გერმანული ლეიბლის Giegling ერთ-ერთმა დამაარსებელმა, დიჯეიმ და პროდიუსერმა კონსტანტინმა (Konstantin), ჟურნალ Groove-თან ინტერვიუში, რომლის ახალი ნომერი სულ ახლახან გამოვიდა, ქალი დიჯეების შესახებ ისაუბრა.
არტისტის აზრით, ქალები მუსიკალურ ინდუსტრიაში „დაუმსახურებლად მიიწევენ წინ“, თუმცა, ჩვეულებრივ, ისინი „გაცილებით უარესი დიჯეები არიან, ვიდრე კაცები“. კონსტანტინის აზრით, ქალი დიჯეებისთვის იმდენი ყურადღების დათმობა ნამდვილად არ ღირს, რამდენიც ახლა აქვთ, და თუ ქალებს ინდუსტრიაში მოხვედრა სურთ, თავიანთი ზნე უნდა შეიცვალონ. „იმ ქალებმა, რომლებსაც კაცების სამფლობელოში კარიერის გაკეთება სურთ, თავიანთი „ქალური თვისებები“ უნდა დაივიწყონ და „კაცურები“ უნდა გახდნენ“, – დასძინა მან.
ქალთა უფლებების ცნობილი აქტივისტი, დიჯეი და პროდიუსერი The Black Madonna დიჯეი კონსტანტინთან საუბარს ასე იგონებს: „წინა კვირას, კონსტიმ ასეთი რამ მითხრა: ფემინისტი ხარ? სჯობს, ჩემგან თავი შორს დაიჭირო, რადგან მე შოვინისტი ვარო. მართალი გითხრათ, მეგონა, რომ ხუმრობდა, რადგან ეს ჩემთვის ძალიან დაუჯერებელი იყო. მე მას ჩავეხუტე და სიტუაცია განიმუხტა“.
დიჯეი კონსტანტინის ნათქვამს დიდი რეზონანსი მოჰყვა მუსიკოსებისა და დიჯეების მხრიდან, ლეიბლ R&S-ის ავტორის რენაატ ვანდეპაპელირეს (Renaat Vandepapeliere) თავშეკავებული ტვიტებით დაწყებული, Discwoman-ისა და რამდენიმე მემის განრისხებული განცხადებებით დასრულებული.
ასეთმა რეზონანსმა კონსტანტინი აიძულა, ამ თემაზე განმარტება გაეკეთებინა. „ძალიან ვწუხვარ, რო ჩემი ეს სიტყვები გამოქვეყნდა. ეს არ არის ჩემი პირდაპირი ციტატა და ჩემი აზრით, ადამიანები შეცდომაში შევიდნენ. ზოგადად, დიჯეობა ჩემმა მეგობარმა სარამ მასწავლა და რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ ქალები კაცებზე უარესი დიჯეები არიან. ძალიან ვწუხვარ, რომ ჟურნალისტმა კერძო საუბარში ნათქვამი გამომიქვეყნა. მან ვერ შეაფასა იუმორის ჩემეული ცუდი გრძნობა და საწინააღმდეგო პოზიციის დაკავების ჩვევა, ადამიანების გამოსაწვევად. ის, რაც დაიწერა, არ არის ჩემი თვალსაზრისი, ისევე, როგორც ლეიბლის სხვა ადამიანების. ჩვენ გვსურს, რომ ქალები ჩვენს სამუშაოში მუდმივად მონაწილეობდნენ“.
თუმცა, კონსტანტინს თავის მართლებამ არ უშველა და ჟურნალ Groove-სთვის მიცემული ინტერვიუს გამო, ლეიბლი Giegling ლონდონის ფესტივალ Sunfall-იდან მოხსნეს.
ფესტივალის ოფიციალურ აფთერფართიზე, 12 აგვისტოს Giegling-ის დიჯეებს – კონსტანტინსა და ლიფარ ლეგოვს (Leafar Legov) უნდა დაეკრათ.
Sunfall-ის ფესტივალის ორგანიზატორმა The Columbo Group-მა განაცხადა: „იმ ქალების არაჩვეულებრივი ტალანტის პატივისცემით, რომლებიც წელს Sunfall-ზე გამოდიან, Giegling-ის გამოსვლა პროგრამიდან ამოვიღეთ. ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ კონსტანტინის კომენტარებით და მას სრულიად არ ვეთანხმებით“.