მაიკლ კიმელი
სხეულები, ან პირადი საკუთრება გვგონია, რომელსაც სრულიად ვაკონტროლებთ, ან წარმოვიდგენთ მას, როგორც ბიოლოგიური იმპულსების ერთობლიობას, რომელზეც არანაირი კონტროლი არ გაგვაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კულტურა გაჯერებულია სხეულებსა და სექსუალობაზე ხუმრობებითა და მინიშნებებით და ჩვენც გაუთავებლად ვსაუბრობთ სექსსა და სექსუალურ თავგადასავლებზე, უმრავლესობისთვის ის მაინც პირად გამოცდილებად რჩება, რომელზეც ღიად და გულრწფელად იშვიათად საუბრობენ. საუკუნეების მანძილზე სხეულები და სექსუალობა მითებით, ტაბუებითა და მათთან დაკავშირებული არასაკმარისი ცოდნებით იყო მოცული.
სხეულებთან, სექსსა და სექსუალობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური გამოცდილებები ძალიან გენდერირებულია. საკუთარ სხეულებს კულტურული ნიშნებისა და სიმბოლოების ფართო სპექტრის გამოყენებით ვხატავთ, ხოლო ჩვენი სექსუალობა საზოგადოებაში კარგად დამკვიდრებული სოციალური ნორმებისა და პრაქტიკების ინტიმურ გამოხატულებას წარმოადგენს. სხეულები კონსტრუირდებიან ჩვენ მიერ სხვებისთვის შექმნილ წაკითხვად სოციალურ ტექსტებად, ხოლო, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მომხდარმა არსებითმა ცვლილებებმა: “ახალმა ქირურგიულმა პროცედურებმა, შობადობის კონტროლმა და ინტერნეტმა”, ეს პროცესი გენდერულად მნიშვნელოვან სისტემად გარდაქმნა, ბევრი რამ გვასწავლა ჩვენი სხეულების შესახებ და ახალ სოციალურ ჯგუფებს საშუალება მისცა საკუთარ განსხეულებულ ქმედებას შეასხან ხორცი. შესაბამისად მივიღეთ ე.წ. “განსხეულებულების” (მოქმედი სხეულების) დემოკრატია, რომელსაც თან უამრავი უარყოფითი მოვლენა მოჰყვა.
გენდერი და სილამაზის მითი
სილამაზისა და მომხიბვლელობის ჩვენეული იდეალებიც ღრმად გენდერირებულია. ერთის მხრივ ჩვენ გაცილებით მეტი რამ ვიცით ქალის სილამაზის სტანდარტების შესახებ, ვიდრე კაცის სილამაზის სტანდარტებზე, რაც დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ სწორედ კაცებმა შექმნეს სილამაზის სტანდარტები, რომელთა ვალიდურობასაც განაპირობებდა ის სიმდიდრე და ძალაუფლება, რომელსაც ისტორიულად ასევე კაცები ფლობდნენ.
სილამაზისა და სექსუალურობის სტანდარტები ცვალებადია და ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სტატუსი აქვთ ქალებს კონკრეტულ საზოგადოებაში. იქ, სადაც ქალის სტატუსი უფრო მაღალია, პატარა მკერდი მეტად მომხიბვლელად ითვლება, ვიდრე დიდი მკერდი, ალბათ იმიტომ, რომ პატარა მკერდს მინიმუმამდე დაჰყავს ანატომიური განხვავებები ქალებსა და კაცებს შორის და აგრეთვე, იმიტომ, რომ პატარა მკერდი ქალებს სწრაფად გადაადგილებას უადვილებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კაცების გემოვნება ქალების დიდ თუ პატარა მკერდთან მიმართებაში ვარირებს ეკონომიკურ ცვლილებებთან ერთად. იგივე ხდება ქალის კაბის სიგრძესთან დაკავშირებით.
ეკონომიკური კეთილდღეობის პერიოდში, როდესაც ოჯახის მარჩენალი მამაკაცები თავს უფლებას აძლევენ ცოლები სახლში ჰყავდეთ და თავად არჩინონ, მათთვის ქალის დიდი ზომის მკერდი და მოკლე კაბა უფრო სასურველია, რადგან ისინი ხაზს უსვამენ ქალებსა და კაცებს შორის ბიოლოგიურ/ანატომიურ განსხვავებებს, რომლითაც ამყარებენ სფეროების სოციალურ დაყოფას (ქალი – კერძო, კაცი – საჯარო). ეკონომიკური დაცემის პერიოდში, ქალების ქვედაბოლოების სიგრძე ქვემოთ იწევს და პატარა ზომის მკერდი ნორმად იქცევა ხოლმე. რომ შევაჯამოთ, მაშინ როდესაც ქალებსაც და კაცებსაც თანაბრად უწევთ თავის გასატანად მუშაობა, ბუნებრივი განსხვავებები ქალებსა და კაცებს შორის მინიმუმამდე დაიყვანება.
ბევრ ტროპიკულ კულტურაში, ქალები მკერდს საერთოდ არ იფარავენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კაცები მუდმივი სექსუალური აღგზნების მდგომარეობაში იმყოფებიან. უბრალოდ, აღნიშნულ კულტურებში შიშველი მკერდი კაცებისთვის სექსუალურ სტიმულად არ განიხილება. კაცის ყურადღება შეიძლება ქალის სხეულის სხვა ნაწილებზე იყოს ორიენტირებული და ფოკუსირებული. ზოგიერთ ისლამურ კულტურაში კი, ქალები იმდენად სექსუალურად მაცდურებად მიიჩნევიან (და კაცებს იმდენად არ შუძლიათ თავის გაკონტროლება, როდესაც ცდუნების წინაშე აღმოჩნდებიან), რომ იძულებულნი არიან მთელი სხეული დაფარული ჰქონდეთ ტანსაცმლით.
შეერთებულ შტატებში, ქალის სილამაზე საკმაოდ მაღალ ღირებულებას წარმოადგენს, ხოლო, სილამაზის სტანდარტები კი იმდენად ვიწროა, რომ ქალების დიდი ნაწილი თავს მახეში გაბმულად გრძნობს. მახეში, რომელსაც ნაომი ვულფი „სილამაზის მითს“ უწოდებს. იგი წარმოადგენს ქალური სილამაზის, თითქმის მიუწვდომელ, კულტურულ იდეალს, რომელიც „ქალის სილამაზის შესახებ წარმოდგენებს მათივე დამორჩილების პოლიტიკურ იარაღად იყენებს.” ისევე როგორც მაქს ვებერმა დაგმო მოხმარების „რკინის გალია“ თანამედროვე საზოგადოებაში, ნაომი ვულფიც გმობს სილამაზის მითის მიერ შექმნილ „რკინის ქალიშვილის“ ცნებას, რომელიც ქალებს კოსმეტიკის, სილამაზის დამხმარე საშუალებების, დიეტებისა და ვარჯიშისადმი ფანატიკური დამოკიდებულების დაუსრულებელ ხაფანგში იტყუებს და მათ სხეულებს შინაგან პატიმრობაში ამყოფებს. არის თუ არა ეს “სიგამხდრის ტირანია?!“ (როგორც ამას ერთი მწერალი უწოდებს), ქალთა გაზრდილი დამოუკიდებლობის ირონიული შედეგი?!, რაღაც ტიპის საპასუხო რეაქცია, მცდელობა ქალები “თავის ადგილზე” დააბრუნოს, მაშინვე, როგორც კი ისინი თავისუფლდებიან?! საინტერესოა ერთი დამთხვევა: პირველი „მის ამერიკის“ კონკურსი 1920 წელს გაიმართა. ამავე წელს მიიღეს ქალებმა ხმის მიცემის უფლება არჩევნებში.
ქალები განსაკუთრებით წონასა და მკერდის ზომაზე ღელავენ. როგორც ფილოსოფოსი აირის იანგი წერს “მკერდი ყველაზე ხილული ნიშანია ქალის ქალურობის“ და წარმოადგენს „მისი სექსუალურობის უტყუარ ნიშანს“. ქალები ხშირად ექცევიან “ოქროსკულულას დილემის” მახეში, რომელიც პატარა გოგონაზე შექმნილი ზღაპრიდან წარმოიქმნა. “ოქროსკულულა”-ს ჰქონდა ფაფა, რომელიც ან ზედმეტად ცხელი, ან, ზედმეტად გრილი ეჩვენებოდა და ვერასოდეს გადაწყვიტა რომელი უფრო შეეფერებოდა ფაფის რეალურ მდგომარეობას. ქალებსაც მიაჩნიათ, რომ მათი მკერდი არის, ან ძალიან დიდი, ან ძალიან პატარა, მაგრამ არასოდეს მათთვის შესაფერისი და კარგი. 2001 წელს კოსმეტიკურმა ქირურგებმა 220 000 მკერდის გასადიდებელი და თითქმის 2-ჯერ ნაკლები მკერდის დასაპატარავებელი ოპერაცია განახორციელეს.
ქალების წონა ხშირად აიძულებს მათ დაემორჩილონ “სიგამხდრის ტირანიას.” მაგალითად, 1978 წლიდან მოყოლებული, მის ამერიკისა და ფლეიბოის ლამაზმანების საშუალო წონა მუდმივად მცირდებოდა, იმის ფონზე, რომ მათი საშუალო სიმაღლე და მკერდის ზომა პირიქით, იზრდებოდა. 1954 წელს, მის ამერიკა 1.72 სანტიმეტრის იყო და იწონიდა 60 კილოგრამს. დღეს მის ამერიკის საშუალო კონკურსანტი ისევ რჩება 1.72 სანტიმეტრი, მაგრამ იწონის მხოლოდ 53 კილოგრამს. („Harper’s Bazaar“-ში 1908 წელს გამოქვეყნებულმა სტატიამ გვამცნო, რომ 1.72 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე ჯანმრთელი ქალის ნორმალური წონა უნდა იყოს 70 კილოგრამი, 60 კილოგრამი ნორმალურია 160 სანტიმეტრის სიგრძის ქალისთვის და 53 კილოგრამი სასურველია მხოლოდ 1.55 სანტიმეტრის ქალებისათვის.) 1975 წელს მოდელები საშუალოდ 8 პროცენტით ნაკლებს იწონიდნენ, ვიდრე ამერიკელი ქალები. 1990 წლისთვის ეს განსხვავება 23 პროცენტით გაიზარდა. დღეს საშუალო ამერიკელი ქალი არის 1.62 სანტიმეტრი და იწონის 74 კილოგრამს, ატარებს 14 ზომა ტანსაცმელს, ხოლო, მოდელების საშუალო სიმაღლე არის 1.80 სანტიმეტრი და იწონიან 53 კილოგრამს (ატარებენ 2 ზომა ტანსაცმელს). მერლინ მონრო, მეოცე საუკუნის ყველაზე ცნობილი სექსსიმბოლო ატარებდა 14 ზომა ტანსაცმელს, ხოლო თანამედროვე სექსსიმბოლოები ატარებენ 4 ზომას. როგორც მერი პაიპერი წერს: “გოგონებს ეშინიათ სიმსუქნის, იყო მსუქანი ნიშნავს იყო გარიყული, საძულველი და ნაძაგები…” თითქმის ყველა მოზარდი გოგონა თავს მსუქნად თვლის, ღელავს თავის წონაზე, დიეტობს და თავს დამნაშავედ გრძნობს, როდესაც ჭამს“. მონაცემები ბევრისმთქმელია: პირველიდან მესამე კლასამდე გოგონების 42% ამბობს, რომ მათ სურთ იყვნენ უფრო გამხდრები, გოგონების 81%-ს 10 წლის ასაკში ეშინია სიმსუქნის, ცხრიდან თერთმეტ წლამდე გოგონების 46% იცავს დიეტას, ხოლო კოლეჯის პერიოდში ეს მონაცემები თითქმის ორმაგდება.
ქალებისთვის სილამაზის თანამედროვე სტანდარტები ორ მძლავრ გამოსახულებად წარმოგვიდგება: “დრამატული სიგამხდრე” და “კუნთოვანება/ეშხიანობა”, რომელთა მიღწევაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია. მოზარდებთან ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ მათი უმრავლესობა გახდომის მცდელობების დროს სრულიად უგულვებელყოფს ჯანმრთელობის საკითხებს. შედეგად, ყოველ წელს იზრდება ახალგაზრდა ქალების რიცხვი, რომლებსაც ნერვული ანორექსიისა და ბულემიის დიაგნოზს უსვამენ. ანორექსია მოიცავს ქრონიკულ და სახიფათო “მოშიმშილე დიეტასა” და აკვიატებულ (ობსესიურ) სავარჯიშოებს; ბულემია როგორც წესი მოიცავს „თავშეუკავებლობასა და გაწმენდას“ (ჯერ დიდი რაოდენობით საკვების მიღება და შემდეგ გულისრევის, ან ოყნის საშუალებით საკვების უკან გამოდევნა). ანორექსია და ბულემია წარმოადგენენ უკიდურესსა და სერიოზულს პრობლემებს, რომლებიც სამედიცინო ჩარევის გარეშე გოგონას სიკვდილის გამომწვევიც კი შეიძლება გახდეს. მართალია, ისინი სხეულზე “მღელვარე ზრუნვის” კონტინიუმის ყველაზე შორეულ გამოვლინებებად წარმოგვიდგებიან, მაგრამ საწყისი აქვთ ისეთ „ნორმალურ“ ქცევებში, როგორებიც არის: ვარჯიში ან დიეტა.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ანორექსიისა და ბულემიის სიხშირე, სხვა ქვეყნებთან შედარებით შეერთებულ შტატებში უფრო მაღალია. მონაცემები გვიჩვენებს, რომ შესწავლილი სქესობრივად მომწიფებული გოგონებისა და ქალების 5-10% დაავადებულთა სიაში ხვდება, რაც რაოდენობრივად 5-10 მილიონ გოგონასა და ქალს გულისხმობს. ანორექსია არის მესამე ყველაზე გავრცელებული დაავადება მოზარდებს შორის ამერიკაში. თერთმეტიდან ოცდაათ წლამდე ასაკის ამერიკელი გოგონების ნახევარი თავის თავს ჭარბწონიანად მიიჩნევს.
ბრიტანეთში დაავადებულ გოგონათა რიცხვი 165 000-ს აღემატება, ხოლო, ევროპული მედიცინის ასოციცაცის თანახმად, მთელს ევროპაში ყოველი 10 000 ქალიდან მხოლოდ 14.5 განიცდის ბულემიას ან ანორექსიას. ეს მხოლოდ და მხოლოდ 1 პროცენტის ერთი მეათედია და დაახლოებით 50-ჯერ ნაკლებია შეერთებული შტატების მონაცემებთან შედარებით. ამ მონაცემების საპირისპიროდ, ბევრ არადასავლურ საზოგადოებაში სიმსუქნე და “სიფუმფულე” დაფასებულია და არსებობს კორელაცია სხეულის წონასა და სოციალურ კლასს შორის. ასევე, ევროპასა და შეერთებულ შტატებში შავკანიანი გოგონები ნაკლებად იტანჯებიან მსგავსი დაავადებებით, ვიდრე თეთრკანიანი საშუალო კლასის გოგონები. (ირონიულია მაგრამ საზოგადოებებში, სადაც საკვები უხვადაა, სიგამხდრის იდეალებია შექმნილი, მაშინ როდესაც საზოგადოებებში, სადაც საკვების მიწოდება მერყევია, სიმსუქნე უფრო ხშირად წარმოგვიდგება ქალურობის იდეალად.) აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ეს მოვლენა საშუალო და მაღალი კლასის იაპონელ ქალებს შორისაც დრამატულად გაიზარდა.
გავაერთიანოთ სიგამხდრეზე მღელვარება სიგამხდრისა და სექსუალურობის განტოლებასთან და მივიღებთ ძალიან დაბნეული ადამიანების კულტურულ რეცეპტს. ტანსაცმლის მაღაზიები 7-დან 10 წლამდე ასაკისთვის შესაფერისი ზომის “ტანგებს” ყიდიან. ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაცია იმდენად შეშფოთებული იყო ამ ტენდენციით, რომ სპეციალური სამუშაო ჯგუფი მოიწვია ახალგაზრდა გოგონების სექსუალიზაციასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სტერეოტიპული გაგებით სიგამხდრეზე დრამატული აქცენტი მხოლოდ საშუალო და მაღალი კლასის თეთრკანიან გოგონებსა და ქალებს აზიანებს, ფაქტების შესწავლა განსხვავებულ რეალობას გვიყვება. აღმოჩნდა, რომ დრამატული აქცენტი სიგამხდრეზე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სამუშაო კლასისა და შავკანიანი ქალების სხეულებრივ იდეალებსაც. თუ ერთ-ერთი გაზეთი 1944 წელს გვამცნობდა, რომ სხეულის დიდი ზომა მიღებული და დაფასებულიც კი იყო შავკანიან ხალხთა შორის, 90-იანი წლებიდან სიგამხდრით გამოწვეული მღელვარება, მათშიც აშკარად იგივე სტიგმას ატარებს, როგორსაც თეთრკანიანების შემთხვევაში. მომდევნო წელს ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ შავკანიანი მოზარდი გოგონები უფრო მიისწრაფიან სიგამხდრისკენ, ვიდრე თეთრკანიანი მოზარდი გოგონები. მედიის მიერ ოპრას წონის მკვეთრი დაკლების გაშუქებამ და “ულტრათხელი” აფროამერიკელი მოდელებისა და მსახიობი ქალების გამოსახულებებმა შესაძლოა გაზარდა შავკანიანი ქალების მღელვარება საკუთარი წონის მიმართ. მართალია, ეს შეიძლება იყოს ასიმილაციის პერვერსიული სიგნალი და დომინანტი კულტურების მიერ თანხმობა, რომ „მათი“ იდეალური სხეულის ტიპი ახლა მოიაზრებს ოდესღაც მარგინალიზებული სხეულების მიღებასაც.
