საჭესთან სახის დამფარავი თავსაბურავის აკრძალვის გამო, გერმანიაში მცხოვრებ მუსლიმმა ქალმა ავტოსკოლა ვერ დაამთავრა. მან სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ აკრძალვა მისი რწმენის გამოხატვის თავისუფლებას არღვევდა.
გერმანიაში საჭესთან მჯდომ ადამიანს სახის დამფარავი თავსაბურავის ტარება ეკრძალება. გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კონკრეტული აკრძალვა მოსარჩელეს რწმენის გამოხატვის თავისუფლებას არ არღვევს.
მოსარჩელის განცხადებით, იგი ზედიზედ 7 წლის მანძილზე ატარებს ნიქაბს და ამის გამო, ავტოსკოლის დამთავრების ნებართვა არ აქვს. ქალი აცხადებდა, რომ სოფლად მცხოვრები მარტოხელა დედა იყო და მართვის მოწმობა აუცილებლად სჭირდებოდა, საჭესთან ნიქაბის მოხსნა კი არ შეეძლო.
თუმცა, სასამართლომ მოსარჩელის არგუმენტაცია არასაკმარისად მიიჩნია და განმარტა, რომ სახის დამფარავი თავსაბურავის აკრძალვა საჭესთან ჯდომისას, მძღოლის იდენტიფიკაციისთვის არის საჭირო, საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში. გარდა ამისა, მსგავსი თავსაბურავები მძღოლს მოძრაობის სხვა მონაწილეების ხილვადობაში უშლის ხელს.
წყარო: dw.com