პირველი ივლისიდან, გერმანიაში ძალაში შევიდა კანონი სექს მუშაკთა დაცვის შესახებ, სადაც გაწერილია სექს ინდუსტრიაში ჩართული ადამიანების, მათი კლიენტებისა და ბორდელების მფლობელთა უფლება-მოვალეობანი.
კერძოდ, სექს მუშაკები ვალდებულნი არიან, ერთ ან ორ წელიწადში სამუშაოზე ნებართვა აიღონ, რეგისტრაცია გაიარონ იმ ქალაქში, სადაც მუშაობენ, რეგულარულად გაიარონ სამედიცინო შემოწმება.
„ჩვენს ქვეყანაში სასადილოს გახსნა გაცილებით რთულია, ვიდრე ბორდელის“, – განაცხადა შარშან ბუნდესტაგში დასახელებული კანონპროექტის ავტორმა მანუელა შვეზინგმა (Manuela Schwesig). მართლაც, სექს მუშაკები ხშირად ექცევიან დამამცირებელ სამუშაო პირობებში.
ბორდელების მფლობელნი ვალდებულნი არიან, მჭიდრო კონტაქტი იქონიონ ჯანდაცვის დეპარტამენტებთან და სექს მომსახურებისთვის განკუთვნილი შენობები მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანონ. კერძოდ, შენობებში განთავსებულ ყველა ოთახი „განგაშის სიგნალის“ ღილაკით უნდა იყოს აღჭურვილი.
კანონში გაწერილია ბორდელების კლიენტების მიმართ წაყენებული ძირითადი მოთხოვნების მიმართ პასუხისმგებლობაც. მაგალითად, პრეზერვატივის გამოუყენებლად სექსის მოთხოვნის გამო, 50 000 ევრომდე ჯარიმაა.
აგრეთვე, ძალაში შესული კანონის თანახმად, აკრძალულია ბორდელების მუშაობა ე. წ. „ულიმიტო ტარიფებით“, ან ორსულებთან სექსის რეკლამა.
სექს ინდუსტრიაში ჩაბმული ადამიანების ნაწილმა დასახელებული კანონი არაერთხელ გააკრიტიკა ზედმეტი ბიუროკრატიულობისა და გაძლიერებული კონტროლის გამო, მათ შორის პოლიციის მხრიდან. ისინი კანონის გასაჩივრებას აპირებენ.
სხვადასხვა შეფასებების თანახმად, გერმანიაში წლიურად მილიარდიანი ბრუნვის სექს ინდუსტრიაში დაახლოებით 200 000-დან 500 000-მდე ადამიანია ჩაბმული, რომელთაგანაც უმრავლესობა აღმოსავლეთ ევროპიდან ჩავიდა. პროსტიტუცია გერმანიაში 2002 წლიდანაა ლეგალიზებული.