ისიც მართალია, რომ კაცები უფრო და უფრო მეტან კონცენტრირდნენ საკუთარ სხეულებზე, განსაკუთრებით ფიტნესისა და წონის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოდითგანვე ღელავდნენ საკუთარი სხეულის სიძლიერესა და მოქნილობაზე, მეოცე საუკუნეში ბოდიბილდერი ჩარლზ ატლასის უზარმაზარი წარმატების საკუთარი თვალით ნახვამ, მათში გამოიწვია ძლიერი მუსკულების შენების დაუოკებელი სურვილი, თან იმ პერიოდიში, როდესაც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კაცებს მოუწევთ კუნთების გამოყენება თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობებში. ანუ, ჩვენ გვინდა უფრო ძლიერად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ სინამდვილეში, თანამედროვე ცხოვრებაში, ეს არ გვჭირდება. ხელახლა ვქმნით საკუთარ გარეგნობას, რომელიც რეალურად აღარ გვესაჭიროება. თანამედროვეობის ერთ-ერთი წარმატებული კაცური ჟურნალი, როგორიც არის: “Men’s Health”, ახალისებს კაცებს შეხედონ თავიანთ სხეულებს, ისე როგორც ქალებს ასწავლიდნენ ოდესღაც აღექვათ საკუთარი სხეულები, როგორც მიმდინარე პროექტები, რომლებზეც უნდა იმუშაო და გარკვეულ შედეგს მიაღწიო. (ჟურნალის არსებობის პირველ შვიდ წელიწადში ტირაჟი გაიზარდა 250 000-დან 1.5 მილიონამდე. ეს ყველაზე წარმატებული რიცხვია ჟურნალების გამოცემის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს). ნაწილობრივ ეს ჯანმრთელობასა და კარგი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ საერთო საზოგადოებრივი მღელვარების ფენომენს ემთხვევა, ხოლო ნაწილობრივ დამოკიდებულია კაცების სურვილზე, რომ გამოიყურებოდნენ ახალგაზრდულად, იმიტომ რომ თანამედროვე საზოგადოება ახდენს დაბერების გაუფასურებას და მოხუც ადამიანებს უსარგებლოებად განიხილავს. მაგრამ, როგორც ჩანს, კაცების სურვილი იყვნენ ძლიერები და ნავარჯიშებნი უფრო მეტად გენდერთან არის დაკავშირებული, ვიდრე სხვა რომელიმე სოციალურ ფენომენთან.
კაცების მღელვარებები სხეულთან მიმართებაში აირეკლავს ქალების მდგომარეობას. მაშინ, როდესაც ქალები ღელავენ მკერდის ზომასა და წონაზე, კაცების მღელვარება დაკავშირებულია მუსკულატურასთან, ანუ, ორივე ღელავს სხეულის ქალურობისა და მამაკაცურობის იმ ასპექტებზე, რომლებიც მიანიშნებს და ხაზს უსვამს “ბუნებრივ” ბიოლოგიურ განსხვავებებს სქესთა შორის. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო თანასწორი გახდა საჯარო სფეროში კაცებისა და ქალების მოღვაწეობა, მით უფრო გაიზარდა მოთხოვნა სილამაზის სტანდარტების იმ ასპექტებზე, რომლებიც ხაზს უსვამს სქესთა შორის ბიოლოგიურ განსხვავებებს.
