცილეს და იქ თავიანთ უფლებადაცვით საქმიანობას ახორციელებდნენ, მიზანმიმართული აგრესიისა და მუქარის მსხვერპლნი გახდნენ. აქტივისტებს მიზანმიმართულად დაესხნენ თავს, როგორც უფლებადამცველებს. ანა სუბელიანი მოგვიანებით სამედიცინო პუნქტში იქნა გადაყვანილი, მას თვალის არეში მძიმე საგნის მოხვედრის გამო შვიდი ნაკერი დაადეს. ძალადობის ფაქტებთან ერთად ადგილი ჰქონდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ამ უფლების გამოყენებისთვის უკანონოდ ხელის შეშლას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი იცავს გამოხატვის თავისუფლებას. ამავე მუხლით გარანტირებულია ინფორმაციის თავისუფლად მიღების და გავრცელების უფლება, ხოლო ამ უფლებათა შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით და მიზნით.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლის მიხედვით დასჯადია „ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანდა ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“.
დაშავებული აქტივისტების საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის I ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება). ორივე აქტივისტის ინტერესებს თბილისის სახლის წევრი ორგანიზაციის – ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები იცავენ.
მიუხედავად იმისა, რომ ანა სუბელიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და ამ ეტაპზე ბრალდებულიც დაკავებულია, ძალიან მნიშვნელოვანია საქმეს სწორი კვალიფიკაცია მიეცეს და არა მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარიმართოს, არამედ გამოიკვეთოს დანაშაულში სიძულვილის მოტივი, რაც განმსაზღვრელი გახდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენისას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, გამოძიება დამატებით წარიმართოს ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი) და გამოხატვის უფლების გამოყენებისთვის უკანონოდ ხელის შეშლის (სიტყვის თავისუფლების ხელყოფა – სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლი) მუხლებით.
უფლებადამცველების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარებაში მსოფლიო მასშტაბით არის აღიარებული, არსებობს უფლებადამცველების დაცვისთვის აღიარებული პრინციპები, მათ შორის გაეროს უფლებადამცველების შესახებ დეკლარაცია. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს უფლებადამცველების ეფექტიანი დაცვა, შეუქმნას მათ უსაფრთხო და თავისუფალი გარემო, რათა შეფერხების გარეშე და უსაფრთხოდ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის სახელით წევრი ორგანიზაციები:
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
- მედიის ინსტიტუტი
- საფარი
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი