„ამ სცენაზე კაბაში ასვლა ჩემთვის გაცილებით რთულია, ვიდრე მძლეოსნური ათჭიდის დაბრკოლებების გადალახვა“, – ასე დაიწყო თავისი სიტყვა 2015-ში ამერიკული Glamour-ის „წლის ქალის“ პრემიის ლაურეატმა კეიტლინ ჯენერმა (Caitlyn Jenner) პრემიის გადაცემის ცერემონიაზე. სქესის კორექციამდე, ბრიუს ჯენერმა (Bruce Jenner) ათჭიდში ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადაზე ჩემპიონობაც მოიპოვა.
„სიმონ დე ბოვუარს შესანიშნავი ფრაზა ეკუთვნის: „ქალებად არ იბადებიან, ქალებად ხდებიან“, და ეს სიტყვები ჩემს დევიზად იქცა. მრავალი წლის მანძილზე ვიცხოვრე იზოლაციაში, ვატყუებდი საკუთარ თავს და მთელს მსოფლიოს. როდესაც ბავშვები წამოიზარდნენ, საკუთარ სახლში სულ მთლად მარტო აღმოვჩნდი და მაშინ დავფიქრდი, რა უნდა მეშველა ჩემი ცხოვრებისთვის?“, – ამბობს ჯენერი.
66 წლის კეიტლინს 10 შვილი ჰყავს: ექვსი ღვიძლი და ოთხი – ნაშვილები (მათ შორის – დები კარდაშიანები). ოჯახთან ერთად, 2007 წელს, კეიტლინმა რეალითი შოუ Keeping Up With the Kardashians-ში მიიღო მონაწილეობა.
ტრანსგენდერ ქალად ქამინგ აუთის გაკეთების წინ, ჯენერი თავის ოჯახს დაელაპარაკა: „ეს ჩვენი დიდი საიდუმლო იყო. ტაბლოიდები თავს გვესხმოდნენ, ჩემს შესახებ ყოველდღიურად მყვირალა სათაურები იწერებოდა. ეს მტკივნეული იყო როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი შვილებისთვის. ამიტომაც, მე ისინი შევკრიბე და განვუცხადე: „აი ჩემი ისტორია, აი, ვინ ვარ მე სინამდვილეში. ახლა რა უნდა ვქნა?“.
2015 წლის აპრილში, ჯენერმა ქამინგ აუთი გააკეთა, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა. მან პირველად ისაუბრა მის შესახებ, თუ როგორ იტანჯებოდა მრავალი წლის მანძილზე გენდერული დისფორიით (საკუთარი ბიოლოგიური სექსის მიუღებლობა), როგორ იცვამდა ყველასგან მალულად ქალის სამოსს, როგორ გადაწყვიტა ჰორმონული ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარება.
„მაშინ მე ვიფიქრე: ჩემი ისტორიის სხვებისთვის გაზიარება, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა იქნებ მართლა ჩემი ცხოვრების აზრია? იქნებ, ამით სამყაროში რაღაცის შეცვლა შემიძლია? ასეთი შანსი ყველას როდი ეძლევა…“, – გვიამბობს კეიტლინი.
2015 წლის ივნისში, ახალი გარეგნობით მოვლენილი კეიტლინი ამერიკული ჟურნალის Vanity Fair-ის გარეკანზე აღმოჩნდა. მან რვასაათიანი სერიალი, „მე კეიტი ვარ“, წარმოგვიდგინა. ამჟამად, იგი აქტიურად საქმიანობს ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვის სფეროში და ფსიქოლოგიურ სამუშაოს ატარებს იმ ადამიანებთან, რომლებმაც სქესის კორექციის პროცესი გაიარეს. ამის გამო მიიღო მან ჟურნალი Glamour-ის ჯილდოც.
„ადამიანებმა უამრავი შეკითხვა დამაყარეს: „რა სტილი აარჩიეთ?“, „რის ჩაცმას აპირებთ?“, „ფემინისტი ხართ?“. მე ვუსმენ და ვფიქრობ: „ო, ღმერთო, კიდევ რამდენი რამ უნდა გავიგო!“.
კეიტლინმა აღნიშნა, რომ მისი ტრანსფორმაცია საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც კი ცხოვრებაში გაუკეთებია. ახლა, მას საკუთარ თავთან სრული ჰარმონია აქვს და მისი არ რცხვენია: „წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე, თვითმფრინავში არ ჩავმჯდარვარ, რადგან ახალი პასპორტის გაკეთება მომიწევდა. წინა კვირას, მე იგი ავიღე. სქესის გრაფაში ქალია აღნიშნული. თითქოს წვრილმანია, მაგრამ ეს ჩემთვის ძალზე ბევრ რამეს ნიშნავს. თვითმფრინავში ჩავჯექი და ჟურნალი „გლამური“ ცხოვრებაში პირველად მშვიდად გადავშალე, იგი სხვა ყდის უკან აღარ დამიმალავს. ეს მართლაც დიდი რამეა: უბრალოდ, საშუალება გქონდეს, ღიად იკითხო ქალის ჟურნალი. დიდი მადლობა ჟურნალ Glamour-ს ამ ჯილდოსთვის. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ სცენაზე ვიდგებოდი. დარწმუნებული ვარ, ვერც თქვენ. მაგრამ მე აქ ვარ, თქვენ წინაშე“, – განაცხადა კეიტლინმა.
სულ ახლახან, ცნობილი გახდა, რომ კეიტლინ ჯენერი სერიალ „ბევერლი-ჰილზის ნამდვილი დიასახლისების“ (The Real Housewives of Beverly Hills) მეშვიდე სეზონის სამსახიობო შემადგენლობას შეუერთდება.
მედიაში კეიტლინის ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი ცხოვრების საიდუმლოებანი“ (Secrets Of My Life) დაანონსდა.
მარტის დასაწყისში, კეიტლინ ჯენერმა გასაყიდად თავისი Porsche გაიყვანა, რათა მიღებული თანხით ტრანსგენდერთა დახმარების ფონდი დაეარსებინა.