დისკრიმინაცია

გენდერული დისკრიმინაცია საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული სხვა პრობლემების პარალელურად, ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ქალების პრობლემებს, მიმოხილულია ის გარემოებები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ქალების წინაშე სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი დისკრიმინაციის სახით ეღობებათ და სოციალიზაციაში უშლის ხელს.

გთავაზობთ ანგარიშის იმ ნაწილის ქართულ თარგმანს მცირედი შემოკლებით, სადაც საქართველოში ქალთა უფლებების მხრივ არსებულ პრობლემებზეა საუბარი.

დისკრიმინაცია, სოციალური ძალადობა და ტრეფიკინგი

ქალები

გაუპატიურება და ოჯახური ძალადობა: გაუპატიურება დანაშაულია, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსი არ აკონკრეტებს გაუპატიურებას, როგორც ცოლ-ქმარს შორის მომხდარ ქმედებას. პირს, რომელმაც დანაშაული პირველად ჩაიდინა, შეიძლება თავისუფლება 7 წლამდე ვადით შეეზღუდოს. დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე ვადით. იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი არის ორსულად ან/და დაორსულდა, HIV/AIDS ვირუსი შეეყარა, ან მოძალადე განსაკუთრებული სისასტიკით მოიქცა, მისი სასჯელი შეიძლება გაიზარდოს 15 წლამდე. თუ ამ ჩამოთვლილთაგან რომელიმე შემთხვევაში, მსხვერპლი არის არასრულწლოვანი, სასჯელი შეიძლება გაიზარდოს 20 წლამდე ვადით.

მიმდინარე წელს, შესაბამისმა ორგანოებმა გაუპატიურების 54-მდე შემთხვევის გამოძიება დაიწყო. იგივე რიცხვი იყო 2015 წელსაც.

ქალზე ოჯახში ძალადობა და ასევე სხვა სახის ძალადობა ქალის მიმართ, ქვეყანაში კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ოჯახში ძალადობის შედეგად 16 ქალია გარდაცვლილი.

ოჯახში ძალადობა, რომელსაც ჯანმრთელობის დაზიანება არ მოჰყოლია, ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ორსული ქალის, არასრულწლოვანის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრების მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის, ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით, ერთიდან სამ წლამდე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს, ოჯახში ძალადობის 1, 727 საქმე გაიხსნა. გახსნილი საქმეების რაოდენობა 2015 წელს იყო 1,151, ხოლო 2014 წელს – 636. მიუხედავად საზოგადოებაში გაზრდილი ცნობიერებისა, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ხშირად  შეტყობინება არ ხორციელდება. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიუხედავად ცნობიერების გაზრდაზე მიმართული კამპანიებისა, საკანონდებლო და ინსტიტუციური დაცვის და ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაციისა, უამრავ ადამიანს არ სურს მესამე პირის ჩარევა მის ოჯახურ ურთიერთობებში და უპირატესობას პრობლემების ვიწრო, ოჯახურ წრეში მოგვარებას ანიჭებს. სახალხო დამცველი ოჯახში ძალადობის ფაქტების შეუტყობინებლობის მაღალ მაჩვენებელს მსხვერპლის მხრიდან პოლიციის მიმართ უნდობლობის ფაქტორსაც უკავშირებს.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის ”ოჯახში ძალადობა” მიხედვით, სოციალური მუშაკის როლი გადამწყვეტია, თუმცა არ არსებობს საკმარისი რესურსი. ივნისში, გაეროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სოციალურ მუშაკებს არ აქვთ საკმარისი რესურსი, რათა მხარში დაუდგნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს. ასევე ხაზი გაესვა ექიმების, მასწავლებლების და სოციალური მუშაკების ადეკვატური დატრეინინგების აუცილებლობას. ამით გაიზრდება შესაძლებლობა, თავიდან იქნეს აცილებული ოჯახში ძალადობა.