დრამატულად გაიზარდა “კაცური კუნთიანობის სტანდარტები”. ბევრი მამაკაცი განიცდის იმას, რასაც მკვლევარებმა უწოდეს: “კუნთების დისმორფია”, რწმენა იმის შესახებ, რომ ისინი არასაკმარისად დაკუნთულები და მამაკაცურ სტანდარტთან შედარებით პატარები არიან მოცულობით. ჰარისონ პოპი ამას „ადონისის კომპლექსს“ უწოდებს. კაცებს სჯერათ, რომ ისინი ისე უნდა გამოიყურებოდნენ, როგორც ბერძნული ღმერთები: “იდეალური ნიკაპით, ხშირი თმით, “რაკრაკა” კუნთებითა და “დაკლაკნილი/დალიანდაგებული” მუცლით.” მედიაში კაცების სხეულების წარმოჩენისა (რომელიც ეხლა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მაგალითად რეკლამებში კაცების სხეულების იმდაგვარად წარმოჩენა, რომელიც ერთი თაობის უკან მხოლოდ ქალურ სხეულებზე იყო ნორმად მიჩნეული) და ეკონომიკური მღელვარების ზრდამ ჩვენში მიგვიყვანა იქამდე, რომ კაცები ვფოკუსირდით ისეთ რამეზე, რისი კონტროლიც შეგვიძლია, მაგალითად, იმაზე, თუ როგორ გამოვიყურებით, რამაც გვაიძულა საკუთარ სხეულებთან დაკავშირებულ საკითხებზე არსებული მოსაზრებები და შეხედულებები შეგვეცვალა.
1999 წელს პოპმა და მისმა კოლეგებმა აიღეს G.I. Joe-ს პროპორციები და გადაიყვანეს ისინი რეალური ცხოვრების პროპორციებში (ბარბის ცვლილებების აღწერის პარალელურად). 1974 წელს, G.I. Joe-ს სიმაღლე იყო 1.78 სანტიმეტრი და ჰქონდა 78 სანტიმეტრის ზომის წელი, 111,7 სანტიმეტრის გულმკერდი და 30 სანტიმეტრიანი ბიცეფსი. ძლიერი და დაკუნთული რეალური შესაძლებლობების ფარგლებში. 2002 წლის G.I. Joe-ს მონაცემები ცოტა განსხვავებულია. ის ისევ 1.78 სანტიმეტრის სიმაღლის იყო, მაგრამ მისი წელი შემცირდა 71 სანტიმეტრამდე, მისი გულმკერდის ზომა გაგანიერდა 127 სანტიმეტრამდე, ხოლო მისი ბიცეფსები 55.8 სანტიმეტრამდე გაიზარდა და თითქმის გაუთანაბრდა მის წელის ზომას. ასეთი პროპორციები უფრო ცირკისთვის უცნაურ არსებას ქმნიდა და ვიდრე მისაბაძ ობიექტს.
ასეთმა ჰიპერტროფირებულმა ექტომორფებმა ბევრ კაცს თავი უკიდურესად არასრულფასოვნად აგრძნობინა. ერთ-ერთ კვლევაში, შესწავლილი მამაკაცების ნახევარი ადასტურებდა მათში სხეულებრივ გამოსახულებასთან დაკავშირებულ აშლილობას. 1997 წელს, ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა: “Psychology Today”-ში“ გამოავლინა, რომ კაცების 43 პროცენტი უკმაყოფილოა თავისი გარეგნობით, იგივე კვლევის მიხედვით, რომელიც 25 წლით უკან ჩატარდა, მხოლოდ კაცების 15% იტყობინებოდა იგივეს. ერთ-ერთმა კოლეჯის სტუდენტმა ჟურნალისტს განუცხადა:
“როდესაც სარკეში ვიხედები მე ვხედავ ორ რამეს: როგორი მინდა ვიყო და როგორი არ ვარ. მე მძულს ჩემი არარსებული მოცულობა. ჩემი გულმკერდი არასდროს იქნება უზარმაზარი. ჩემი ფეხები ზედმეტად წვრილია. ჩემი ცხვირი უცნაური ფორმისაა. მე მინდა “კაცური ჯანღონის” წახალისება. მე მინდა ვიყო ბიჭი Gillette-ის რეკლამიდან.”
სულ უფრო იზრდება იმ მამაკაცების რიცხვი, რომლებსაც კვებითი ხასიათის დარღვევები ახასიათებთ. პოპი და მისი კოლეგები თვლიან, რომ ერთ მილიონზე მეტი კაცი განიცდის სხვადასხვა ტიპის კვებითი ხასიათის დარღვევას. 10 პროცენტი იმ ადამიანებისა, რომლებიც კვებითი დარღვევების მკურნალობას ცდილობენ, კაცია. (ერთ-ერთი კვლევის თანახმად კაცები მალავენ კვებით დარღვევებს და არ ცდილობენ მკურნალობას, ვინაიდან თვლიან, რომ ასეთი ტიპის დარღვევები ქალებისთვის არის დამახასიათებელი.) მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემები ყველაზე გავრცელებული შეიძლება გეი კაცებში იყოს, ბოლო წლებში, მსგავსი პრობლემები გაიზარდა ჰეტეროსექსუალ კაცებს შორისაც.
