ბლოგები / სექსუალური ძალადობა

გაუპატიურების კულტურა და მითები გაუპატიურების შესახებ

ყოველდღიურობაში ახალგაზრდა მამაკაცების აგრესიული და ძალადობრივი ქცევა ხშირად ბიოლოგიური ინსტინქტებით მართლდება ხოლმე, ეს კი მათში არაცნობიერ მიკერძოებულობას წარმოქმნის და საზოგადოებაში ქმნის გენდერულ სტერეოტიპს, რომ ვითომ ბიჭებს ყველაფერი ეპატიებათ, მათი ბიოლოგიური ინსტინქტების გამო. სინამდვილეში, მათ ხელდასმა აქვთ საზოგადოებისგან სოციალიზაციის პროცესში, ხდებიან მოძალადეები, აგრესიულები და ზემოდან უყურებენ ქალებსა და იმ კაცებს, რომლებსაც ცხოვრებაში დაიქვემდებარებენ ხოლმე.

ხშირად ამბობენ, რომ სექსუალური ძალადობა ქალური პრობლემაა, სინამდვილეში ეს ასე არ არის. სქესობრივი ძალადობა კაცური პრობლემაა. მართალია, მას ხშირად უკავშირებენ მოძალადის ფსიქოლოგიურ დარღვევებს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მართლა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაულების გარდა, მამაკაცები, რომლებიც ძალადობენ ქალებზე, არიან ჩვეულებრივი ადამიანები. მათ მყარად აქვთ გამჯდარი მასკულინური ნორმები და საზოგადოებისგან თავიანთი ქცევის ლეგიტიმაციას გრძნობენ, რადგან ძალადობა ნორმალიზებულია და თანხვედრაში მოდის ჰეგემონური მასკულინობის თვისებებთან. უნდა გვახსოვდეს, რომ კულტურული შეხედულებებისა და სოციალური ქცევების ნაკრები, რომელიც სექსუალური ძალადობის ისეთი ფორმების ნორმალიზებას ახდენს, როგორებიცაა გაუპატიურება, სექსუალური შევიწროება და სექსუალური იძულება, განისაზღვრება “გაუპატიურების კულტურის” სახელით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაუპატიურების კულტურა ყალიბდება სოციალურ გარემოში, რომლის საშუალებითაც ხდება სექსუალური ძალადობის აქტების ნორმალიზება, გამართლება და თუნდაც, განდიდება, მიზოგინისტური ენის გამოყენებითა და ქალთა სხეულის გაობიექტებით.

გაუპატიურებასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე მითი, რომელიც მოცემულია  ცხრილში. ცხრილში, ასევე, მოცემულია ის რელობა, რომელიც მითების გვერდით არსებობს:

 

მითი რეალობა
გაუპატიურება სქესობრივი აქტია, რომელიც ბოლოს აღგზნებით მთავრდება. გაუპატიურება აგრესიული აქტია და გამოიყენება სხვაზე დომინაციისთვის
ვინც აუპატიურებს, არანორმალურია. გამაუპატიურებლები არ განსხვავდებიან სხვებისგან არაფრით (კულტურა იძლევა ამის ხელდასმას).
უცნობი ადამიანი აუპატიურებს. გაუპატიურების უმეტესობა ხდება ნაცნობებს შორის.
შავკანიანი აუპატიურებს და მსხვერპლია თეთრკანიანი ქალი. გაუპატიურება რასებს შიგნით ხდება და არა – რასებში. ეს მითი ირეკლავს რასიზმს.
გაუპატიურებას ქალის ჩაცმულობა განაპირობებს. გაუპატიურება დაგეგმილია და მოძალადეს ქალის ჩაცმულობა არ აინტერესებს.
გაუპატიურებებს მაშინვე აშუქებენ. უმრავლესობა არ ხმაურდება.
უნივერსალური პრობლემაა. კულტურებში განსხვავდება, მილიტარისტულ საზოგადოებებში გაუპატიურების მაჩვენებელი მაღალია.

 

რა უნდა ვქნათ? გაუპატიურებათა და სქესობრივი დანაშაულებების უმეტესობა უნდა ვაღიაროთ, როგორც მასკულინობის პრობლემა და შევეცადოთ, კაცები გავათავისუფლოთ ჰიპერსექსუალობის წნეხისგან, რომლის მიხედვითაც, კაცი იმ შემთხვევაში ითვლება კაცად, თუ ყველა ქალს დაიმორჩილებს სექსისა და გაუპატიურების გზით.

 

ბლოგის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია კავშირი საფარი. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.