სექსუალობა / სტატიები

გზამკვლევი: როგორ ჩამოვაცილოთ ქალებს კომიქსებში ობიექტივიზაციის ნიშნები?

ავტორი: რენე დე ლიზი (Renae De Liz)

როგორც მხატვარს, იმაზე მსჯელობა შემიძლია, თუ როგორ შევძინო გამომსახველობა კომიქსების ქალ პერსონაჟებს და ჩამოვაცილო ობიექტივიზაციის ნიშნები.

გსურთ, საკუთარი თავი გამოიწვიოთ იმაში, რომ კომიქსის პერსონაჟი ქალის შექმნისას, ნაკლებად კონცენტრირდეთ მისი სხეულის ობიექტივიზაციაზე და მეტი ყურადღება დაუთმოთ მისი ხასიათის ძერწვას? თქვენ ამით ბევრ რამეს შეცვლით.

სექსუალურ ქალს ბევრი ხელოვანი ავტომატურად ხატავს, გაუაზრებლად. მეც ასე ვიყავი წლების მანძილზე, ვიდრე ეს არ გავაცნობიერე.

თუ ქალის გამოსახვას სექსუალური იმიჯით გადაწყვეტთ, ყველაფერი რიგზეა. არაა საჭირო ალტერნატივებსა და არსებულ შაბლონებზე ტვინის ჭყლეტა.

მე ვაპირებ, დავეხმარო მას, ვისაც თავის სამუშაოში ცვლილებების შეტანა სურს (რაც, შესაძლოა, რთულიც იყოს), და საერთოდ არ შევარცხვინო ის, ვინც სხვაგვარად ფიქრობს.

მაგალითისთვის, ავარჩიე ე. წ. Power Girl, დეკოლტეთი, რადგან ეს იმიჯი ხშირად ექვემდებარება ობიექტივიზაციას. მინდა, გაჩვენოთ, რომ მისი ხატვაც კი შეიძლება სხვაგვარად, თუ მხატვარი გარკვეულ პირობებს გაითვალისწინებს.

  1. მარცხენა მხარეს, წარმოდგენილია ქალის იმიჯი, რომელიც კომიქსებში გავრცელებული გამოსახულების კრებითი სახეა. ქალს თვალები მიბნედილი აქვს, ტუჩები – გამობურცული. ეს შტრიხები გამოსახულებას სექსუალობის ელფერს სძენს და ინდივიდუალობას უკარგავს.

მარჯვენა მხარეს წარმოდგენილ გამოსახულებაში ინდივიდუუმს, პიროვნებას ვხედავთ. იფიქრეთ სახის ნაკვთების განმასხვავებელ ნიშნებზე, მისი აზრები მზერაში ასახეთ. რაზე ფიქრობს იგი?

  1. მარცხნივ ვხედავთ მკერდის გამოსახვის ტრადიციულ ხერხს (ძუძუები ერთმანეთისგან სრულიად დაცალკევებულია, მომრგვალებულია, ღიობიდან გამოჩენილია. ამგვარი გამოსახვის მიზანი ისაა, რომ ქალის სექსუალურ მიმზიდველობას გაუსვას ხაზი. თუმცა, კომიქსის გმირისთვის, ეს სრულიად არარეალურია.

მარჯვენა გამოსახულება გვიჩვენებს, თუ როგორი რეალისტური ხერხებითაა გამოსახული ჩვენი გმირი. სპორტსმენ ქალებს მკერდის მკვრივი ფიქსატორი სჭირდებათ, მაგალითად, სპორტული ბიუსტჰალტერი. იგი სრულიად სხვაგვარად გამოიყურება. გარდა ამისა, ყველას როდი აქვს შთამბეჭდავი ზომისა და ფორმის მკერდი.

  1. მარცხენა გამოსახულებას ხელები სუპერმოდელს მიუგავს, ნაზი, გრაციოზულია, მასში ძალა არ იგრძნობა. სინამდვილეში, როგორი ხელები უნდა ჰქონდეს თქვენს ძლიერ გმირს? რაღა თქმა უნდა, დაკუნთული! პერსონაჟის ხელებში ძალა უნდა იგრძნობოდეს.
  2. როგორც წესი, კომიქსებში გამოსახულ ქალებს სპირალური დგომა აქვთ – ქალის სხეულის ღერძი დახვეულია, რათა კარგად გამოჩნდეს მისი ორივე ძუძუ და ორივე ლოყა (მარცხენა გამოსახულება).
    მარჯვენა გამოსახულებაზე, სხეულის დგომი გამოსახვის მძლავრი ინსტრუმენტია. იგი გვიჩვენებს, თუ როგორ არის შესაძლებელი სპირალური დგომის გამოსახვა ძუძუების „მომგებიანი“ რაკურსის წარმოჩენის გარეშე. მარცხენა გამოსახულება ვიღაცის წინაშე კეკლუცობს, პოზირებს, მაშინ, როდესაც მარჯვენას დგომი ჰეროიკულია. შესძინეთ ამ პოზას ფუნქციური დატვირთვა, ნაცვლად სექსუალურად მიმზიდველობისა.
  3. ქუსლები! როგორც წესი, თანამედროვე გაგებით, ქუსლზე შემდგარი ქალის გამოსახულებას ვიზუალური მიმზიდველობის გაზრდის მიზნით იყენებენ. მე მომწონს ქუსლიანი ფეხსაცმელი, მაგრამ, გმირი რომ ვიყო, ჩემთვის იგი სულაც არ იქნებოდა შესაფერისი. ყველაზე მთავარი ისაა, თუ რა ფეხსაცმელს აარჩევდა ჩვენი პერსონაჟი? წვრილ ქუსლებზე იგი თავს არაკომფორტულად იგრძნობდა. ამიტომ, შეგვიძლია, იგი დაბალქუსლიანი ან სულაც უქუსლო ფეხსაცმლით გამოვსახოთ.

კიდევ ერთი შენიშვნა მკერდთან დაკავშირებით: თუ თქვენს გმირს ელვა-შესაკრავიანი ზედა სამოსი აცვია, ნუ გაუხსნით მას, თორემ მოძრაობისას, ძუძუ ამოუვარდება, ეს კი დიდი სისულელე იქნება. თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ, უნდა დაფიქრდეთ: გაუკეთებდით კი ამ დეტალს კაც პერსონაჟს? ხომ არ გამოუჩენდით ბეტმენს დუნდულებს ან სპირალურ დგომში ხომ არ დააყენებდით, რათა მისი ორივე მკერდის კუნთები გამოჩენილიყო?

წყარო: heroicgirls.com