1994 წელს, კორნელის უნივერსიტეტის ფეხბურთელებთან ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ სპორტსმენების 40%-ი კვების დისფუნქციონალური მოდელების გამოყენებით იყო დაკავებული, ხოლო 10%-ს აღენიშნებოდა კვებითი ხასიათის დარღვევები. ორი უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯში მამრობითი სქესის არც ერთ ათლეტს არ აქვს დიაგნოსტირებული კვებითი ხასიათის დარღვევები, მათი დაახლოებით 16-20 პროცენტისთვის ეს მაინც სიმპტომატურია. როგორც კვლევის ავტორები გვიყვებიან: „იმის მიუხედავად, რომ სპორტსმენებში პათოგლოგიური ქცევების სიხშირე დაბალია, წონის კონტროლის ძირითად და მეორად საშუალებებად ისინი მაინც იყენებენ ვარჯიშსა (37%) და შიმშილობა/დიეტას (14.2%), ხოლო, გამოკითხულთა 10 %-ზე ნაკლები იყენებს გულისრევასა და საფაღარათო/შარდმდენ საშუალებებს.
1997 წლის კვლევამ, რომელიც 1425 სამხედრო საზღვაო მოსამსახურესთან ჩატარდა, გამოავლინა, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 7%-ს ახასიათებს ბულემიის სიმპტომები, ხოლო, 2.5%-ს – ანორექსიის. 40%-ზე მეტს ესადაგებოდა „კვებითი ხასიათის დარღვევები“ და დაახლოებით 40%-ი ამბობდა, რომ მოცემულ პერიოდში ვერ აკონტროლებდა კვებას (binge eating). შესწავლილი ჯარისკაცებიდან ყოველი მეოთხე იტყობინებოდა ჭამის მაკომპენსირებელ ქცევებზე, როგორებიცაა: “შიმშილობა, გულისრევა, საფაღარათო საშუალებებისა და შარდმდენი ტაბლეტების მიღება”, რომელთა გამოყენება ორმაგდებოდა, როდესაც ფიზიკური სტანდარტების გაზომვის პერიოდი ახლოვდებოდა. ასევე, ავსტრალიაში, კოლეჯის სტუდენტ ბიჭებთან ჩატარებულმა თანამედროვე კვლევამ დაადასტურა, რომ ყოველი მეხუთე რესპონდენტი წონის გასაკონტროლებლად იყენებს “თავშეკავებულ ჭამას”, გულისრევას, საფაღარათო საშუალებების არასწორად (დიდი დოზით) გამოყენებას, ან სიგარეტის მოწევას, ხოლო, დაახლოებით გამოკითხული რესპონდენტებიდან ყოველმა მეხუთემ ისაუბრა უკონტროლო ჭამისა (binge eating) და წონის კონტროლის პრობლემების შესახებ.
მაშინ, როდესაც ქალები მიმართავენ სახიფათო ქურურგიულ პროცედურებს, როგორიც არის: “სილიკონით სავსე ჩანთების“ განთავსება მკერდში, ან იღებენ ბოტულიზმის ზომიერ დოზას ლოკალურად, რათა მოხდეს სახის კუნთების პარალიზება და ამის საშუალებით ნაოჭების „მოშორება“”, კაცები, უფრო და უფრო მეტად მიმართავენ დრამატულ ძალისხმევებს, რომ გახდნენ უფრო დიდები (მსხვილები). გავრცელდა ანაბოლიური (ცილის სინთეზის გამაძლიერებელი) სტეროიდების გამოყენება, განსაკუთრებით კოლეჯის ასაკის კაცებში. 1997 წლიდან, 1.5 მილიონით გაორმაგდა სტეროიდების შესაძენად საჭირო ლეგალური რეცეპტების გამოწერა და გარდა ამისა, უამრავი არალეგალური წყარო არსებობს, რომელიც მსურველებს დაურეგულირებელი (არამიზანშეწონილი) დოზებით ამარაგებენ. სტეროიდები კაცებს საშუალებას აძლევს სწრაფად და დრამატულად გაიდიდონ კუნთის მასა, ისე რომ დაუჯერებლად დიდად გამოიყურებოდნენ. სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ხასიათის მკვეთრ ცვლილებებს, არაკონტროლირებადი გაბრაზების მომატებასა და სათესლე ჯირკვლების მნიშნელოვან გამოშრობას.