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მთავრობამ ერთობლივად აამუშავა 24-საათიანი ცხელი ხაზი და თავშესაფარი მსხვერპლი ქალებისთვის, მათი არასრულწლოვანი შვილებისთვის. მაგრამ, თავშესაფარში ადგილების რაოდენობა შეზღუდული იყო და მხოლოდ ქვეყნის 10  რეგიონს ჰქონდა თავშესაფრის საშუალება. ცხელი ხაზი აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ოპერატორები არ საუბრობენ საქართველოში მცხოვრები უმცირესობების ენაზე. თავშესაფრები შეიცავდა კრიზისულ ცენტრებს, რომლებიც მსხვერპლს სთავაზობდა ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და სამართლებრივ დახმარებას.

2015 წელს, სახალხო დამცველის ოფისმა მიიჩნია, რომ თავშესაფრებს არ აქვს შესაძლებლობა, საკმარისი კომპენსაცია მისცეს იმ მსხვერპლ ადამიანებს, ვისაც  სოციალური დახმარება შეუწყდა.

“ქალის გენიტალიების დასახიჩრება” არ არის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა და კანონით იკრძალება. ნოემბერში, სახალხო დამცველის ოფისმა განცხადება გააკეთა, რომელიც ადასტურებდა ქალის გენიტალიების დასახიჩრების ფაქტებს ქვეყნის სამ სოფელში. განცხადების თანახმად, პროცედურა უტარდებოდათ 18 წლამდე გოგონებს სახლის პირობებში და ადგილობრივ მოსახლეობას არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია რისკებისა და ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, თუმცა დანაშაულის მტკიცებულებები ვერ მოიპოვა. პრობლემაზე სამუშაოდ, სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა.

ზიანის მომტანი სხვა ტრადიციული პრაქტიკა

ქალის მოტაცება ქორწინების მიზნით იშვიათია, თუმცა მაინც ხდება ეთნიკურ უმცირესობებში. პოლიცია იშვიათად რეაგირებდა ასეთ საქმეებზე, რადგან ხშირად რთული იყო იმის გარკვევა, ეს მოტაცება იყო, თუ უბრალოდ შეყვარებული წყვილის გაქცევა, მშობლების ნებართვის გარეშე.

სექსუალური შევიწროება

სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება პრობლემაა. კანონი განსაზღვრავს  ზოგადად შევიწროებას, მაგრამ ასეთი ქმედებისთვის არანაირ სამართლებრივ სანქციებს არ აწესებს.

რეპროდუქციული უფლება

წყვილებს და ინდივიდებს უფლება აქვთ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ შვილების რაოდენობა, დაბადების ადგილი და მათ შორის ინტერვალი. ადამიანებს უფლება აქვთ, მართონ საკუთარი რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე ყოველგვარი შეზღუდვების, დისკრიმინაციისა და ძალდატანების გარეშე.

დისკრიმინაცია

კანონი ქალსა და კაცს თანაბარ სამართლებრივ სტატუსსა და უფლებების ანიჭებს. მაგრამ ამას ხშირად უგულებელყოფდნენ. ქალების დისკრიმინაცია ხშირად ხორციელდებოდა სამუშაო ადგილზე.  კანონი ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნას, ქალების უკეთ დაცვას და მათი  პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერებას. სახალხო დამცველის ოფისი მონიტორინგს ახორციელებს გენდერული თანასწორობის საქმეებზე.

სახალხო დამცველის ოფისმა ათამდე დისკრიმინაციის მსხვერპლი ქალის საჩივარი მიიღო. ეს ეხებოდა როგორც სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციიას, ასევე, სამუშაოზე აყვანის პროცესში დისკრიმინაციას. სახალხო დამცველის ოფისმა  სამი რეკომენდაცია გამოსცა, აქედან ორი ფეხმძიმობის, ხოლო ერთი სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ.

გენდერული სელექცია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლოესი მონაცემებით, 100 ახალშობილ გოგონაზე 109 ბიჭი იბადება. თუმცა, არც მოსახლეობა და არც სამედიცინო საზოგადოება გენდერულ სელექცია პრობლემად არ მიიჩნევს. დარღვეულ ბალანსთან დაკავშირებით, არანაირი ღონისძიებისთვის არ მიუმართავს არც მთავრობას”.

ანგარიშის სრული ტექსტის გაცნობა, ინგლისურ ენაზე, შეგიძლიათ აქ.