კვებითი ხასიათის დარღვევები ქალებში და კუნთების დისმორფია კაცებში, წარმოადგენენ პარალელურ პროცესებსა და სხეულზე ღელვის კონტინიუმის ექსტრემალურ წერტილებს, რომლებიც თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება. მაგალითად, ძალიან ცოტა ქალი არსებობს, ვისაც საკვებთან პრობლემური ურთიერთობა არ აქვს და ფაქტობრივად ყველანი საკვებს განიხილავენ არა როგორც მხოლოდ გემოს მქონე მოცემულობად, ან დანაყრების საშუალებად, არამედ რაღაც სხვად და ჭამამდე გონებაში გაუთავებლად ითვლიან კალორიებს, ფიქრობენ ღირს თუ არა ჭამისადმი “შემწყნარებლობა” და ანგარიშობენ დამატებით რამდენი დროის გატარება მოუწევთ ვარჯიშში, რათა მოახდინონ მიღებული საკვების კომპენსირება და შეინარჩუნონ სიგამხდრე. თითქმის ყველა ახალგაზრდა კაცს კი პრობლემები აქვს ძალადობასთან. (როგორც შემდეგ თავში ვნახავთ, ძალადობა თითქმის გათანაბრებულია მასკულინობასთან და ძალიან ძნელია მათი ერთმანეთისგან გამოცალკევება.) და რა მნიშვნელობს ძალადობის დროს კაცისთვის? საჭიროა ფიზიკური სიძლიერე, თუ უბრალოდ ძლიერად უნდა გამოიყურებოდეს ის?! ეს შეკითხვა შესაძლოა გავიგონოთ ანორექსიკებისა და ობსესიური ბოდიბილდერებისგანაც. შიმშილით სიკვდილამდე მისული ახალგაზრდა ქალები კი გამუდმებით საუბრობენ იმაზე, თუ როგორი მსუქნები არიან და რამდენად უკეთ იგრძნობდნენ თავს წონაში დაკლება რომ შეეძლოთ, მაშინ როდესაც მათი “კოლეგა” კაცები, რომლებიც იმდენად დაკუნთულები არიან, რომ თასმების შესაკრავად დახრა არ შეუძლიათ, საუბრობენ, თუ როგორი „პატარები“ არიან და რამდენი დამატებითი საკვების ჭამა და ვარჯიში უწევთ, რათა უფრო დიდები და მსხვილები გახდნენ. თუ წარმატებული ქალურობის საზომი სიგამხდრეა, ხოლო მამაკაცურობის – სიძლიერე და ღონიერება, მაშინ ანორექსიკებსა და ობსესიურ „ბოდიბილდერებს“/”ვარჯიშით შეპყრობილებს” სულაც არ აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები და არც დევიანტებს არ წარმოადგენენ. ისინი უბრალოდ გადამეტებულად კონფორმულები არიან იმ გენდერული ნორმების მიმართ რომელთა ზეგავლენასაც ჩვენ ყველანი სხვადასხვა ხარისხით ცხოვრების განმავლობაში განვიცდით.
სადაც გვაქვს მზარდი ხიდჩატეხილობის პრობლემა მდიდრებსა და ღარიბებს შორის, (ისტორიაში ყველაზე დიდი უფსკრული ამერიკული საზოგადოების ნაღებ 20%-სა და ფსკერზე მოთავსებულ 20%-ს შორის) იქვე ვაწყდებით მზარდ ბიფურკაციას “განსხეულებულებსა” და “განუსხეულებულებს” შორის. ამერიკელები ორივენაირები არიან: მზარდად გამხდრები და მზარდად მსუქნები, ობსესიურად მოვარჯიშენი, თუ უმოძრაო, ფიზიკური აქტივობების გარეშე მცხოვრებნი (sedentary lifestyle), ტოფუსა და ორგანული უმი ბოსტნეულისა, თუ ბიგმაკებისა და სუპერზომის შემწვარი საკვების მჭამელნი. ეს მზარდი დანაწევრება ანარეკლია კლასობრივი განსხვავებებისა და რასობრივი კულტურების, მაგრამ აგრეთვე ღრმად გენდერირებულ პროცესს წარმოადგენს.
თარგმნილია მაიკლ კიმელის წიგნიდან: “გენდერი და საზოგადოება”,
თარგამანი : გიორგი ურჩუხიშვილი